უგულავა ეპისტოლარულ ჟანრში მეკონტაქტება ამ თემაზე - ჩერგოლეიშვილი

11:47 08-29-2019
217

რამდენიმე დღის წინ, „ტაბულას“ მთავარი რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი „ევროპული საქართველოს“ ერთ ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ მისი ინტერვიუს დამახინჯებაში დაადანაშაულა.

ჩერგოლეიშვილი მაშინ მას facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სამწუხაროა გიგი უგულავას ასეთ სასოწარკვეთილ მდგომარეობაში ხილვა. „მედიაში მიჩვეულები ვართ, რომ პოლიტიკოსები თავის გაფუჭებულს მედიას აბრალებენ“, - წერდა ჩერგოლეიშვილი.

პრაიმტაიმთან“ ინტერვიუს დროს, თამარ ჩერგოლეიშვილს შეკითხვა ამ თემაზეც დავუსვით:

-მე ასე არ მითქვამს და ჩერგოლეიშვილმა გამიყალბაო,– თქვა უგულავამ, მაგრამ ჯანდაბას, დაე, მე ვიყო გამყალბებელი, ოღონდ ეგ აღარ გაიმეოროს და თუ უგულავა მაგ სისულელეს აღარ გაიმეორებს, მე მზად ვარ, გამყალბებლის იარლიყი ვატარო (იცინის).

- როგორ გგონიათ, ის რეალურად ფიქრობს ასეთ რამეს?

- უგულავას მთავარი პრობლემა ისაა, რომ ის საერთოდ არ ფიქრობს და ისე ლაპარაკობს. ჩემი შეფასებით. არ მგონია, უგულავამ გუნდში ამ აზრის გატანა შეძლოს და ინდივიდუალურად თუ მოინდომა ინაშვილთან კოალიცია, მისი ნებაა, მაგას როგორ დავუშლი?

- პირადად არ გქონიათ მასთან კომუნიკაცია?

- არა, ეპისტოლარულ ჟანრში მეკონტაქტება მაგ თემაზე (იცინის).

- როგორ წარმოგიდგენიათ ერთ გუნდში უგულავა, ბოკერია და კახიძე, მაშინ როცა უგულავა მსგავს განცხადებას აკეთებს?

- იდეაში, ძალიან იოლად წარმომიდგენია, მთავარია, სტრატეგიაზე, კომპრომისულ ვერსიაზე შეთანხმდნენ და თუ თანხმობა იქნება, არ მგონია, ინაშვილთან მიმართებაში გუნდის დიდმა უმრავლესობამ რაიმე სახის მინიმალური კომპრომისი მაინც დაუშვას. ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. რასაც პოლიტიკური საბჭო გადაწყვეტს, იმას თუ დაემორჩილება ყველა... აუცილებლად მეგობრობა კი არ არის საჭირო იმისთვის, რომ პოლიტიკა ერთად აკეთო, მთავარია, სტრატეგია ჰქონდეთ ერთიანი და ტაქტიკაზე შეთანხმდნენ. შეთანხმდებიან კიდეც, როგორც გარედან დამკვირვებელმა, ეს შემიძლია ვთქვა. თავისთავად ის ფაქტი, რომ უგულავა მის ნათქვამს „გაყალბებას“ ეძახის, უკვე კარგი ნიშანია, ესე იგი, რცხვენია, თორემ რატომ დამიძახებდა გამყალბებელს, თუ იმის სჯერა, რაც თქვა.

- ბოკერიასა და უგულავას შორის უთანხმოებაზეც საუბრობენ, ასეა?

- მათ მილიონი უთანხმოება ჰქონიათ, მაგრამ ამაზე მე ვერაფერს გეტყვით, ალბათ თვითონ უკეთ გიპასუხებენ.

ავტორი: თამთა დადეშელი