ვინ უმაგრებს ზურგს კეზერაშვილს და ვისი მითითებით დაიწყო ახალი თამაში

17:33 08-26-2019
1782

უსამართლოდ დაჩაგრულის დამჩაგრავი, აუცილებლად უნდა დაისაჯოს! თვითონ ამბობენ, რომ კოაბიტაცია შეცდომა იყოო, აქედან გამომდინარე, მაგალითები აჩვენონ ხალხს, თუ რას ნიშნავს შეცდომების გამოსწორება, - ასე აფასებს და ხედავს ხელისუფლების მხრიდან საზოგადოების ნდობის შენარჩუნებას ექსპერტი მამუკა არეშიძე და აცხადებს, რომ ხელისუფლებამ კარგად თუ არ გადახედა თავის ქმედებებს, თუ არ ამოავსო ის ნაპრალი, რომელიც საზოგადოებასა და მას შორის არსებობს, ძალიან გაუჭირდება მომავალ არჩევნებში გამარჯვებაზე ფიქრიც კი.

მისივე თქმით, კორუფციის თემაა ძალიან სერიოზული, რომელსაც აუცილებლად სხვანაირი მიდგომა სჭირდება, ჩინოვნიკური აპარატის თავნებობა და ა.შ. ბევრი საკითხია, რომელთა ერთ წელიწადში გამოსწორება ძალიან რთულია, მაგრამ მცდელობა არ უნდა დააკლონ.

მამუკა არეშიძე „პრაიმტაიმთანსაუბრში აკონკრეტებს, რომ სამართლიანობის აღდგენაზე ზოგადად საუბრობს, სხვა შემთხვევაში გვარების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.

ექსპერტი ახალი ტელევიზიის შექმნაზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ეს საკითხი განსაკუთრებით საყურადღებოა, მით უმეტეს კეზერაშვილის შემთხვევაში. მაშინ როცა, კეზერაშვილის საქმიანობაში, ეჭვი შეაქვთ არამხოლოდ ქართველ სამართალდამცველებს, არამედ, სხვა ქვეყნებისას, როგორიცაა, საფრანგეთი, ისრაელი და სხვა.

„შესაძლოა, ახლა უშუალოდ ბრალი წაყენებული არ აქვს, მაგრამ ძიება ხომ მიმდინარეობს? იარაღით ვაჭრობასთან დაკავშირებით მის ჩართულობაზეა საუბარი. ადამიანებს ერთი მარტივი კითხვა აწუხებთ - საიდან გახდა ერთი ღარიბი ბიჭი უცებ მილიარდერი? ამაზე თვალთმაქცური პასუხის გაცემას აზრი არ აქვს, ჯობია, სიმართლე ითქვას, ან საერთოდ არაფერი. ასევე ეხება ეს ბევრ სხვას.

რაც შეეხება ფაქტებს, რომ კეზერაშვილი არაერთხელ დაუსხლტა მართლმსაჯულებას, ექსპერტი ამბობს, რომ ამის ბევრი მეთოდოლოგია არსებობს.

„2013 წელს, როდესაც კეზერაშვილის სახელზე 8 მილიონი დოლარის აბსოლუტურად უკანონო გადარიცხვა მოხდა საქართველოდან საფრანგეთში, მაშინ ის დააკავეს, შესაბამისი დოკუმენტები მოითხოვეს და ამათ პროკურატურიდან ფარატინა ქაღალდი გაგზავნეს. რის საფუძველზეც ფრანგი სამართალდამცველები იძულებული გახდნენ, რომ კეზერაშვილი გაეთავისუფლებინათ. ფარატინა ქაღალდი გაგზავნეს იმიტომ, რომ იმ პერიოდში გენერალური პროკურატურის საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვანო მერაბიშვილის დეიდაშვილი იყო. როგორ ფიქრობთ, ის კეზერაშვილის წინააღმდეგ გაგზავნიდა მამხილებელ დოკუმენტს? რასაკვირველია, არა. არ ვიცი, დღეს ეს პიროვნება ისევ მაგ თანამდებობაზე მუშაობს თუ არა, მაგრამ ამ ხელისუფლების პირობებში კარგა ხანს მანდ მუშაობდა. კოაბიტაციის ასეთი მახინჯი ფორმა, ნებისმიერ ქვეყანაში წარმოუდგენელია.

კითხვაზე, ყოფილი მაღალჩინოსნების მდგომარეობა იმ ხელისუფლებაში და შემდეგაც, მათი ტვინების დამსახურება იყო, თუ იმაზე უფრო სერიოზული „ზურგი“ ჰყავდათ, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია?- ექსპერტი პასუხობს, რომ ყველაზე მთავარი, სააკაშვილის მიერ შექმნილი პოლიტიკური კლიმატი იყო

„სააკაშვილს სჭირდებოდა ისეთი ტვინები, რომლებიც ქვიდან წყალს გამოადენდნენ. ასეთები კი სწორედ, კეზერაშვილი, ადეიშვილი, მერაბიშვილი, ახალია და სხვები იყვნენ“, - ამბობს არეშიძე.

ექსპერტი ამბობს, რომ ის ფაქტი, რომ კეზერაშვილმა დაუსჯელად იგრძნო თავი, იმის დასტურია, რომ მას ვიღაც უმაგრებს ზურგს.

„საქმე იმაშია, რომ კეზერაშვილმა დაუსჯელად იგრძნო თავი, ვიღაცამ ზურგი გაუმაგრა, მისი დანაშაულებების შესახებ დოკუმენტაცია ეტყობა მოსპო. რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, სამწუხაროდ, ჭორის დონეზეა, დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ხელში არ მიჭირავს, ბუნებრივია. მე მხოლოდ ის ინფორმაცია ვიცი, რაც თვითონ „ნაციონალური მოძრაობის“ კულუარებში ვრცელდებოდა, ასევე, მაშინდელ და ახლანდელ პრესაში. ასე რომ, როგორც ვთქვი, ეტყობა კეზერაშვილმა თავი დაუსჯელად იგრძნო და ახლა ეს თამაში დაიწყო. ცხადია, მარტო თვითონ ამას არ გააკეთებდა, როგორც ჩანს, მითითება სააკაშვილისგან მიიღო. თუმცა, ვიღაც აქ რომ უმაგრებს ზურგს, ფაქტია. ან ძალოვან სტრუქტურებში ან პოლიტიკურ ისტებლიშმენტში.

ავტორი: თამთა დადეშელი