„ჩემი სურვილია აფხაზეთში დავდო ლელო“ - ეროვნული ნაკრების კაპიტანი

13:19 08-27-2019
439

აფხაზეთიდან დევნილი, რაგბის თვრამეტ წლამდელთა ნაკრების წევრი გოგონები, პოლონეთში დაგეგმილ 31აგვისტოს და 1 სექტემებრს ევროპის ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას.

მარიამ გუგუჩია და მარიამ ბერაძე საქართველოს თვრამეტ წლამდელთა ეროვნულ ნაკრებში შეარჩიეს. როგორც გოგონების მწვრთნელმა „პრაიმტაიმს განუცხადა, მარიამ ბერაძე ნაკრების კაპიტანი გახდა. 

ვახტანგ კორკელიამ (მწვრთნელი): „მონდომებული და საკმაოდ ნავარჯიშები გოგონები არიან.მათი იმედი მაქვს...წარმატებები მინდა ვუსურვო,მჯერა,რომ გვასახელებენ.ამჟამად გამგზავრებამდე სოფელ ონარიის რაგბის მოედანზე ვარჯიშობენ“. 

მარიამ ბერაძე ადრე მძლეოსანი იყო და მეორე წელია, რაც რაგბით დაინტრესდა

რაც შეეხება გუნდის კაპიტანს მარიამ ბერაძეს, იგი ადრე მძლეოსანი იყო.

“სპორტის ამ სახეობაშიც საკმაოდ წარმატებები მქონდა, მეორე წელია რაც რაგბს ვთამაშობ და დაუღალავი შრომით წარმატებებს ვაღწევ. პოლონეთში შეჯიბრზე მონაწილეობა კი ერთგვარი ტრამპლინია ეროვნულ ნაკრებში მოსახვედრად. ოჯახიც ხელს მიწყობს. ამჟამად მე და დედა ქირით ვცხოვრობთ ზუგდიდში, მამა და ძმა თბილისში არიან. ოკუპირებული გალის რაიონ სოფელ ჭუბურხინჯში გვაქვს სახლი... მაგრამ იქ ვერ გადავდივართ, მშობლებს საბუთები არა აქვთ, ბებია იყო მანამდე იქ სახლში და ისიც გარდაიცვალა... ამჟამად იქ არავინ ცხოვრობს... ჩემი ნატვრა და სურვილია აფხაზეთში დავდო ლელო. მჯერა,ამ ნატვრას ავიხდენ,“- გვითხრა მარიამმა.

მარიამ გუგუჩია კი ოკუპირებული ტყვარჩელიდანაა. ამჟამად ზუგდიდის რაიონ სოფელ ინგირში პირველი საშუალო სკოლის მე-12 კლასში სწავლობს.

„ვემზადებით მე და მარიამი პოლონეთის ჩემპიონატისთვის. სულ გვექნება ექვსი თამაში. საქართველოს რაგბის ეროვნულ ნაკრებშიც მითამაშია... ასე რომ, გამოცდილებაც მაქვს...მთავარია შედეგი დავდოთ“, - ამბობს მარიამ გუგუჩია.

სპორტსმენები 29 აგვისტოს გაემგზავრებიან პოლონეთში.


ავტორი: თეა შონია