„რუსთავი 2“- ის ჟურნალისტები „რუსთავი 2“-ში ბრუნდებიან - რამდენმა კაცმა დატოვა არხი

21:17 08-27-2019
13036

„რუსთავი 2“-ის ახალი მენეჯმენტი არხიდან წასულ ჟურნალისტებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. დასასრულს უახლოვდება მოლაპარაკებები საინფორმაციო სამსახურის ახალ უფროსთანაც. არხზე მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციას რადიო თავისუფლება „რუსთავი 2“-ის ადმინისტრაციისა და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელზე დაყრდნობით ავრცელებს.

„სავარაუდოდ, დღეს, ხვალ, ეს საკითხიც გადაწყდება და ოფიციალური ინფორმაციაც გვექნება. არიან კონკრეტული ადამიანები, რომლებთან მოლაპარაკებებიც დასასრულისკენ მიდის. დაინიშნებიან საინფორმაციო გამოშვებისა და პროდაქშენის მიმართულებების დირექტორები. მათ გვარებსა და სახელებს ამ წუთას ვერ გეტყვით, რაკიღა მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა“, - ამბობს რუსთავი 2-ის ადმინისტრაციისა და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამილა გველესიანი.

მისივე თქმით „რუსთავი 2“ ის ყოფილმა ჟურნალისტებმა გადაწყვეტილება ემოციურ ნიადაგზე მიიღეს და ახლა ცდილობენ ეს გადაწყვეტილება შეცვალონ.

„ვერცერთ ჟურნალისტს ვერ შევკადრებ იმას, რომ სამსახურიდან წასვლის გადაწყვეტილება ზეწოლის ნიადაგზე მიიღეს. დიახ, ემოციური განწყობა ნამდვილად იყო, მაგრამ ზეწოლა - არა. ჩვენ შევეცდებით, რომ ემოციურ ფონზე მიღებული გადაწყვეტილება არ იყოს საბოლოო და „რუსთავი 2“-ელები კვლავ დაბრუნდნენ „რუსთავი 2“-ის კედლებში“.

რუსთავი 2-ის ადმინისტრაციისა და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ინფორმაციით ტელეკომპანიაში ამ დროისთვის 800 ადამიანი მუშაობს და არხი მხოლოდ 62-მა თანამშრომელმა დატოვა.