არჩევნებმა მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩაიარა - რუსეთის დუმის დეპუტატი

12:27 08-26-2019
20

„აფხაზეთის „საპრეზიდენტო არჩევნებმა“ მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩაიარა“,- ამის შესახებ რუსეთის სათათბიროს დელეგაციის წევრმა დიმიტრი იონინმა, სოხუმში შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

როგორც დიმიტრი იონინი ამბობს, დუმის დელეგაცია 30-ზე მეტ საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა და ამ უბნებს საკუთარი ინიციატივით არჩევდნენ.

მისივე თქმით, ე.წ. არჩევნებზე დეპუტატებმა მოახერხეს კომუნიკაცია დამკვირვებლებთან და ამომრჩევლებთან.

„ჩვენ აღვნიშნეთ არჩევნების გამჭვირვალობა, სხვადასხვა შტაბების დამკვირვებლები ერთმანეთს პატივისცემით ექცეოდნენ. არჩევნებმა მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩაიარა“, - განაცხადა იონინმა.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში გუშინ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა.

პრეზიდენტობისთვის ცხრა კანდიდატი იბრძოდა, მათ შორის მოქმედი პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა.  ე.წ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, ვერც ერთმა კანდიდატმა  ვერ გადალახა 50%-იანი ბარიერი.

აფხაზეთში მეორე ტური გაიმართება, სადაც ერთმანეთს ამჟამინდელი ე.წ. ლიდერი რაულ ხაჯიმბა და ოპოზიციონერი ალხას კვიცინია დაუპირისპირდებიან. მეორე ტური მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ჩატარდება.