პრეზიდენტის მიერ შეწყალებული რამაზ დევაძის ადვოკატი საზოგადოების რეაქციით გაოცებულია

19:40 08-29-2019
448

საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა თავისი კონსტიტუციური უფლება და შეიწყალა რამაზ დევაძე. მე მაოცებს საზოგადოების გარკვეულ წრეების აღშფოთება ამასთან დაკავშირებით - ამის შესახებ რამაზ დევაძის ადვოკატი პაატა შავაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა უკეთ იცის თავისი უფლებამოსილებების კონსტიტუციური წრე და მას არავისგან ესწავლება რა და როგორ უნდა აკეთოს

„ჩვენ უნდა მივეჩვიოთ კანონის ფარგლებში ცხოვრებას.... რამაზ დევაძე, რომელსაც მე, როგორც მისი კანონიერი ინტერესების დამცველი ადვოკატი პირველი ინსტანციის სასამართლოში ვიცავდი, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ წარდგენილი ორი ბრალდებიდან ერთში გაამართლა და მის მიმართ სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა და გ ქვეპუნქტებით ბრალდების ნაწილში გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა! ეს გახლავთ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფური ხულიგნობა, თუმცა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას ითვალისწინებს,დევაძე რატომღაც დამნაშავედ ცნო! რა თქმა უნდა განაჩენი აშკარად უკანონო და უსაფუძვლოა და ის არ ეფუძნება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით სწორედაც ბრალდებულის უდანაშულობაზე მიგვითითებს. წარიმართა დავა სააპელაციო და საკასაციო პალატებში და ვიმედოვნებდით, დამტკიცდებოდა სიმართლე, თუმცა ამაოდ... საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა თავისი კონსტიტუციური უფლება და შეიწყალა რამაზ დევაძე. მე მაოცებს საზოგადოების გარკვეულ წრეების აღშფოთება ამასთან დაკავშირებით... მე ვერ დამისახელებს ვერავინ, თუნდაც ერთ ნორმას, რომელიც სახელმწიფოს მეთაურს აუკრძალავს შეიწყალოს თუნდაც სსკ-ის 108-ე მუხლით მსჯავრდებული. უზნეობად მიმაჩნია ამ მიმართებით ყოველგვარი პოლემიკა და აპელირება იმით, რომ დეკანოზს უარი ეთქვა და დევაძე შეიწყალეს. არ შეიძლება ამ ორი საქმის ერთმანეთთან შედარებაც კი. ამასთან, მიმაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა უკეთ იცის თავისი უფლებამოსილებების კონსტიტუციური წრე და მას არავისგან ესწავლება რა და როგორ უნდა აკეთოს.არ შეიძლება და პრეზიდენტი არ დაუშვებს, შეწყალების საკითხი ოდესმე ვინმეს მხრიდან გახდეს ზეწოლის თემა. უსაგნოა მმართველი პარტიის გენერალური მდივნის სახელის ხსენება უარყოფით კონტექსტში და მისი როლის თაობაზე მსჯელობა მსჯავრდებულის შეწყალების საკითხთან დაკავშირებით. რამაზ დევაძე გახლავთ ჩვენი საზოგადოების ღირსეული წევრი, სპორტსმენი, რომელმაც არაერთხელ ასახელა ჩვენი რეგიონი და ჩვენი ქვეყანა. არ არის სწორი ქვეყნის მეთაურის შერისხვა უფლებამოსილების აღსრულების გამო! ჩვენ უნდა მივეჩვიოთ კანონის ფარგლებში ცხოვრებას და პატივი უნდა ვცეთ სახელმწიფო ინსტიტუციებს, მათ შორის ისეთ მნიშვნელოვანს, როგორიც სახელმწიფოს მეთაურია,“ - წერს პაატა შავაძე.

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა, საიდანაც 1 არასრულწლოვანი და 8 ქალია.

შეწყალებულთა შორისაა პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული რამაზ დევაძე, რომელიც ბათუმელი პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. დევაძეს 2015 წელს  12 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.