Exclusive: ვინ იყო ჰოლივუდში მიწვეული პირველი ქართველი ქალი, რომლის ფოტოს უცხოელი არტისტი სიკვდილამდე მედალიონით ატარებდა

13:46 08-30-2019
1395

თეატრისა და კინოს მსახიობი – ალექსანდრა (შურა) თოიძე ცნობილი მხატვრების – მოსე თოიძის ქალიშვილი და ირაკლი თოიძის და გახლდათ. მან არაერთი საინტერესო და დასამახსოვრებელი სახე შექმნა ქართულ თეატრსა და კინოში და მას ეკრანის მშვენებას ეძახდნენ. სვანურ ლეგენდაზე შექმნილი ფილმი – დინა ძაძუ, სადაც ის მთავარ როლში იყო, ჰოლივუდმაც კი იხილა და შურა თოიძე ჰოლივუდში, ერთ-ერთ ფილმში მთავარ როლზე სათამაშოდ მიიწვიეს, მაგრამ მას, ფეხმძიმობის გამო, უარის თქმა მოუწია.

თავისი დროის ცნობილი მსახიობი, დღეს ზოგს ნატო ვაჩნაძეში ერევა და ინტერნეტსაიტებზე არაერთგან შეხვდებით ფოტოპორტრეტს, რომელიც თავდაპირველად შეცდომით გავრცელდა, როგორც ნატო ვაჩნაძის, სინამდვილეში კი მასზე სწორედ ალექსანდრა თოიძეა, კადრი კი არის ფილმიდან – „დინა ძაძუ“.

შურა თოიძის შვილიშვილი, ცნობილი ფსიქოლოგი – დავით ამირეჯიბი და მისი მეუღლე – ქეთევან ბენდელიანი, რომელიც წლების განმავლობაში მოსე თოიძის სახლ–მუზეუმის მენეჯერი იყო, ალექსანდრა თოიძის შესახებ საინტერესო ამბებს იხსენებენ.

დავით ამირეჯიბი:

- როდესაც ამ ფოტოზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ ის, რომ ეს არის ფოტო–პორტრეტი ფილმიდან „დინა ძაძუ“, რომელიც 1926 წელს იური ჟელიაბუჟსკიმ გადაიღო და მასში ქართველი მსახიობების ბრწყინვალე პლეადა მონაწილეობს. ამ ფილმის გადაღების ისტორია ბებიას თავის მოგონებებში აქვს მოთხრობილი. წლების განმავლობაში, მთელ რიგ საიტებზე ალექსანდრა თოიძის ფოტო ნატო ვაჩნაძის სახელით მხვდებოდა. სადაც შესაძლებლობა იყო, კომენტარს იქვე ვაკეთებდი და ინფორმაციებს რუსული საიტებიდანაც ვაზიარებდი, სადაც სრულიად ნათელი იყო, რომ ეს ალექსანდრა თოიძის ფოტოა. გადის დრო და ეს ფოტო იმ რუსული საიტებიდანაც ქრება. ვფიქრობ, ეს შემთხვევითი აღარ არის.

ქართულ საიტებზე ეს უკვე ტენდენციასავითაა და ამ ფოტოს ასე არევა შეურაცხყოფაა როგორც ნატო ვაჩნაძის, ისე ალექსანდრა თოიძის, ესე იგი, მათ არცერთი არ იციან. როგორ შეიძლება ასეთი სახეები აგერიოს? ნატოც ძალიან ლამაზი ქალი იყო და ალექსანდრაც, ისინი ერთმანეთს იცნობდნენ და მეგობრობდნენ კიდეც. ნატო ალექსანდრაზე სამი წლით უფროსი იყო, ბებია 1907 წელს იყო დაბადებული.

ნატო ვაჩნაძე, ძირითადად, კინომსახიობი იყო, ბებია კი უფრო თეატრალური მსახიობია, მაგრამ ამავე დროს, 13–14 ფილმში მონაწილეობდა, მათ შორის, მთავარ როლებში. აღსანიშნავია მთავარი როლი მიხეილ ჭიაურელის ფილმში – „უკანასკნელ წუთს“, ირინა – „ქალაქში შესვლა აკრძალულია“, ჟუჟუნა – „ჟუჟუნას მზითევი“, ნინო ჭავჭავაძე – „მოგზაურობა არზრუმში“, მარო – „გაყრა“, ნატო – „ჭრიჭინა“, დედა – „დღე პირველი, დღე უკანასკნელი“ და სხვები. ასევე, ფილმში „ქეთო და კოტე“ ილიკო სუხიშვილთან ერთად უზადოთ შესრულებული ცეკვა „ქართული“.

