„საკვებზე ჯვრის გარდასახვით რადიაციაც კი ძალას კარგავს“ - დღეს ბერი გაბრიელის დაბადების დღეა

13:45 08-26-2019
459

„ყველა წესსა და კანონზე უპირატესი სიყვარულია. 

ნუ ზრუნავთ ხორცისთვის, იზრუნეთ სულისთვის, სული გადაირჩინეთ. 

ვინც ენასა და მუცელს სძლია, ის უკვე სწორ გზაზე დგას. 

მუცელში ბავშვს ყველაფერი ესმის. ღვთის სიტყვა უთხარით და ისე აღზარდეთ. მისთვის ხარ ამ ქვეყანაზე, რომ რაც შეიძლება ბევრი სიკეთე აღასრულო.

საჭმელზე მეტად ადამიანების სიყვარული უნდა გშიოდეს და ღვინოზე მეტად მათი სიყვარული უნდა გწყუროდეს. 

ღვთის განგების იმედი არასოდეს დაჰკარგო.

თუ ღვთის მცნებებს არ იცავთ, ნუ დაღლით უფალს ამდენი ლოცვით, არ მოგისმენთ და ლოცვა ცოდვად შეგერაცხებათ.  სიკეთე სამოთხის კარს გაგიღებს. თუ შენს ლოცვას კეთილი საქმე არ მოსდევს, ასეთი ლოცვა მკვდარია“, - იტყოდა ხოლმე ბერი გაბრიელი.

დღეს წმინდა მამა გაბრიელის დაბადების დღეა.

 ქართველი საეკლესიო მოღვაწე, არქიმანდრიტი, ბერი, 1929 წლის 26 აგვისტოს თბილისში, თეთრიწყაროს 11 ნომერში დაიბადა. ბავშვობაში გოდერძი ერქვა (გვარად ურგებაძე), ჩვილობაშივე მოუნათლავთ - წმ. დიდმოწამე ბარბარეს ტაძარში, ნავთლუღის უბანში. 

მის ოჯახში ქრისტეს  ხსენება მკაცრად იყო აკრძალული. მამა, ვასილ ურგებაძე, კომუნისტური პარტიის წევრი იყო, ხელმძღვანელობდა ეკლესიის დანგრევას და მის ადგილზე კინოთეატრის მშენებლობას. იგი მეუღლესაც (შემდგომში მონაზონი ანა)  უკრძალავდა ქრისტიანულ ცხოვრებას. 1931 წელს ვასილ ურგებაძე შეთქმულებმა ჯერ ყელსახვევით გაგუდეს, შემდეგ კი ტყვია ესროლეს. მამის პატივსაცემად, გოდერძის ბავშვობაში პატარა ვასიკოს ეძახდნენ.

გოდერძი სკოლაში 6 წლის ასაკში შეიყვანეს. წერა-კითხვა და არითმეტიკა ადვილად შეისწავლა. თბილისის 24-ე საშუალო სკოლის ექვსი კლასი დაამთავრა.

ქრისტეს სახელი პირველად 7 წლის ასაკში გაიგო, რამაც მამა გაბრიელის ჩვეული ცხოვრება სრულიად შეცვალა. ყველასგან მალულად, 70 მანეთი შეაგროვა და შეიძინა სახარება, რაც ახალი ცხოვრების საწყისად იქცა. წიგნი ნავთლუღის ბაზარში იყიდა. ბუკინისტს უთხრა, ქრიტეს ცხოვრების ისტორია მინდა შევიტყოო. როდესაც დახედა ნაყიდ წიგნს და სათაური „სახარება“ ამოიკითხა, ბაზარში უკან მიბრუნდა, ალბათ ბუკინისტმა სხვა წიგნი მომყიდაო, თუმცა გამყიდველს ვერსად მიაგნო: უთხრეს, ასეთი აქ არც არავინ ყოფილაო…

მერე გამუდმებით კითხულობდა სახარებას და ლოცულობდა. დედამ წმინდა წიგნი საპირფარეშოში ჩაუგდო. გოდერძიმ ამოიღო, გულში ჩაიკრა და ატირდა. იმ საღამოს სახლიდან გაიპარა. 

გზაში სხვადასხვა  მონასტრები იფარებდნენ, გაყინულსა და დაქანცულს ათბობდნენ და აპურებდნენ. დედამ მიაგნო და შინ დაბრუნება სთხოვა, ოღონდ დაბრუნდი და როგორც შენ გინდა, ისე იცხოვრეო. მამა გაბრიელმა ეზოში თავისი ხელით, ალიზით, ააშენა სენაკი, ისე პატარა, მხოლოდ თვითონ რომ შეძლებდა დაძინებას და იქ გადავიდა საცხოვრებლად. 

