Exclusive: ტატამზე გასვლის წინ "მამაო ჩვენოს" გულში ვიმეორებ, ეს დაუმარცხებელს მხდის - ქართველი მსოფლიო ჩემპიონი

12:02 08-26-2019
321

ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონი ძიუდოში ლუხუმ ჩხვიმიანი მესტიის რაიონ სოფელ ლაყვრში დაიბადა. თუმცა შემდეგ ოჯახი საცხოვრებლად ზუგდიდში გადავიდა. ის ზუგდიდის მე-9-ე საჯარო სკოლაში მეათე კლასამდე სწავლობდა. გუშინ ლუხუმ ჩხვიმიანი მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

„პრაიმტაიმი“ ლუხუმს დაუკავშირდა.

„სოფელში, საცხოვრებელი სახლიდან სკოლამდე 6კმ იყო ფეხით გასავლელი მანძილი. არანაირი პირობები არ იყო ლაყვრეში, რომ დავრჩენვილვიყავით... და-ძმასთან ერთად ზუგდიდში გადმოვედით საცხოვრებლად, ვექტორის დასახლებაში. ტერიტორიულად მაწყობდა, მეცხრე საჯარო სკოლა და მშობლებმაც აქ შემიყვანეს... მერე იყო ძიუდოთო გატაცება. ჩემი პირველი მწვრთნელი იყო მერაბ ფიფია. დაუღალავად ვშრომობდი, ვარჯიშობდი და სწორედ 15 წლიანმა მომზადებამ მომცა შედეგი... ბოლო სამი-ოთხი თვე იღბლიანი გამოდგა ჩემთვის...ჯერ ევროპის ჩემპიონი და ახლა კი გავხდი ტოკიოში- ძიუდოს სამშობლოში მსოფლიო ჩემპიონი,-გვიყვება ლუხუმი ტოკიოდან.

მსოფლიო ჩემპიონის თქმით, იაპონიაში სინჯის მედლის მოპოვება, ერთ-ერთ უძლიერეს ჩემპიონატზე უდიდესი გამარჯვებაა.

„მადლობას ვუხდი ყველას, ყველა გულშემატკივარს და ჩემს მშობლიურ სკოლას. განსაკუთრებით სკოლის დირექტორს თეა გაბელაიას, რომლისგანაც მუდმივად მხარდაჭერას ვგრძნობ... ბოდიში მინდა მოვუხადო პედაგოგებს, მაინცდამაინც სწავლაში გამორჩეული მოსწავლე არ ვიყავი... როგორც კი მოვიცლი ჩავალ ზუგდიდში ჩემს სკოლაში“, - ამბობს ლუხუმი.

ლუხუმ ჩხვიმიანის თქმით, შეჯიბრებებზე გასვლის წინ ყოველთვის ასრულებს ერთ რიტუალს.

„მოგეხსენებათ, ტატამზე გასვლის წინ პირჯვრის გადაწერა დაუშვებელია. გულში ვიმეორებ „მამაო ჩვენოს“, რაც მაძლიერებს და ძალას მმატებს. სწორედ, ასე იყო გუშინ ტოკიოში. შვიდ მეტოქესთან ვიასპარეზე და მოხდა ის, რაც მოხდა ღმერთის და ჩემი 15 წლიანი დაუღალავი შრომის შედეგი...“ - ამბობს ჩხვიმიანი.

რაც შეხეება ლუხუმის სამომავლო გეგმებს, ის მსოფლიო ოლიმპიადისთვის ემზადება, რომელიც 2020 წელს ჩატარდება.

„ვემზადები უკვე მსოფლიო ოლიმპიადისთვის,რომელიც გაისად ისევ ტოკიოში ჩატარდება.გულშემატკივრების ენერგეტიკა დაუმარცხებელს მხდის.ვზივარ ახლა შეჯიბრის მერე ტოკიოს ერთ-ერთ სასტუმროში 30-ე სართულზე და მომდევნო შეჯიბრზე ვფიქრობ. ასევე, ვფიქრობ, სოფელ ლაყვრში სახლის აშენებაზე. იქაური ფუძე არ უნდა მოიშალოს,ჩ ემი წინაპრების, ასევე ზუგდიდში განვაახლებ სახლს“- ამბობს ლუხუმ ჩხვიმიანი.

ლუხუმ ჩხვიმიანი საქართველოში ტოკიოდან ერთი კვირის შემდეგ დაბრუნდება.