თეატრალური როლებიდან აღსანიშნავია: კნეინა ჩიტუნია – შ.დადიანის „გუშინდელნი“, გაიანე – ა.სუმბათაშვილის „ღალატი“, ირინე გოდუნოვა – ვ.სოლოვიოვის „დიდი ხელმწიფე“, ოტრადინა – ა.ოსტროვსკის „უდანაშაულო დამნაშავე“, ეკატერინე ჭავჭავაძე – მ.მრევლიშვილის „ბარათაშვილი“, გრიგოლ რობაქიძის ,,ლამარა“, დეზდემონა – უ.შექსპირის „ოტელო“ და სხვები. იგი პარტნიორობას უწევდა სცენის ისეთ დიდოსტატებს, როგორებიც იყვნენ აკაკი ხორავა და აკაკი ვასაძე.

სახლში ბებიას ნატო ვაჩნაძის რამდენიმე უნიკალური ფოტო ჰქონდა, რომლებიც შენგელაიებსაც კი არ აქვთ. ნატოს მიმართ ის ძალიან კეთილგანწყობილი იყო, აღფრთოვანებული იყო მისი სილამაზითა და ოსტატობით. ნატოსაც, ანალოგიურად, ასეთივე დამოკიდებულება ჰქონდა ბებიას მიმართ. მათ საერთო წრე, ბევრი საერთო მეგობარი ჰყავდათ. ნატო ვაჩნაძის შავ–თეთრი ფოტო, ვარდი რომ უჭირავს ხელში, ჩვენი სახლიდან გავრცელდა ინტერნეტში, ჩვენთან კედელზე ეკიდა.

ქეთევან ბენდელიანი:

- შურა (ასე ვეძახდით) ძალიან განათლებული ქალი იყო, შესანიშნავი, ლიტერატურული რუსული იცოდა. მას გერმანელი გუვერნანტი ჰყავდა – იოჰანა, რომელიც მოსემ 40–იან წლებში დახატა, რაც იმ დროს, გმირობის ტოლფასი იყო. იოჰანა ირაკლისა და შურას გერმანულს ასწავლიდა და ისინი გერმანულადაც თავისუფლად საუბრობდნენ.

ირაკლი თოიძემ შურა 1925 წელს დახატა. პირველი გამოფენა ვერიკო ანჯაფარიძისა და მიხეილ ჭიაურელის სახლში მოეწყო და აქედან დაიწყო შურა თოიძის პოპულარობა. ჟელიაბუჟსკიმ რომ ეს ნახატი დაინახა, – აი, ეს არის ჩემი დინა ძაძუო, თქვა, იმდენად მოეწონა და ასე შესთავაზა ეს როლი. გამოფენაზე იგი ნიკოლოზ შენგელაიამ მიიყვანა, მეგობრობდნენ და შესაძლოა, ამიტომაც ეგონა ზოგს ნატო ვაჩნაძე იმ ფოტოზე.

„დინა ძაძუს“ კომპოზიტორი ზაქარია ფალიაშვილი იყო. გადაღება სვანეთში მიმდინარეობდა. მთლიანად ქართული ამბავია მოთხრობილი. ამ ფილმმა ევროპა მოიარა, ამერიკა, ჰოლივუდი, გერმანია. შურა თოიძე პირველი ქართველი მსახიობი იყო, რომელიც ჰოლივუდში მიიწვიეს, მაგრამ ვერ წავიდა, რადგან ამ დროს ფეხმძიმედ იყო. მისი ერთადერთი ქალიშვილი და დათას დედა – მაია მაჭავარიანი ცნობილი მეცნიერი, ლინგვისტი გახლავთ, მასზე ცალკე შემიძლია დაუსრულებლად გესაუბროთ. მაია ლოს–ანჯელესის უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა.

შურას სილამაზით ყველა აღფრთოვანებული იყო და ძალიან აფასებდნენ როგორც პიროვნებას, განათლებულ, საინტერესო, კეთილშობილ ქალს. „სვეტსკაიას“ ეძახდნენ, თვითონ ძალიან თავმდაბალი იყო. ყველას ეხმარებოდა. ეს ოჯახიდან მოსდგამდა. მოსე საოცრად ქველმოქმედი იყო, შურას დედაც – მაკა თურქესტანიშვილი ცნობილი ქალბატონი იყო. საერთოდ, თურქესტანიშვილები დიდი თავადები იყვნენ, ალექსანდრა თოიძის დიდი ბაბუა ვახტანგ მეექვსის მრჩეველი იყო.

