„კანონიერი ქურდი“, თუ ბიზნესმენი? - თბილისელი მორი მუცაევის საქმე სასამართლოში

19:32 08-26-2019
2237

წარმოშობით თბილისელი ამირხან, იგივე მორი მუცაევის საქმეზე მოსკოვის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. მუცაევი რუსულ მედიას მის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებდა. რამდენიმე საიტმა ის კრიმინალური სამყაროს წევრად მოიხსენია და მუცაევის მონაცემები „კანონიერი ქურდების“ ბაზაში შეიყვანა.

მოსკოვის სასამართლოში მუცაევი ამტკიცებდა, რომ მას ქურდულ სამყაროსთან კავშირი არ გააჩნია, არასდროს ყოფილა ნასამართლევი და შესაბამისად, არც „კანონიერი ქურდის“ ტიტულს ფლობს.

მოსკოვის სასამართლომ მუცაევის მოთხოვნა დააკმაყოფილა და საკუთარი გადაწყვეტილებით, ოფიციალურად უარყო მორი მუცაევის „კანონიერი ქურდობა“, შესაბამისად იმ მედიასაშუალებებს, რომლებმაც აღნიშნული ინფორმაცია გაავრცელეს, მისი სახელის რეაბილიტირება დაევალათ. 

მისი ბიოგრაფიიდან ირკვევა, რომ ამირხან (მორი) მუცაევი 1961 წლის 13 ნოემბერს თბილისში დაიბადა. 1978 წელს მუშაობა დაიწყო სავაჭრო დეპარტამენტში, მოგვიანებით კი საქმიანობა იზოტოპების კვლევით ინსტიტუტში (თბილისი) განაგრძო. 1984-86 წლებში მსახურობდა საბჭოთა კავშირის შეიარაღებულ ძალებში, 1980-იანი წლების ბოლოს კი მის ძმასთან ერთად რუსეთში წავიდა და ბიზნეს საქმიანობა წამოიწყო. იგი ამჟამად გახლავთ ერთ-ერთი მსხვილი საწარმოს - „რეგიონების ჯგუფის“ დირექტორი, მისი ძმა ზელიმხან მუცაევი კი რუსეთის დუმის დეპუტატია.