გიორგი ვოლსკი - მამუკა ხაზარაძე პოლიტიკას ტყუილით იწყებს

20:19 08-27-2019
31

„მამუკა ხაზარაძე და მისი გუნდელები ცდილობენ ისე წარმოაჩინონ სიტუაცია, ვითომ პოლიტიკაში შემოსვლას ლამობენ, პოპულარულები არიან და ერთი სული აქვს სახელმწიფოს გზები მოუჭრას პოლიტიკაში შემოსასვლელად, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს” - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გია ვოლსკიმ.

მისი თქმით, ძალიან დიდი თანხის ძალიან საეჭვო ტრანზაქცია განხორციელდა. ადამიანებმა სესხად გასცეს 17 მილიონამდე დოლარი ისე, რომ არ მოუთხოვიათ ამ თანხის უზრუნველყოფა.

„წარმოიდგინეთ, რომ ეს სესხი დაბრუნდა მათ პირად ანგარიშებზე არაოფიციალურად, შემდეგ შეიქმნა ოფშორული კომპანია, სადაც ეს თანხა ისევ ჩაირიცხა. ასეთ საკითხებში მხილებული ადამიანი ამბობს, რომ მას უნდა პოლიტიკაში შემოსვლა და ეს იმიტომ ხდება. ეს ყველაფერი ერთმანეთთან კავშირში არის, მაგრამ კავშირი არის აბსოლუტურად ღია და აშკარა ყველასთვის, რომ პოლიტიკით თუ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებით ადამიანი ცდილობს თავი დაიცვას” - განაცხადა ვოლსკიმ.

გარდა ამისა, ვოლსკის თქმით,  არის ადამიანი, რომელიც პოლიტიკას იწყებს და იწყებს ტყუილით. „თუნდაც კონსორციუმთან, თუნდაც ანაკლიის პორტთან დაკავშირებით.

„სახელმწიფოს არაერთი კითხვა აქვს კონსორციუმის საქმიანობაზე. შესთავაზეს კიდეც, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროს კითხვებს ღია ეთერში გასცეს პასუხი. დასვამს ცქიტიშვილის უწყება ამ შეკითხვებს და გასცეს პასუხი თუ შეუძლია. ახლა ამას პასუხს ვერ სცემს , ჩვიდმეტი მილიონის აორთქლებაზე პასუხს ვერ სცემს და ამ მონაცემებით პოლიტიკაში შემოსვლა არ მგონია, წარმატების წინაპირობა იყოს” - განაცხადა ვოლსკიმ.

რაც შეეხება ბრიტანეთთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, ვოლსკის თქმით, არსებობს საერთაშორისო კონვენცია და ქვეყნები ვალდებულები არიან ერთმანეთს მიაწოდონ ინფორმაცია.

„არსებობს საერთაშორისო კონვენცია და ქვეყნები ვალდებულები არიან ერთმანეთს მიაწოდონ ინფორმაცია. ბრიტანეთის მხარემ  ჩვენ მხარეს გადმოსცა ინფორმაცია ტრანზაქციის შესახებ. როცა ასეთი ტრანზაქციები ხდება, ეგეთივე ინფორმაციის გადაცემა  რომ მოხდეს, საქართველოში ჩვენ ვალდებულები ვართ გადავცეთ შესაბამის ქვეყანას.  დიდი ბრიტანეთი ვალდებულია, რომ ეს ინფორმაცია გადმოსცეს საქართველოს. ჩვენ რომ მას შეუშალოთ მუშაობა,  პოლიტიკაში შემოსვლა სწორედ ეს არის, ის რაც თავიდანვე ახასიათებს პოლიტიკურ ორგანიზაციას, თუკი ასეთი მართლა შეიქმნება” - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.