1949 წელს გაიწვიეს სამხედრო სამსახურში. მსახურობდა ბათუმში. მიუხედავად არმიაში არსებული სიმკაცრისა, გაბრიელი ახერხებდა ოთხშაბათს და პარასკევს მარხვას და ასევე ეკლესიაში სიარულს, სწორედ აქ შეისწავლა მან ხუცური დამწერლობა.

გოდერძი ურგებაძე საბჭოთა კავშირში პირველი სასულიერო პირი იყო, რომელიც ბერად აღიკვეცა და ააშენა ეკლესია.

1951-55 წლებში სამხედრო სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ, მამა გაბრიელმა თავის ეზოში ააგო ოთხგუმბათიანი ეკლესია, სადაც  კომუნისტების მიერ ჩამორთმეული, გადაყრილი, თუ მიტოვებული ხატები დააბრძანა, რომელთაც ის სათითაოდ ეძებდა და პოულობდა: „ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის ღმერთი ვერ იქნება მამა“– ამბობდა მამა გაბრიელი. ხელისუფლება  ცდილობდა დაენგრია ეკლესია, მაგრამ უშედეგოდ (ეკლესია დღესაც დგას თეთრიწყაროს ქუჩაზე საკმაოდ დაზიანებული და შეცვლილი ფორმით).

 

1955 წელს გოდერძი დიაკვნად აკურთხეს, ხოლო 23 თებერვალს ქუთაისის მოწამეთას მონასტერში ბერად აღიკვეცა და მისი სურვილისამებრ ეწოდა გაბრიელ ათონელი. 3 დღის შემდეგ წმ. პეტრე-პავლეს საკათედრო ტაძარში ქუთათელ-გაენათელმა ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ჩაჩანიძე) მღვდელ-მონოზვნად აკურთხა. 

მამა გაბრიელმა 1965 წლის 1 მაისს,  კომუნისტური აღლუმის დროს, დაწვა ლენინის 12 მეტრიანი პორტრეტი. დაკითხვაზე მამა გაბრიელმა განაცხადა: იქ უნდა ეკიდოს ქრისტეს ჯვარცმა და არა – ლენინის სურათი. კაცს რად უნდა დიდება. უნდა ეწეროს: დიდება ქრისტე ღმერთს. გაავებულმა ბრბომ მამა გაბრიელი უმოწყალოდ ჩაქოლა, გამოცხადდა სამოქალაქო განგაში და ბერი სიკვდილს მხოლოდ მე-8 პოლკის ჩარევამ გადაარჩინა. იზოლატორში იგი ყბა-სახისა და სხეულის 17 მოტეხილობით გადაიყვანეს, კრემლიდან გაიცა ბრძანება ბერის გაუსამართლებლად დახვრეტის შესახებ, რაც შემდეგ შეიცვალა უზენაესი სასამართლოს 1965 წ. 3 აგვისტოს განჩინებით. მამა გაბრიელი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას უკიდურესად არაჰუმანურად ეპყრობოდნენ.

მამა გაბრიელის  ბავშვობის ნატვრა იყო მცხეთის დედათა მონასტრის ტერიტორიაზე არსებულ, მეფე მირიან III-ის კოშკში ცხოვრება. ეს ნატვრა აისრულა და ბერი იქ ცხოვრობდა.

1995 წელს ბერი წყალმანკით მძიმედ დაავადდა. გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე საქართველოს პატრიარქმა ილია II-მ გაბრიელ ბერი არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანა. 

1995 წ. 2 ნოემბერს არქიმანდრიტი გაბრიელი გარდაიცვალა. მამა გაბრიელმა საკუთარი გარდაცვალების თარიღი იწინასწარმეტყველა.

იგი ანდერძისამებრ დაკრძალული იყო ბერ-მონაზვნური წესით, ჭილოფში გახვეული, მცხეთის დედათა მონასტრის სასაფლაოზე: „უკუბოოდ, მანტიით დამმარხონ. ყველას გთხოვთ, მთელი სიყვარულით, ოდეს გაივლით ჩემს საფლავის გვერდით, შენდობა სთქვით დიდი ცოდვილისა, მიწა ვიყავ, მიწად მივიქეცი".

გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე გაბრიელ ბერს მოუგონებია თავისი ბავშვობის ეს პერიოდი: “მეორე სართულზე, აივანზე ვიჯექი ჩემთვის ჩაფიქრებული, როდესაც შინაგანი კარნახივით მომეცა – ცას ახედეო. ავდექი, აივნის ნაპირთან მივედი, ავიხედე და ვხედავ, ცაზე დიდი ჯვარი იყო აღმართული. მაშინ ვერა, მაგრამ ახლა კი ვიცი, რომ ეს იყო ჩემი ჯვარი, რომელიც ღმრთისა და მოყვასის სიყვარულით უნდა მეტვირთა და მეტარებინა”.

ამავე პერიოდს ეხება გაბრიელ ბერის კიდევ ერთი მოგონება:

– ღამე, როცა მეძინა, უეცრად გამეღვიძა და დავინახე, ჩემ წინ საზარელი სახის დემონი აღმართულიყო. რისხვით მიყურებდა. ღმრთის მადლით, არ შემშინებია, დავიძაბე, მაგრამ არც არაფერი ვიღონე მის განსადევნად, უბრალოდ, გაკვირვებით შევყურებდი. მან დამიღრიალა: შენ მებრძვი მეო?! და მუშტი თავში ჩამარტყა. 

პატარა ვასიკომ ამ განსაცდელით სარგებელი ჰპოვა, რაშიც თვით გაბრიელ ბერის მოგონებაც გვარწმუნებს: როდესაც დემონი ვიხილე, მაშინ სრულიად განმტკიცდა ჩემი რწმენა ქრისტეში, რადგან ვთქვი, თუკი ეშმაკი არსებობს, ღმერთი ხომ უფრო მეტად-თქო და თან ამით კიდევ, მოყვასო, ადამიანის სილამაზე დავინახე და დავაფასეო.

2012 წლის 20 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა მამა გაბრიელი წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 2 ნოემბერი დააწესა.

 2014 წლის 22 თებერვალს მამა გაბრიელის საფლავი გაიხსნა. წმინდა ნეშტი ჯერ ფერიცვალების დედათა მონასტერში გადააბრძანეს, სადაც კათოლიკოს-პატრიარქმა პარაკლისი გადაიხადა. მოგვიანებით ის სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გაადასვენეს, შემდეგ კი სამების საკათედრო ტაძარში, სადაც მომლოცველებს ერთი კვირის განმავლობაში ჰქონდათ მისი ნახვა-მთხვევის საშუალება. მას შემდეგ კი წმინდა მამის ნეშტი სამთავროს ფერიცვალების მიძინების ტაძარში საგანგებოდ გამზადებულ აკლდამაშია დასვენებული.

წმ. ღირსი მამა გაბრიელის აღმსარებელისა და სალოსის წმ. ნაწილები დაბრძანებულია სამთავროს დედათა მონასტრის ფერიცვალების ეკლესიაში, ქ. მცხეთაში. მონასტრის მოლოცვა შესაძლებელია ყოველ დღე დილის 9 საათიდან საღამოს 7 საათამდე.

არქიმანდრიტი გაბრიელის სისხლი, რომელიც ექიმმა-ქირურგმა ზურაბ ვარაზაშვილმა აიღო ანალიზის ჩასატარებლად, დღემდე უხრწნელია. ბერი გაბრიელის საფლავზე დედა პარასკევა, სინჯარაში მოთავსებული ბერის სისხლით, ჯვარს სახავდა იქ მისულთ. ამ პროცესს საოცარი ჟრჟოლვა ახლავს თან... წმინდანის მადლი გადმოდის ყველა მორწმუნეზე... 

მამა გაბრიელის საფლავთან, ჩაუქრობელ კანდელში ჩასხმულ ზეთს, მამა გაბრიელის სიწმინდის გამო, ღვთისგან კურნების ძალა და მადლი ენიჭება. საოცარი კურნებით ხშირად ექიმებიც გაოცებულან, რადგან მათი დიაგნოზი ავადმყოფის გადარჩენას გამორიცხავდა.

საზოგადოებრივ-რელიგიური ინტერნეტ ჟურნალის „ამბიონის“ სტატიაში ვკითხულობთ იმ მორწმუნეთა კომენტარებს, რომლებიც წმინდა ბერი გაბრიელის საფლავიდან აღებული ზეთისცხებით სასწაულებრივად განიკურნენ.

