ქვის ლოდი სამეგრელოში, რომელიც ოდნავი შეხებითაც ირწევა

19:06 08-26-2019
583

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ყვირას მთაზე აღმართულია ცნობილი „ქუაქანცალია“-ს, იგივე მოქანავე უზარმაზარი ლოდი, რომელიც ოდნავი შეხებით ირწევა და თუ ძალას დაატანთ, ძვრასაც ვერ უზამთ.

ხალხში გავრცელებული ლეგენდის თანახმად, ოდესღაც ამ მხარეს „დევი“ შემოეჩვია, რომელიც აოხრებდა და ანადგურებდა აქაურობას. ამას განსაკუთრებით მაშინ აკეთებდა, როდესაც არამხუტუ( იგივე ამირანი) სხვა მხარეს იყო წასული, ხალხის დასახმარებლად. ბევრჯერ შეუთვალა არამხუტუმ დევს ნუ აკეთებ ამასო, მაგრამ არა და არ დაადგა საშველი დევს. არმხუტუმ ყვირას მთას დიდი ლოდი მოგლიჯა და ესროლა დევს. დევმა უკან დააბრუნა ლოდი. შვიდი დღე და ღამე იბრძოდნენ და ესროდნენ ამ ლოდს. ბოლოს არამხუტუმ იმარჯვა, თუმცა დაიჭრა. ​ნაიარევის ჩამოსაბანადჭითა გვალასთან ერთ ანკარა ვერცხლივით სუფთა ტბასთან მივიდა,მოიბანა ნაიარევი და მაშინვე მოურჩა. იმ ტბას კი ხალხმა „ტობავარჩხილი“ უწოდა. ეს ტბა დღესაც ისეთივე სუფთა და კრიალაა, როგორც ლეგენდის ნაამბობიდან ვგებულობთ.

წალენჯიხელი კახა კვარაცხელიას თქმით, ეს ადგილი გამოკვლევას საჭიროებს.

„მე და მერაბი ბევრს ვმოგზაურობდით ეგრისის მთებში და ბევრი რამის ერთობლივად გაკეთება არ დაგვცალდა, უდროოდ დატოვა წუთისოფელი. მერაბ კვარაცხელია იყო პედაგოგი. სპორტსმენი, მკვლევარი. მე კი მისი მოწაფე და ამ ჯერ კიდევ აუთვისებელ ადგილებს ვსწავლობდით,ასევე ვადგენდით ტურისტებისთვის მარშრუტებს, ტბამდე მისასვლელად,ეს ადგილები რომ შესასწავლი და გამოსაკვლევია, ეს უდავოა“,- განუცხადა „პრაიმტაიმს“ კახა კვარაცხელიამ

 

ავტორი: თეა შონია