ქართველი პოეტის თვითმკვლელობის სკანდალური მოტივი - ეს ამბავი არ ხმაურდებოდა

12:45 08-26-2019
18229

ეს სკანდალური ისტორია წლების მანძილზე გარკვეული მიზეზების გამო არ გახმაურებულა. საქმე ცნობილ ქართველ პოეტს, ტაგუ მებურიშვილს ეხება. საზოგადოებ ნაწილს დღესაც ახსოვს 2007 წელს ვაჟა-ფშაველაზე მომხდარი ტრაგედია.

იმ წლის 10 აპრილს ტაგუ მებურიშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 72 წლის პოეტი საცხოვრებელი კორპუსის მე-4 სართულიდან გადმოხტა.

თვითმკვლელობასთან დაკავშირებით იმ პერიოდშიც გავრცელდა სხვადასხვა ვერსიები, თუმცა ამაზე ხმამაღლა საუბარს ყველა ერიდებოდა. გარდაცვლილის ქალიშვილმა, პოეტმა ირმა მებურიშვილმა თვითმკვლელობის რეალურ მიზეზებზე პირველად „პრაიმტაიმთან“ ისაუბრა.

სულიერი აშლილობა თუ თვითმკვლელობამდე მიყვანა? რა მოხდა ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრე გამართულ მწერალთა კავშირის გამგეობის სხდომაზე? ვინ და რატომ ებრძოდა პოეტს, რომლის პოეზი ლიტერატურათმცოდნეების უდაო მოწონებას იმსახურებდა?

მწერალთა კავშირში ინახება გამგეობის სკანდალური სხდომის სტენოგრამა... ირკვევა, რომ ტაგუ მებურიშვილს, რომელიც გამომცემლობამერანში“ 25 წელი პოეზიის განყოფილებას ხელმძღვანელობდა, უმწვავესად დაუპირისპირდა გამომცემლობის დირექტორი, პოეტი ვაჟა ოთარაშვილი. ოთარაშვილმა ღვაწლმოსილი პოეტი სამსახურიდან დაითხოვა, გამგეობის სხდომაზე კი უცენზურო სიტყვებით მოიხსენია. საქმე ლამის ფიზიკურ შეურაცხყოფამდეც კი მივიდა, თუმცა დაპირისპირებული მხარეები დროულად გააშველეს. ამ ამბიდან დაახლოებით ერთ კვირაში ტაგუ მებურიშვილი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს. გამგეობის სხდომაზე მომხდარი სკანდალი კი რატომღაც ჩაიფარცხა, თუმცა ამ საქმეს ჰყავს თვითმხილველებიც და მტკიცებულების სახით არსებობს სხდომის ოქმიც.  

ირმა მებურიშვილი, პოეტი:

ამ დეტალებზე ჯერ არსად მისაუბრია და დღესაც არავის დასჯას არ ვითხოვ, ყველას ღმერთი მიუზღავს. საერთოდ ვაჟა ოთარაშვილი დესპოტური ხასიათის ადამიანია. მე მოგვიანებით გავიგე, რომ გამგეობის იმ სხდომაზე საცემადაც კი გაიწია მამაჩემზე, 72 წლის დამსახურებულ პოეტს ფიზიკურ ანგარიშსწორებას უპირებდა. ასე უთხრა, წადი, აქ არავის სჭირდებიო, უნიჭო პოეტი უწოდა. წადი და პენსიას გამოგიგზავნიო. თვითონ მამაჩემს ჩემთვის არაფერი უთქვამს, საერთოდ არ უყვარდა საკუთარ პრობლემებზე საუბარი. მე მოგვიანებით შევიტყე იმ ადამიანებისგან, რომლებიც ამ სხდომას ესწრებოდნენ. გამგეობის სხდომა იყო პარასკევს, ერთ კვირაში კი თავი მოიკლა. დღეს ვაჟა ოთარაშვილს დანაშაულს ვერ დავუმტკიცებ, ვერ ვეტყვი, რომ ადამიანი თვითმკვლელობამდე მიიყვანა, მაგრამ ფაქტია, რომ სწორედ ამ ინციდენტმა გამოიწვია ტრაგედია. მოგეხსენებათ, როდესაც ხარ დამსახურებული პოეტი, გცემენ პატივს და ერთ მშვენიერ დღეს გამოგიცხადებენ, რომ შენ ხარ უნიჭო და არავის სჭირდებიო, ძნელი გადასატანია. მით უმეტეს ასაკოვანი ადამიანისთვის. ადამიანის მკვლელობისთვის მარტო ცივი იარაღი არაა საჭირო, შეიძლება ის მორალურად გაანადგურო და სიკვდილამდე მიიყვანო...

ამ სხდომაზე მამაჩემს მიაყენეს სერიოზული შეურაცხყოფა და გამოაგდეს სამსახურიდან, სხვათა შორის იქვე გამხდარა ცუდად. იქიდან სიმონა ბალახაძეს, რომელიც იყო გამგეობის წევრი, წაუყვანია ექიმთან...

მამაჩემი არ იყო მხოლოდ თანამშრომელი, ის იყო მაღალი რანგის პოეტი და ასეთ შეურაცხყოფას არ იმსახურებდა. როგორც ჩანს ვაჟა ოთარაშვილი იმიტომ დაუპირისპირდა, რომ შეეშინდა გამომცემლობამერანისწილი არ მოეთხოვა, არადა მთელი გამომცემლობა რამდენიმე ადამიანმა საკუთარ ჯიბეში ჩაიდო. შესაძლოა არც ეს ყოფილიყო მიზეზი, მას უბრალოდ არ სურდა გამომცემლობაში არასასურველი ადამიანის ყოფნა, რადგან სურდა მთლიანად ემართა სიტუაცია. მას უნდოდა გამომცემლობა საკუთარ დუქნად გადაექცია და მოახერხა კიდეც...

ძალიან გულმოკლული იყო სამსახურიდან ასე რომ გაუშვეს, იტირა კიდეც, თუმცა გამგეობის სხდომაზე მომხდარი ინციდენტის შესახებ ხმაც არ დასცდენია. სხვათა შორის მამაჩემი არ არის პირველი შემთხვევა.

ამ სტატიის მომზადების პროცესში „პრაიმტაიმი“ ვაჟა ოთარაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც ტაგუ მებურიშვილთან ყოველგვარი დაპირისპირება უარყო.

2007 წელს? აბა რა უნდა გითხრა, გუშინ რა მოხდა ის არ მახსოვს, 2007 წლის ამბავი როგორ გავიხსენო. არავითარი დაპირისპირება არ ყოფილა, პირიქით, პატივს ვცემდი და ხელფასს იღებდა გამომცემლობაში. არავის არ გაუთავისუფლებია. ესეც მცდარი ინფორმაციაა. იყო გამომცემლობის რედაქტორი. სამწუხაროდ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე“, - განაცხადა ვაჟა ოთარაშვილმა.

წყარო: გაზეთი „პრაიმტაიმი“, 2011 წელი.