ციალა დვალიშვილი-მეფარიშვილი: “ერთ დღეს, როდესაც ჩვეული სადიასახლისო საქმიანობით ვიყავი დაკავებული, მოულოდნელად შევნიშნე, რომ მკერდზე დიდი კვერცხის ოდენა სიმკვრივე გაჩენილიყო, ძალიან მაგარი და დიდი იყო, შემეშინდა, მაგრამ ჩემს შვილებს არ გავუმხილე. ახლობლის რჩევით ლოცვებით მამა გაბრიელის ზეთის ცხება დავიწყე. მოხდა საოცრება და ამხელა სიმკვრივე ერთ კვირაზე ნაკლებ დროში სრულიად გაქრა. უკვე წლები გავიდა და დღემდე ეს სასწაული რწმენაში მაძლიერებს”.

ჯენეტი მენაბდიშვილი: “ჩემს ბავშვს ორი წლის განმავლობაში თავზე, კეფის არეში ჰქონდა ამობურცული სიმსივნე, რომელიც არ რჩებოდა და სტკიოდა. ხელს ვერ იკარებდა. მამა გაბრიელის საფლავიდან წამოვიღე მიწა და ზეთი. საღამოს ლოცვის შემდეგ რომ წავუსვი, დილით უკვე აღარ ჰქონდა. ნაკვალევიც კი აღარ აქვს”.

მარინა (მარიამ) კვიციანი: “ორი თვის ფეხმძიმე ვიყავი. გადავიღე ექოსკოპია. გამოჩნდა, რომ ბავშვს მუცლის არეში გააჩნდა კისტური წარმონაქმნი. ისეთ რთულ ფორმებში ჰქონდა, რომ ექიმის რჩევით, აუცილებელი იყო აბორტის გაკეთება, რაზეც უარი ვთქვი. დავიწყე მამა გაბრიელის საფლავზე სიარული და ზეთის ხმარება. გაჩნდა უჯანმრთელესი ბავშვი. მედპერსონალი გაოცებული დარჩა."

მამა გაბრიელის სწავლებანი

"გიყვარდეთ ერთმანეთი, საქართველო სიყვარულმა უნდა გადაარჩინოს. ბოლო ჟამია, თქვენ ანტიქრისტეს მოესწრებით. უფალი მოგთხოვთ ღვთისა და მოყვასის სიყვარულს. ვინც შეინარჩუნებს სიყვარულს, ის გადარჩება.

აღსარება და ზიარება იმხელა საიდუმლოა, რომ ადამიანის გონება ვერ ჩასწვდება. ეს არის ღვთისგან ბოძებული უდიდესი მადლი დედამიწაზე."

“ერთხელ მამა გაბრიელმა ჭიქით წყალი მომაწოდა. მე პირდაპირ დავლიე, მან კი მითხრა: “რა ადვილი ყოფილა შენი დაღუპვაო”.

აუცილებელია ყოველ ნივთს, გვაწვდიან თუ ჩვენით ვიღებთ, ჯერ ჯვარი გადავსახოთ, შემდეგ კი ავიღოთ. განსაკუთრებით საჭმელ-სასმელს, რადგან ჯადოს მოქმედების უმეტესი მავნებლობაც ამ გზით ვრცელდება.

ჯვარი ყოველივე ბოროტების დამწველია. რადიაციაც კი ძალას კარგავს საკვებზე ჯვრის გადასახვის შემდეგ. მოწამლულიც რომ მოგაწოდოს ვინმემ მისგანაც დაგიფარავს, მაგრამ თუ შენ წინასწარ იცი რომ მოწამლულია, აუცილებელია ასეთისგან თავი შეიკავო, რომ უფლის გამოცდაში არ ჩაგეთვალოს და არ დაიღუპო.

ნუ მოგერიდებათ, რომ ყოველთვის და ყველაფერს ჯვარი გადასახოთ, სადაც არ უნდა იყოთ და ვისგანაც არ უნდა იღებდეთ რამეს. წმინდანს და მორწმუნეს ეს არასოდეს ეწყინება, რადგან ამაში შენს რწმენას დაინახავს. ურწმუნოს აზრი კი შენ არ უნდა გაინტერესებდეს და, თუ მაინც ისეთ სიტუაციაში ხარ, რომ გერიდება ვინმესგან მოწოდებულს ხელით ჯერ ჯვარი გადასახო და შემდეგ გამოართვა, მაშინ თვალით და გონებით მაინც გადასახე ჯვარი შემდეგი სიტყვებით: “სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ამინ.”

მასალა მომზადებულია ინტერნეტსივრცეში განთავსებული სტატიების მიხედვით

ავტორი: თამარ გონგაძე