დავითი:

- ბებიას ხშირად სთხოვდნენ შემოქმედებითი საღამოების ჩატარებას. გაგრაში მთელი საბჭოთა ელიტა იკრიბებოდა ხოლმე, ყველაზე ცნობილი პოეტები, მწერლები, მეცნიერები, მსახიობები. თავიანთ საღამოებს მართავდნენ და ბებია მათ ლექსებს კითხულობდა. საერთოდ, ხელოვანი ადამიანების სამყარო ძალიან საინტერესო საყურებელი იყო, მათი ურთიერთობა. მთელი ჩემი ცხოვრება და ბავშვობა ეს არის, ამ ჯადოსნურ სამყაროს ვეზიარე, ამ ყველაფერს ვუყურებდი და ამ შთაბეჭდილებებით გავიზარდე. როდესაც ფსიქოლოგიის შესწავლა დავიწყე, ეს ყველაფერი ძალიან გამომადგა.

ბებია ამბობდა, რომ ცხოვრებაში ყველაზე მთავარი ესთეტიკააო – სილამაზე ყველაფერში, გარემოში. თქვენ რომ მისი სახლი გენახათ, ყოველი ნიუანსი გააზრებული ჰქონდა, კედელზე რა უნდა ყოფილიყო, სუფრა როგორ გაეწყო, რა ჭურჭლით, ყველაფერი ლამაზი და დახვეწილი იყო. ბებია ამბობდა, რომ ადამიანი მნიშვნელოვანი და საყვარელია მაშინ, როდესაც ეს სილამაზე მისი შინაგანი მდგომარეობაა, ფიქრები, ემოციები, აზროვნება, შინაგანი სამყარო ესთეტიკის პრინციპითაა აწყობილი. ადამიანი ლამაზი არსებააო, ამბობდა და ყველას მიმართ კეთილგანწყობილი იყო, საოცარ სიკეთეს ასხივებდა.

ქეთევანი:

- სულ მოწესრიგებული იყო, ფორმაში ყოფნა უყვარდა. შურა საოცარი მაგალითი იყო ჩემთვის, ყველაფრის და მისი გარდაცვალება ჩემთვის დიდი ტრაგედია იყო, ძალიან განვიცადე, მე მასთან ძალიან ახლო და მეგობრული ურთიერთობა მქონდა. სულ ის აზრი მიტრიალებდა თავში, რომ ასეთი დიდი ადამიანი აღარ შემხვდება და ასე ძალიან არავის ვეყვარები–მეთქი, საოცრად მზრუნველი, თბილი და კეთილშობილი გახლდათ. თანაც ულამაზესი და ყველანაირად დახვეწილი, ეს ხუჭუჭა ვერცხლისფერი თმა რომ ეყარა, როგორ უხდებოდა. სულ გიღიმოდა და საოცარი სახის კანი ჰქონდა, თეთრი, ანათებდა და ასხივებდა. დაუსრულებლად შემიძლია მასზე ვისაუბრო.

ხალხი შურაზე შეყვარებული იყო. ივანე კოზლოვსკს ისე უყვარდა, რომ მისი ფოტო სიცოცხლის ბოლომდე მედალიონში ჰქონდა. ყველა ცნობილი მსახიობი თუ ხელოვნების მოღვაწე მისი მეგობარი იყო, რა ჩამოთვლის. მოკლედ, ინტელიგენტი ოჯახი იყო. ეს იყო სახლი, სადაც 40–50 წელი რემონტი არავის გაუკეთებია, მაგრამ უნიკალურობით გამოირჩეოდა, უმშვენიერესი სურათები და ფოტოები ეკიდა მუქ ღვინისფერ კედლებზე. გამაოგნებელი სამყარო იყო. თავისი საინტერესო საღამოებით.

შურას ლექსებს უძღვნიდნენ, მაგალითად, გოგლა ლეონიძე, ბევრი სხვა და არაერთ მხატვარს ჰყავს დახატული, აქაც და რუსეთშიც. ერთხელ, სურათში ვიპოვეთ სატრფიალო ლექსი, ალბათ რომელიმე გამოფენაზე ჩუმად ჩადო ვინმემ. ხელნაწერია და შენახული მაქვს.

დავითი:

- მახსოვს, როდესაც ბებია სპექტაკლისთვის ემზადებოდა და სახლში კითხულობდა თავის ტექსტს, ცდილობდა, როლში შესულიყო, მთავარი ძარღვი ეპოვნა. ამისთვის მარტოობა სჭირდებოდა, შეიკეტებოდა ბიბლიოთეკაში, ჩაიცვამდა ტანსაცმელს, გრიმსაც კი იკეთებდა და როლში შედიოდა. ბევრჯერ იყო შემთხვევა, როდესაც მე ვჭირდებოდი, მისი პარტნიორი რომ მეთამაშა, ამიტომ, ყველა როლი ზეპირად ვიცოდი. ცხადია, სულ თეატრში ვიჯექი და ამ როლებს უკვე სცენაზე ვუყურებდი. ბებია სცენაზე საერთოდ სხვანაირი იყო, ვიდრე სახლში რეპეტიციაზე. მაშინ 13–14 წლის ვიყავი.

