Exclusive ჰოლივუდის ქართველმა მსახიობმა საცოლეს ხელი თბილისში სთხოვა

19:02 08-27-2019
11862

ცხრა წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს ლოს-ანჯელესში მოღვაწე თემო მელიქიძე სტუმრობს. 2017 წლის წარმატებული ფილმების ტოპათეულში მოხვედრილმა „პატრიოტის დღის“ 27 წლის მსახიობმა, ნუნუ ბებოსთან დადებული პირობა არ გატეხა და თბილისს 15 ივლისს ეწვია. შეყვარებულთან ერთად ჩამოვიდა და ულამაზესი სამშობლოს მთა-ბარი მოიარა.  

„ისეთი ნოსტალგიით ჩამოვედი, დღემდე ვერ ველევი აქაურობას. ამერიკიდან მირეკავენ როდის მოდიხარო. მოვიარე სვანეთი, ყაზბეგი, კახეთი, ვარძია, ბათუმი... მესტია და უშგული რომ ვნახე, თავი სამოთხეში მეგონა“ – „პრაიმტაიმს“ ემოციებს უზიარებს თემო.  

პირველი, რაც გააკეთა ქართული ნაყინი და ფუნთუშა იგემა. პირველ დღეს არც ხინკლის და მწვადის გარეშე ჩაუვლია. დილის ხუთ საათზე ჩამოფრენილმა თვალი არ მოხუჭა და ქუჩებში მონატრებულ ქართველებს შეეგება. 

თავისი ებრაელი (დედით დაღესტნიდან) შეყვარებული - ნატაშა სემიონოვა  სამშობლოთი მოხიბლა, დაშოკა და ცრემლებამდე მიიყვანა. თუმცა მთავარი მოულოდნელობა ნატაშას წინ ელოდა. თემომ, „სასხვათაშორისოდ“, თბილისიდან წასვლის წინ, რუსთაველზე ხელი თხოვა.  

თემო მელიქიძე: - ძალიან სხვათა შორის, უბეჭდოდ, დაუგეგმავად ვთხოვე ხელი. ამ სამ კვირაში ისე მოიხიბლა და შეუყვარდა საქართველო, რომ წასვლა არ უნდოდა, მაგრად წყდებოდა გული. აჭარული ხაჭაპური ისე შეუყვარდა, ტირილით წავიდა... ვატყობდი, ფეხები უკან რჩებოდა, არადა, ამერიკაში უნდა დაბრუნებულიყო და ვუთხარი, ამაზე მაგარ მომენტს ვერ ვიპოვი, ცოლად გამომყევი-მეთქი. გაოგნებული იჯდა და მიყურებდა. ქორწილს მომავალ წელს აქ გადავიხდით, დიდს და ტრადიციულს. ლოს-ანჯელესში ჩვენს წრეში ვიწროდ აღვნიშნავთ. იქ ძალიან ლამაზ ბინაში ვცხოვრობთ, ჰოლივუდთან 15 წუთის სავალზე. ყოველდღიურად გვაქვს შეხვედრები, ივენთები, აუდიენცია, მე ვვარჯიშობ. უკვე გვინდა საკუთარი სახლი ვიყიდოთ. 

რეჟისორმა ნიკა ხომასურიძემ („ექვთიმე ღვთისკაცი“) შანსი ხელიდან არ გაუშვა და თემო დიდგორის ბრძოლის სინჯებზე გადაიღო, თვით დავით აღმაშენებლის როლში. ჯერჯერობით, ეს ამბიციური პროექტი იდეის დონეზეა, დაფინანსება მოსაპოვებელია.

თემო მელიქიძე: - ორი თვე რომ არ მოვხვდე გადასაღებ მოედანზე, „ლომკა“ მეწყება უკვე. კიდევ კარგი ნიკასთან მქონდა გადაღებები.“

- რა იცი აღმაშენებელზე?

- დღეს დათო ტურაშვილის „ტყეების მეფე“ ვიყიდე, უნდა წავიკითხო. ვეცნობი ლიტერატურას. დღევანდელ საქართველოს ჭირდება აღმაშენებელი. ჩვენი ბრძოლისუნარიანი ხასიათი, ვფიქრობ, ჩვენი დიდი წინაპრებისგან მოგვდგამს. მე რომ ამგვარი ქართველის მენტალიტეტი არ მქონოდა (ბოლომდე სანამ არ გავაკეთებ, არ ვნებდები), ამერიკაში ვერაფერს მივაღწევდი. ნიუ-იორკში, ბროდვეის სამსახიობო სკოლაში 250 სტუდენტიდან წლის ბოლოს მხოლოდ ორ სტუდენტს რომ დაგვიდეს კონტრაქტი, ვფიქრობ, ამ ჟინის დამსახურებაა. 

