დავით გარეჯის თემაზე კომისიის წევრმა სახელმწიფო დანაშაული ჩაიდინა - მამა კირიონი

16:25 08-29-2019
624

საქართველო-აზერბაიჯანის  სადემარკაციო კომისიის ვიზიტი დავით გარეჯში უშედეგოდ დასრულდა. ამ საკითხზე „პრაიმტაიმთან“ დავით გარეჯში მოღვაწე არქიმანდრიტი კირიონი (ონიანი) საუბრობს.

მისი თქმით, მიუხედავად ვიზიტის უშედეგო დასრულებისა, დამაიმედებელი ისაა, რომ ახლა სადემარკაციო კომისიაში პროფესიონალები მუშაობენ. არქიმანდრიტმა კირიონმა  დასძინა, რომ 2018 წლამდე კომისიაში ივერი მელაშვილი იყო ის ადამიანი, რომლის გამოც ორ ქვეყანას შორის აღიარებული სასაზღვრო ხაზი დაირღვა. სასულიერო პირი დავით გარეჯიდან აცხადებს, რომ ივერი მელაშვილმა სახელმწიფოს წინაშე დანაშაული ჩაიდინა.

„საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის სადემარკაციო კომისიის ვიზიტი დავით გარეჯში უშედეგოდ დასრულდა. თუმცა, დამაიმედებელი აქ ისაა, რომ შეიცვალა კომისიის თავმჯომარე, რომელიც მიწათმომწყობი იყო და არა კარტოგრაფი. ამან კომისიის ცვლილება გამოიწვია და ახლა, პატრიოტი და პროფესიონალი ადამიანები მუშაობენ. ამ დრომდე ამ კომისიას ხელმძღვანელობდა ივერი მელაშვილი, რომელიც არაკომპეტენტურია და სახელმწიფოს წინაშე დანაშაული ჩაიდინა.

ძალიან მნიშნელოვანია პროფესიონალთა ჩართვა ამ კომისიის საქმიანობაში, რადგან დასამტკიცებლად ამ მუშა ჯგუფის ნამუშევარს ეყრდნობა მთავრობა, პრეზიდენტი, პარლამენტი. მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ამ დოკუმენტის რატიფიცირება. „ძაღლის თავი“ ყოველთვის პირველ სამუშაო ეტაპშია დამარხული. ივერი მელაშვილი 1996 წლიდან 2018 წლამდე დემარკაციის კომისიის წევრი და ექსპერთა ჯგუფის ხელმძღვანელი იყო.

მეტად გასაგები რომ იყოს ამ ჯგუფის მიერ ხდება სასაზღვრო ხაზის გავლება, ამის შემდეგ პოლიტიკოსების მიერ ხდება შეთანხმება. ზუსტად ამ ნაწილშია ივერი მელაშვილის დანაშაული. მან საზღვრის 66 პროცენტი ისე „გაავლო“, რომ არცერთ მონაცემში არ ემთხვევა იმ ორმხრივ აღიარებულ რუკას, რომლის მიხედვით ჩვენც და აზერბაიჯანულმა მხარემაც ხელი მოვაწერეთ და ვთქვით, რომ ასე გაევლებოდა საზღვარი...

მე ერთი უბრალო ბერი ვარ, პირველყოფილივით გამოქვაბულში ვცხოვრობ. რაც შევძელი ისაა, რომ სახელმწიფო აპარატთან მივიტანე სიმართლე. მერე საზოგდოების აქტიურობამ და მედიის ჩართულობამ ამ თემას აქტუალობა არ დაუკარგა.

ჩემთვის არ იყო ნორმალური, როცა საგარეო საქმეთა მინისტრმა განმიცხადა, რომ დავით გარეჯში მიმდინარე მოვლენები  მედიიდან გავიგეო. ნორმალურ ქვეყანაში ამ განცხადების შემდეგ ის მინისტრის პოზიციაზე აღარ უნდა ყოფილიყო“,  - აცხადებს არქიმანდრიტი კირიონი.

„პრაიმტაიმის“ არაერთი მცდელობის მიუხედავად, ივერი მელაშვილთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.

თუმცა, „პრაიმტაიმი“ საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც განმარტეს, რომ მელაშვილს ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელთან შეთანხმების გარეშე საჯარო პასუხის გაცემა არ შეუძლია.

„პრაიმტაიმი“ ამ საჯარო პასუხს ოთხი დღეა ელოდა.

ავტორი: თამარ ბუჩუკური