თურმე, ერთ–ერთ პრემიერაზე მოსეს ექვთიმე თაყაიშვილი წაუყვანია და მას უტირია, ცხვირსახოცი ამოიღო და ცრემლებს იწმენდდაო, შურა წერს. სპექტაკლები რომ მთავრდებოდა, მაყურებელი ელოდებოდა და სახლამდე ყვავილებით აცილებდნენ. ფსიქოლოგიაში ეს გამოცდილება, თეატრალური სამყარო ძალიან გამომადგა. ემპათიაა მთავარი და თუ როლს არ გრძნობ, შეუძლებელია ითამაშო. როლის გრძნობა ძალიან რთულია, რადგან ეს მაინც აბსტრაქციაა და არამხოლოდ უნდა იგრძნო, ეს გრძნობა გონებით უნდა გაიაზრო რა კონტექსტში ჯდება სიუჟეტთან. ამას ჰერმენეპტიკა ჰქვია, გაგების ხელოვნება. ბებიამ თეატრით ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი გამოცდილება მომცა. ეს საკრარული სივრცე იყო. ამას გარდა, ჩემთვის ცალკე მიმართულება იყო მუსიკა, რომელსაც მამამ მაზიარა, ის მუსიკოსი იყო, ასევე ძალიან წარმატებული. ეს ხომ კიდევ ცალკე დიდი საიდუმლოა, ხმების მაგია.

ქეთევანი:

შურას მეუღლე ვოვა მაჭავარიანი იყო, მას ძალიან უყვარდა ალექსანდრა, საოცარი ურთიერთგაგება ჰქონდათ, ერთმანეთს ძალიან აფასებდნენ. ვოვაც არანაკლები მოღვაწე იყო. მან ფრანგული იცოდა შესანიშნავად, ფრანგი გუვერნანტი ჰყავდა. როდესაც დაქორწინდნენ, შურა 17 წლის იყო, ვოვა მაჭავარიანი 18 წლის. ამ ქორწინების წინააღმდეგი ყოფილა გერონტი ქიქოძე, მოსე თოიძის მეგობარი. როგორ უნდა გავატანოთ ეს ულამაზესი ქალიო? მაგრამ წყვილს ძალიან უყვარდა ერთმანეთი. შურა მიყვებოდა, პირველად პატარა სახლში ვცხოვრობდითო, რომელსაც უზარმაზარი რკინის კარი ჰქონდა, ალაყაფის კარივითო. შემდეგ, ენგელსის ქუჩაზე მიიღეს კომუნალური ბინა, ბავშვი რომ შეეძინათ. მაია – დათას დედა, ამ სახლში დაიბადა, მოსეს სახლში. კარგი სამეზობლო ჰყავდათ, მათ ბინაში მთელი ქართველი მეცნიერები იყრიდნენ თავს – არნოლდ ჩიქობავა, დიმიტრი უზნაძე, ივანე ჯავახიშვილი და სხვები. ვოვა მაჭავარიანი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ–ერთი დამფუძნებელი და პირველი აკადემიკოსი მდივანი იყო.

დავითი:

- ბოლოს, ბებია ავადმყოფობდა, მკერდზე სიმსივნე ჰქონდა  და ნელ–ნელა ძალიან უმძაფრდებოდა. თენგიზ აბულაძემ მონანიებაში ვერიკო ანჯაფარიძის როლი თავიდან ალექსანდრას შესთავაზა, მაგრამ მან მეგობრულად უთხრა უარი, ძალა არ მაქვსო, თენგიზი ვერ მიხვდა რეალურ მიზეზს და მგონი ნაწყენიც დარჩა. რადგან, ასაკის მიუხედავად, ბებია ბრწყინვალედ გამოიყურებოდა, ის ვერაგი დაავადება კი სჭირდა, მაგრამ იმდენად მედგარი ქალი იყო, არ იმჩნევდა, ვერ ნახავდი მინორულ ხასიათზე, ბოლო წუთამდე მშვენივრად გამოიყურებოდა და ძალიან პოზიტიური იყო. ვერ დაიჯერებდი, რომ მას სიმსივნე ჰქონდა...

ავტორი: თამთა დადეშელი