თემოს ოჯახი ბელგიაში ცხოვრობს. ექვსი წლის იყო სამშობლო რომ დატოვა. მებრძოლი ბიჭი რამდენიმე წლის წინ მსახიობობის დაუოკებელი ჟინით გადავიდა ჯერ ნიუ იორკში, მოგვიანებით - ლოს-ანჯელესში. რობერტ დე ნიროსა და ალ პაჩინოს კარიერაზე ოცნებობს. უფრო სწორად ეს მისი მიზანია, რომლის მისაღწევად არაფერს იშურებს.

თემო მელიქიძე: - ბელგიიდან ამერიკაში რომ გადავედი, მივხვდი, დღე და ღამე უნდა მეშრომა. ამერიკაში ვერ მოდუნდები. არც დასვენება გაქვს, არც მოშვების დრო. შენ თუ არ წახვალ, სხვა წავა და ის დაიკავებს შენს ადგილს. ნიუ იორკში რომ ჩავედი, ჩემს მშობლებზე ვფიქრობდი. არავის ვიცნობდი, მახსოვდა ის, რომ ჩემს სამშობლოს წარმოვადგენდი. ვფიქრობდი პატარა დაზე, რომელიც ბელგიაში გაჩნდა, მარიამობას. მარიამი 28 აგვისტოს 19 წლის ხდება. მყავს ძმა გიორგი, დიჯეი.

ექვსი წლის ვიყავი აქედან რომ წავედი. მახსოვს, მაშინდელი საქართველო. 90-იანი წლების ბოლო იყო. შუქი რომ ინთებოდა, გვიხაროდა. ცხელი წყალი არ გვქონდა. 

დღევანდელ საქართველოში მომწონს ტურისტების სიმრავლე. უკვე ნელ-ნელა იციან, რა ქვეყანაა, სად არის. ამერიკაში ჯორჯიას აღარ ვამბობ, ყველას ვეუბნები - საქართველოდან ვარ-მეთქი, არ ვთარგმნი. მწყინს ის, რომ ამდენი კაზინო, რესტორანი და სასტუმროა და ხალხს ასე უჭირს. გავიგე, რა ხელფასებიც აქვთ ადამიანებს, რაც სასაცილოდ არ ეყოფათ ამერიკაში. ამ დროს როგორი ისტორიის, კულტურის და ბუნების მქონე ქვეყანა გვაქვს, ეკონომიკურად ასე არ უნდა უჭირდეს ქვეყანას. 

ნიუ იორკში შექსპირის „ჰამლეტის“ გადასაღებად ელოდებიან. 2 სექტემბერს გადაღებები იწყება. არადა, თემოს საქართველოდან არ უნდა წასვლა. 31 აგვისტომდე გაწელა დრო. 

დევიდ ვანდოს ინსცენირებას რეჟისორი პოლ ვორნერი იღებს, რომლის სახელსაც მიუზიკლისა და სამსახიობო სფეროში კარგად იცნობენ. თემო ჰორაციოს როლში იქნება. ამბავი ჰორაციოს ჭრილიდან ვითარდება... ანუ ჩვენი ბიჭი მთავარ როლშია. 

მანამდე ერთი მოკლემეტრაჟიანი და ერთიც სრულმეტრაჟიანი ფილმი გადაიღო. ნიუ-იორკში, ბროდვეის სპექტაკლებში თამაშობდა. მსახიობის ვიზის აღების შემდეგ ბედის საძიებლად ლოს ანჯელესში გადავიდა. იქ ტრამპლინი ელოდა. ეს იყო პირველი მნიშვნელოვანი პროექტი, ფილმი „პატრიოტის დღე.“ პიტერ ბერგის სურათი რეალურ ფაქტებზეა -ბოსტონის მარათონის დაბომბვის შესახებ. ქართველ დამწყებ მსახიობს ჩეჩენი ტერორისტის როლი ერგო. თუმცა თავიდან, ქასთინგზე რომ მიხვდა - ყურადღება ვერ მიიქცია, ხრიკს მიმართა: ჩეჩენ ტერორისტთან, ტამერლან ცანაევთან და თავის პასპორტის ფოტოს შორის ფიზიკური მსგავსება აღმოაჩინა და თემომ პროდიუსერებს დამატებით ეს ფოტო გაუგზავნა. კარიდან გაგდებული, ფანჯრიდან შეძვრა. ამ მომენტს ხუთი წელი ელოდა. 

„ასეთი რანგის როლი, რაც მე ამ ამერიკულ ფილმში შევასრულე, ქართველ მსახიობს არ აქვს შესრულებული. 24 წლის ვიყავი გადაღებების დროს. მზად ვიყავი რომ ყველაფერი გამეცა. მებრძოლა, მიმეღწია და ასე ამაყი დავბრუნებულიყავი სამშობლოში. აქამდე იმიტომაც არ ჩამოვდიოდი. მინდა ყველა ქართველისთვის მოტივატორი იყოს ჩემი მაგალითი, დაინახონ, რომ თუ ძალიან მოინდომებენ, შეძლებენ. 

