წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელი გაათავისუფლეს

16:59 08-26-2019
1637

წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელი, გიორგი სამუშია წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლდა. ამის შესახებ ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ ბრალდებულის დამ, ქრისტინა სამუშიამ დაუდასტურა.

დიახ, გიდასტურებთ, გიორგი თავისუფალია“, - განაცხადა მან.

გიორგი სამუშაია უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეს საერთაშორისო აეროპორტში უკრაინელმა სამართალდამცველებმა მიმდინარე წლის 29 მაისს, 16:00 საათზე იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ქვეყანაში შესვლას ცდილობდა. გიორგი სამუშია ზაპოროჟიეს აეროპორტში ავიარეისით ბარსელონა-ზაპოროჟიე ჩაფრინდა. დაკავებული უკრაინულმა მხარემ საქართველოს გადმოსცა, ვინაიდან მასზე ოფიციალურად ძებნა იყო გამოცხადებული.

ახლა კი წინასწარი პატიმრობისთვის დადგენილი ვადის ამოწურვის გამო ის საბოლოო განაჩენის გამოტანამდე გათავისუფლდა. 

„გამომდინარე იქიდან, რომ პატიმრობის 9-თვიანი ვადა ამოიწურა, საქართველოს კონსტიტიციის თანახმად სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება გიორგი სამუშიას აღკვეთი ღონისძიების შეცვლის თაობაზე (პატიმრობა შეიცვალა 3 ათასი ლარის ოდენობის გირაოთი), არსებითი განხილვა ელბერტ კობერძის წამების საქმეზე  გრძელდება. აქვე მნიშვნელოვანია ერთი დეტალი, დაზარალებული ელბერტ კობერიძე ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე და მისი სასამართლოში გამოცხადება და გადაადგილება ვერ ხორციელდება გარკვეული შეზღუდვების გამო, თუმცა ბრალდების მხარე ცდილობს და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის რომ სასამართლოში წარმოადგინოს ყველა საჭირო მოწმის პოზიცია და მოახდინოს მათი დაკითხვა“, - განუცხადეს „პრაიმტაიმს“ პროკურატურაში.

გიორგი სამუშიას გამოძიება მეგის ქარდავას დავალებით არაადამიანურ მოპყრობასა და წამებას ედავება. გამოძიების ცნობით, არჩადენელი დანაშაულის აღიარებაზე უარის თქმის შემდეგ, მოქალაქე  ელბერდ კობერიძე ზუგდიდიდან თბილისში გადაიყვანეს და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში სასტიკად აწამეს. ამავე საქმეზე გიორგი სამუშიასთან ერთად ბრალდებულები არიან დათა ახალაია, მეგის ქარდავა, გიგი კალანდაძე და რომან შამათავა.

ავტორი: თეა შონია