ბავშვებს დაეწყოთ საშინელი ცრემლდენა, დაუწითლდათ თვალები, დაეწყოთ შეუჩერებელი ცემინება - რა მოხდა ფარცხანაყანებში

18:48 08-27-2019
422

სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო წამლით გამოწვეული ალერგიის შესახებ წერს და სურსათის ეროვნულ სააგენტოს ადანაშაულებს იმაში, რომ მოსახლეობა წინასწარ არ იყო ინფორმირებული შეწამვლის თაობაზე, რის გამოც ის და თავისი ოჯახის წევრები შეუძლოდ გახდნენ.

„არ ვიცი საიდან დავიწყო...ჩემს მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად სტუმრად ვიყავით იმერეთის ერთ-ერთ სოფელში, კერძოდ ფარცხანაყანევში. უცებ შემოვარდა ნათესავის ბავშვი, ცუდი სუნია მგონი ფაროსანას... ძალიან შემეშინდა, მსგავს სიტუაციაში არ ვყოფილვარ, თავი მძაფრსიუჟეტიან ფილმში მეგონა... ბავშვებს დაეწყოთ საშინელი ცრემლდენა, დაუწითლდათ თვალები, დაეწყოთ შეუჩერებელი ცემინება, კისერში ძლიერი სპაზმური შეგრძნებები რასაც ვერ მიხსნიდნენ, დაეწყოთ ხველა.... მაინტერესებს ვის უნდა მოვთხოვოო პასუხი, ვინააა გაუფრთხილებლად ამ პრეპარატის გაფრქვევაზე პასუხისმგებელი...“, - წერს თამუნა ყალიჩავა.

მისი თქმით, ოჯახი ამ პრეპარატმა მოწამლა.

„პრაიმტაიმი“ დაინტერესდა, თუ რა შეიძლება გამოიწვიოს ფაროსანის საწინააღმდეო წამალმა. ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მაია კოტიშაძის თქმით, მსგავსი ალერგიული ფონი შესაძლოა ნებისმიერმა ქიმიურმა პრეპარატმა გამოიწვიოს.

„ამბულატორიულად იმის საჭიროება, რომ შევისწავლოთ, თუ რისგან შედება ფაროსანას საწინააღმდეგო წამალი, არ ყოფილა. ვერ გეტყვით, რომ ამ ჩივილებით რეგიონალურ ჰოსპიტალში ხშირად გვაკითხავენ. იმისთვის, რომ წამლის ეფექტიანობაზე ვისაუბროთ, საჭიროა ჯერ დადგინდეს წამლის ქიმიური შემდაგნელობა. ალერგიული რეაქცია შესაძლოა ნებისმიერმა ქიმიურმა საშუალებამ გამოიწვიოს და არა მარტო ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატმა“, - განაცხადა ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაია კოტიშაძემ.

რამდენად საფუძვლიანია თამუნა ყალიჩავას პრეტენზია იმის შესახებ, რომ  მოსახლეობა შეწამვლის თაობაზე არ იყო გაფრთხილებული, ამის გასარკვევად „პრაიმტაიმი“ სურსათის ეროვნულ სააგენტოს დაუკავშირდა, რათა გაერკვია, თუ რა მოხდა რეალურად ფარცხანაყანებში.

აზიური ფაროსანას საკორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელის, ლაშა შალამბერიძის თქმით, მოსახლეობას 24 საათით ადრე ყოველთვის მიეწოდება ინფორმაცია შეწამვლასთან დაკავშირებით.

„პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ღონისძიებები მიმდინარეობს უკვე მეექვსე თვეა. 24 საათით ადრე მოსახლეობას ეგზავნება  შტყობინება სოფლების მიხედვით. ზაფხულში, როდესაც ადამიანები ჩამოდიან დასასვენებლად, სპეციალურად შექმნილია ვებ-გვერდი Farosana.ge“, სადაც დეტალურად არის ახსნილი, რომელ დღეს რომელი სოფელი მუშავდება. ამის გარდა, ამ პროცესში თვითმმართველობა არის ჩართული და ისინიც ინფორმირებულები არიან ჩვენი ღონისძიებების ჩატარების შესახებ. უნდა აღვნიშნო, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ჯერ არ გვქონია ინტოქსიკაციის შემთხვევა. ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად ვახერხებთ მოსახლეობის ინფორმირებას.

მინდა თქვენი საშუალებით კიდევ ერთხელ გავაჟღერო, რომ ჩვენ გვაქვს ცხელი ხაზი, 1501, რომელზეც ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია დაარეგისტრიროს ნომერი და შემდგომ მიიღოს შეტყობინება“,- განაცხადა ლაშა შალამბერიძემ.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში ასევე ამბობენ, რომ ისინი ამ დრომდე ცდილობენ მომხმარებელთან დაკავშირებას, თუმცა უშედეგოდ.

ავტორი: თეონა ყაჭიური