ლოს-ანჯელესში რომ დავდიოდი, არავის ვიცნობდი და ქუჩაში ხეტიალში ვატარებდი დროს და უცებ მარკ უოლბერგთან („პატრიოტის დღის“ პროდიუსერი და მსახიობი) ერთად პრივატულად ვიფრინე ლოს-ანჯელესიდან ნიუ-იორკში, სტივენ სპილბერგისგან 30 მილიონად შეძენილი თვითმფრინავით. სხვა კუთხით გავიცანი მარკიც და პიტერიც. ასეთ სიტუაციაში „ვარსკვლავობა“ არ არის. ტელევიზორს ვუყურეთ. იყო სასაცილო მომენტი. მე ალკოჰოლს არ ვსვამ. მარკმა ღვინო გამოიღო და დაასხა. მე არ ვსვამ, სადღეგრძელოს წყლით დავლევ-მეთქი. მარკ უოლბეგრმა შემაქო ჩემი დისციპლინის გამო და მითხრა, მე რომ შენს ასაკში შენნაირი მენტალიტეტი მქონოდა, ახლა ეს თვითმფრინავი კი არა, ჩემი ქვეყანა მექნებოდაო. ჩვენთან დავპატიჟე, ჩამოდით და ქართულ ღვინოსაც გაგასინჯებთ და ხინკალსაც გაჭმევთ-მეთქი. 

ფილმი 2017 წლის საუკეთესო ფილმების თითქმის ყველა ტოპათეულში მოხვდა. გადაღებები ბოსტონში მიმდინარეობდა. პიტერ ბერგს პავილიონები არ უყვარს, ქუჩებში, სახლებში გადავიღოთ, სიმართლე მოვყვეთო... პირველად მარკ უოლბერგს რომ შევხვდი, ვარსკვლავი იყო, მეორე დღეს, გადასაღებ მოედანზე კი უკვე ჩვეულებრივი რიგითი კოლეგა გახდა. ყველამ ისე მიმიღო, მიხაროდა, დამაფასეს. აზრებს ვუზიარებდით ერთმანეთს. ოსკაროსანმა მსახიობმა ჯეკინ სიმონსმა მომისმინა და ჩემი აზრებით დაინტერესდა. იქ ვისწავლე, რომ რაც არ უნდა ვარსკვლავი იყო, უმთავრესი ადამიანობაა. მახარებს პატარა ქართველი ბიჭები რომ მწერენ, რომელ სკოლაში ისწავლე, როგორ ჩახვედიო... შენი თავისას რომ  ირწმუნებ და სხვას რომ დაეხმარები, ისეთი სიხარული მოაქვს, ათი ოსკარი ვერ მოგიტანს იმდენ ემოციას. 

იმ მომენტში არც ის მჯეროდა, ვარსკვლავებთან ერთად წითელ ხალიჩაზე რომ გავიარე... მერე აცნობიერებ რომ ეს ყველაფერი შენს თავს ხდება... პროდიუსერებმა ამ როლში ასე ვთქვათ - „გადასაგდები“ თანხა გადამიხადეს. მაგრამ ჩემთვის იყო - What??? როლი მოგცესო აგენტმა რომ დამირეკა, მერე რა თანხა მითხრა, აღარც მახსოვს. ახლა უკვე ისეთ ეტაპზე ვარ გარკვეულ თანხას მოვითხოვ, სცენარებს ვარჩევ, ან დავთანხმდები ან - არა. მაგრამ მე ფულის შოვნაზე არ ვფიქრობ. მე მახარებს საყვარელი საქმის კეთება, სხვადასხვა როლზე გარდასახვა. ბევრ პროექტზე ვთქვი უარი ნეგატიური პერსონაჟის ან უხარისხობის გამო. უკვე აწეულ თამასას არ ვაგდებ.“ 

შემდეგ თემომ ითამაშა სერიალში “24: Legacy“, რომლის პრემიერაც 2017 წელს თებერვალში შედგა. ის „24 საათის“ ანალოგია, რომელშიც  კიფერ საზერლენდი მონაწილეობს. 

მოკლედ, ეს ფხიანი ქართველი ბიჭი ჰოლივუდში თავისი სიტყვის თქმას აპირებს, უკან არ იხევს, უნდა მალე თავისი სახელი ბრენდად აქციოს და გემრიელი კარიერა გაიკეთოს. 

თემო მელიქიძე: - ათი წლის რომ ვიყავი და ვამბობდი, მსახიობი უნდა გამოვიდე-მეთქი, ღიმილით თავზე ხელს მისვამდნენ, რა კარგი ბიჭიაო. 20 წლის ნიუ იორკში რომ წავედი - უკვე გაოცებულები მიყურებდნენ, უი, მართლა წავიდაო. არ მინდა 50 წლის გავხდე, სარკეში ჩავიხედო და ვთქვა, ნეტა ეს გამეკეთებინა-მეთქი. მე ეს „ნეტა“ არ მექნება, მე გავაკეთებ!!!

 

ავტორი: თამარ გონგაძე