სისხლის ანალიზით სიცოცხლის ხანგრძლივობის დადგენა შესაძლებელი ხდება

13:53 08-27-2019
159

ჩვეულებრივი სისხლის ანალიზით, ერთ დღეს, შესაძლოა, თქვენი გარდაცვალების დრო წინასწარ გაიგოთ. ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნებულ კვლევაში, ევროპელი ექსპერტები დეტალურად ხსნიან, როგორ სწავლობენ ადამიანის სისხლში შემავალ ბიომარკერს [ორგანიზმში რაიმე დაავადების არსებობის საზომი ინდიკატორი], რომლითაც შესაძლებელი იქნება, განსაზღვროთ, რამდენი ხნის სიცოცხლე დაგრჩათ.

საბოლოო დასკვნისთვის, ექსპერტებმა, მთელი ციკლი შეიმუშავეს: ერთი ნაწილი მიმდინარე კვლევაა, მეორე კი ადრინდელ ანალიზებზე დაკვირვება.  ახლა სისხლი 44,168-მა 18-დან 109 წლამდე ადამიანმა ჩააბარა. მნიშვნელოვანია, რომ ეს ხალხი 12 სხვადასხვა კოჰორტადან [მოსახლეობის კონტინგენტი] იყო. აქედან, კვლევის პერიოდში, 5 512 ადამიანი გარდაიცვალა, რომელთაგან ზოგიერთი, ამ პროექტში, 17 წლის განმავლობაში მონაწილეობდა. აღებული ნიმუშებიდან, 226 ბიომარკერის შესწავლის შემდეგ, მკლევარებმა დაადგინეს, რომ სისხლის 14 მაჩვენებელი, ანთებისა და სითხის ბალანსის ჩათვლით, იძლეოდა შესაძლებლობას, მომდევნო 5-დან 10 წლამდე, ადამიანის გარდაცვალების ალბათობა განესაზღვრათ.

შემდეგ დადგა დრო, თეორია პრაქტიკაში დაემტკიცებინათ. ეს კვლვის მეორე ნაწილია – ექსპერტებმა 1997 წელს ჩაბარებული 7,603 ​ფინელის სისხლის ანალიზის ნიმუში შეისწავლეს. უკვე იდენტიფიცირებული 14 ბიომარკერით, ექსპერტებმა სცადეს, წინასწარ განესაზღვრათ ამ კონკრეტული ადამიანების გარდაცვალება მომდევნო 5-10 წლის განმავლობაში. აღმოჩნდა, რომ მათი ვარაუდი, 83%-ის შემთხვევაში, გამართლდა.

„ჯერ კიდევ გაკვირვებული ვარ იმით, რომ ადამიანების კონკრეტულ ჯგუფში, ცხოვრების გარკვეულ მონაკვეთში, შეგიძლიათ აიღოთ სისხლის ნიმუში და წინასწარ დაადგინოთ გარდაცვალების ალბათობა 5-დან 10 წლამდე პერიოდში“, – ამბობს მკვლევარი ელინ სლაგბუმი გამოცემა Time-სთან საუბრისას.

ეს აღმოჩენა, რომ პრაქტიკაში დაინერგოს, ექსპერტების თქმით, ჯერ კიდევ ბევრი რამ არის საჭირო, მაგრამ მოუთმენლად ელოდებიან ეტაპს, როდესაც მედიცინაში შესაძლებელი იქნება, წინასწარ განსაზღვრო, არსებობს თუ არა პაციენტის გარდაცვალების ალბათობა, დროის გარკვეულ მონაკვეთში. სპეციალისტები თვლიან, რომ ეს ჯანდაცვის სფეროში მნიშვნელოვან ცვლილებებს შეიტანს – პირველ რიგში, ექიმებს, მკურნალობის დანიშვნამდე, ამ კუთხით მოწყვლადი პაციენტები იდენტიფიცირებაში, შემდეგ კი შესაბამისი თერაპიის დაგეგმვაში დაეხმარება.

„ამ ტესტს განვიხილავთ, როგორც ერთ-ერთ შესაძლებლობას და მას საბოლოო ათვლის წერტილად  არ აღვიქვამთ“, – ამბობენ ექსპერტები.

წყარო: Marketer