ზელიმხან ხანგოშვილის საქართველოში გადმოსვენებაზე გერმანიის პროკურატურამ თანხმობა გასცა

14:23 08-26-2019
272

ზელიმხან ხანგოშვილის საქართველოში გადმოსვენებაზე გერმანიის პროკურატურამ თანხმობა გასცა,- ამის შესახებ საგარეო უწყების წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა განაცხადა.

„ვინაიდან საკითხს იძიებენ გერმანელი სამართალდამცველები, ამ ეტაპზე რაიმე სახის კონკრეტულ ინფორმაციას ვერ დავადასტურებ. პროკურატურამ გასცა თანხმობა გადმოსვენებაზე, რაზეც საელჩო უახლოეს მომავალში დაიწყებს მუშაობას,- აღნიშნა კონსტანტინიდმა.

მისივე თქმით, საქმეზე დამატებითი დეტალები უცნობია.

გერმანიაში პანკისის ხეობის მკვიდრი, ზელიმხან ხანგოშვილი 24 აგვისტოს მოკლეს.

რუსული მედიის ცნობით, ბერლინში მკვლელობაში ეჭვმიტანილი 49 წლის რუსეთის მოქალაქე დააკავეს.

გავრცელებული ცნობით, პოლიციამ მკვლელობის იარაღი და ის ველოსიპედი ამოიღო, რომლითაც მკვლელი მიმალვას ცდილობდა.

გერმანიაში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის სახელი საქართველოში რამდენიმე გახმაურებულ საქმეში ფიგურირებს, მათ შორისაა 2012 წლის ლაფანყურის სპეცოპერაცია.

გავრცელებული ინფორმაციით, ხანგოშვილი მონაწილეობდა რუსეთ-ჩეჩნეთის ომში და ამის გამო იძებნებოდა რუსეთის პოლიციის მიერ. რუსეთის მედია მას ხშირად მოიხსენიებდა როგორც „დოკუ უმაროვის წარმომადგენელს საქართველოში“