აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ერთიან სახელმწიფო სივრცეში მშვიდობიანად დაბრუნდება - სალომე ზურაბიშვილი

12:16 08-26-2019
27

საქართველოს პრეზიდენტი 26 აგვისტოს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას ეხმაურება და ამბობს, რომ საქართველოს არც ერთი ხელისუფლება, არც მოქმედი და არც მომავალი, არ შეეგუება ამ ფაქტს ისევე, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობა, რომელმაც დაგმო ეს ფაქტი.

როგორც ზურაბიშვილი ამბობს, მისი სურვილია, რომ აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი მისი პრეზიდენტობის დროს დაბრუნდეს.  

„მჯერა, რომ დადგება დრო, როდესაც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ერთიან სახელმწიფო სივრცეში მშვიდობიანად დაბრუნდება.

ჩემი უმთავრესი სურვილი და უდიდესი მიზანია, რომ ეს მოხდეს უახლოეს მომავალში, ჩემი პრეზიდენტობის ვადაში, რისთვისაც გამოვიყენებ ყველა გზას და საშუალებას. მე ვიქნები გარანტი იმისა, რომ იმ დროის აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ ღირსეული ცხოვრების, თავისუფალი არჩევანის და სიტყვის თავისუფლების უფლება, მსგავსად საქართველოს ყველა მოქალაქისა, მიუხედავად მათი ეთნიკური წარმომავლობისა, როგორიც ეკადრება დემოკრატიული, თავისუფალი ქვეყნის - საქართველოს მოქალაქეს!“- წერს საქართველოს პრეზიდენტი.