ბავშვზე თავდამსხმელი ქალის ადვოკატი სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას მოიხოვს

16:42 08-29-2019
1059

პეკინზე 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულ თამარ საძაგლიშვილს სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის და დაზიანების მცდელობისთვის ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს ბრალდებულის ადვოკატმა, ალექსი გაბუნიამ განუცხადა.

ადვოკატის თქმით, ის დაკავებულის ფსიქიკური პრობლემების გამო მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვს

„ბრალი წაუყენეს სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის და ასევე, ასეთი დაზიანების მცდელობისთვის. მისი პოზიცია არის ასეთი, რომ მას ეს დანაშაული არ ჩაუდენია, მსგავსი არაფერი ახსოვს. მან გამომძიებელს ჩვენება მისცა და თქვა, რომ იმ დროს პეკინის ქუჩაზე იმყოფებოდა, მაგრამ მსგავსი რამ არ ჩაუდენია. კადრებში შეიძლება ჩანს, მაგრამ მას ეს ფაქტი არ ახსოვს. ჩემი ვარაუდით, ამის მიზეზი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა. ახსოვს, რომ პეკინზე მაღაზიებს ათვალიერებდა, რომ სახლიდან წამოვიდა, ისიც ახსოვს, რომ მაღაზიებში შესვლასაც აპირებდა, მაგრამ გადაიფიქრა და შემდეგ არაფერი ახსოვს. დანის ქონას კატეგორიულად უარყოფს, არ მქონიაო, ამბობს. ბრალის დადგენილებით დაზიანება დანით არის მიყენებული. საბოლოოდ ექსპერტიზა განსაზღვრავს, დაზიანება მძიმე არის თუ არა

მოგეხსენებათ, გამოძიება ახლა დაიწყო. ჩვენთვის უცნობია, დაინიშნა თუ არა ექსპერტიზა. თუ გამოძიება არ დანიშნავს, ჩვენ დავნიშნავთ. მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას მოვითხოვთ, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ დევნა არც უნდა დაწყებულიყო. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შესაბამისი მასალები უნდა მოკვლეულიყო. სისხლის სამართლის კოდექსი ასეთ შემთხვევაში გამორიცხავს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მოდუნებულია, შეიძლება ითქვას, რომ არაადეკვატურია, იმიტომ რომ ლაპარაკიც უჭირს, ვერ საუბრობს“;-  განაცხადა გაბუნიამ.