ვაპირებ, დავაკაკუნო ყველა კარზე, ვცადო ყველა გზა და შემოგთავაზოთ ახალი ხედვები, რათა დავუახლოვდეთ ევროპას - სალომე ზურაბიშვილი 

19:21 08-28-2019
115

მე ვაპირებ, დავაკაკუნო ყველა კარზე, ვცადო ყველა გზა და შემოგთავაზოთ ახალი ხედვები, რათა საქართველო დღითიდღე დავუახლოვოთ ევროპას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთში, ევროპელ ბიზნესლიდერთა ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მე მაღალი გრძნობებით ვუმზერ ევროპას. ასევე მსურს, დავესესხო ტალეირანს, რომელმაც ძალიან ზუსტად თქვა – „იქ სადაც ბევრმა კაცმა მარცხი განიცადა, ქალს შეუძლია წარმატებას მიაღწიოს“.

ჩემი პირადი ისტორია მაძლევს უფლებას, ვთქვა, არაფერია შეუძლებელი; ისტორია სიურპრიზებითაა სავსე. მეუბნებოდნენ, რომ საბჭოთა კავშირი მუდმივად იარსებებდა, თუმცა საქართველო პირველი იყო, რომელმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადა; მეუბნებოდნენ, რომ საქართველო არასდროს აირჩევდა ფრანგ ქალს, მან კი, ის 60 პროცენტზე მეტი ხმით აირჩია. ამიტომ, როდესაც მეუბნებიან, რომ ევროკავშირი ოცნებაა, მე ვპასუხობ, რომ ევროპის ისტორია რეალობად ქცეული ოცნებებია: საფრანგეთისა და გერმანიის შერიგება, გერმანიის გაერთიანება და ევროპის აღმოსავლეთისაკენ გაფართოება. ევროპა არაფერია, თუ ის არ ოცნებობს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ფორუმზე.

მან სიტყვით გამოსვლისას „ვეფხისტყაოსნიდან“ ამონარიდიც მოიყვანა და საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნებაზე ისაუბრა.

„მინდა, მოვიშველიო რამდენიმე ციტატა საქართველოს დიდი პოეტის, შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნიდან“. ეს ლიტერატურული ნაშრომი, რომელიც XII საუკუნეში დაიწერა, დღემდე ყოველი ქართველის სიამაყის მიზეზია. „ვეფხისტყაოსანში“ ავთანდილი ეუბნება ტარიელს –  „რა აქიმი დასნეულდესრაზომ გინდა საქებარი, მან სხვა უხმოს მკურნალი და მაჯაშისა შემტყვებარი, მან უამბოს, რაცა სჭირდეს სენი, ცეცხლთა მომდებარი: სხვისა სხვამან უკეთ იცის სასარგებლო საუბარი“.

ეს ექიმი დღეს ქართველი ხალხია, რომელიც შთაგაგონებთ, იყოთ ამაყნი თქვენი ევროპული წარმატებით და მოგიწოდებთ, რომ საქართველო, 5 მილიონი ევროპელის ქვეყანა, დაუბრუნდეს თავის დიდ ევროპულ ოჯახს. გაუმარჯოს საქართველოს, გაუმარჯოს საფრანგეთს და გაუმარჯოს ჩვენს ევროპას“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.