„პრაიმტაიმი" ერთადერთი აღმოჩნდა, რომელმაც ფოტო თავად მოხუც ფოტოგრაფს გადაუღო

19:59 08-25-2019
131

„პრაიმტაიმისთვის ცნობილი გახდა, რომ დღეს მოხუცი ფოტოგრაფის დაბადების დღეა. ის 83 წლის გახდა. გარი ზურაბაშვილი უნიკალური ფოტოაპარატების კოლექციას ფლობს.  

დაახლოებით 140 წლის წინ, პირველი ქართველი ფოტოგრაფი, ალექსანდრე როინაშვილი, ბუნებრივია, ვერ წარმოიდგენდა, რომ გავიდოდა წლები და სახლთან, რომელშიც თელავში, ერთი წლის განმავლობაში ცხოვრობდა, იქ გამოფენილი მისი ფოტოს სანახავად, პატარა თელაველი ბიჭი თითქმის ყოველდღე ივლიდა. ასე გახდა, პირველი თელაველი ფოტოგრაფი ალექსანდრე როინიშვილი გარი ზურაბიშვილის შთაგონების წყარო. 

გარი ზურაბიშვილი ბავშვობიდან ოცნებობდა, ისიც ფოტოგრაფი გამხდარიყო და ფოტოაპარატი ჰქონოდა. თუმცა, ბავშვობა სიღარიბეში გადიოდა და ოჯახმა ბიჭი ვერც ფოტოგრაფიის კურსებზე შეიყვანა და ვერც ფოტოაპარატი უყიდა.

ასე გავიდა დრო, სანამ 18 წლის ასაკში არმიაში არ გამოიძახეს. ტაგანროგის სამხედრო ნაწილში მყოფს, ბიძამ ამანათი გაუგზავნა, რომელშიც ბიძაშვილის ხელით ნაქსოვი შალის წინდებიც ეწყო. ყურებს არ უჯერებდა, როცა უზბეკი ეროვნების ჯარისკაცმა, წინდების სანაცვლოდ, ფოტოაპარატი „სმენა შესთავაზა. ასე დაიწყო გარი ზურაბიშვილის ფოტოგრაფობის ისტორია, რომელიც თითქმის ორმოც წელს გაგრძელდა.

„ეს ჩემი პირველი ფოტოაპარატი იყო. ჩემი თავი ფოტოგრაფიის ფუძემდებელი მეგონა. ვერ ვიჯერებდი, რომ ხელში ფოტოაპარატი მეჭირა“- ჰყვება მოხუცი ფოტოგრაფი.

ტაგანროგში, სამხედრო ნაწილში მყოფებს, ფოტოებს უმეტესად ოჯახებში გასაგზავნად უღებდა. თუმცა, იშვიათად, ობიექტივზე ქალაქის აღბეჭდვასაც ახერხებდა. ბავშვობიდან ნანატრმა პროფესიამ ნაწილში პოპულარობა და პატივისცემა მოუტანა.

„ყველასთვის „საჭირო ვიყავი. იმდენად მაფასებდნენ, მამაჩემი რომ გარდაიცვალა, სამხედრო ოლქის ხელმძღვანელმა, თბილისში, საკუთარი ვერტმფრენით გამომგზავნა და ათდღიანი შვებულებაც მომცა“ - იხსენებს გარი ზურაბიშვილი.

ცხოვრება ფოტოგრაფიის სიყვარულით გრძელდებოდა. განსაკუთრებით, ისაკ ტორის ნამუშევრებით იყო აღფრთოვანებული. თუმცა, ფოტოგრაფიის პროფესიულად შესწავლა მაინც ვერ ხერხდებოდა. ამის მიუხედავად, თვითნასწავლი ფოტოგრაფის ობიექტივი ასობით ადამიანის ისტორიასა და საინტერესო წუთებს ინახავდა. განსაკუთრებით, ისტორიული ადგილების გადაღება უყვარდა.

„დღემდე მიყვარს ნეკრესის მონასტერი და ხედი მაღლიდან, ასეთს სად ნახავს კაცი?!  ხშირად დავდიოდი და დღემდე შემონახულ უნიკალურ ადგილებს ვიღებდი. ერთ- ერთზე პოემაც დავწერე, მაგრამ არ გამომიქვეყნებია. ლექსებიც მაქვს, მაგრამ არც მათ უნახავთ დღის სინათლე“- განაგრძობს თხრობას გარი ზურაბიშვილი.

ასაკი და თანამედროვე ტექნოლოგიები მოხუც ფოტოგრაფს მოკავშირეებად არ გამოადგა. არც შვილებმა ისურვეს მისი პროფესიის გაგრძელება. ადგილიც, სადაც ის ფოტოებს ამზადებდა, ოჯახს სხვა დანიშნულებისთვის დასჭირდა.

„ძალიან სწრაფად განვითარდა ტექნოლოგიები. ტელეფონითაც კი შეიძლება ფოტოს გადაღება. ოჯახიც გაიზარდა, ფოტოგრაფობაც არავინ ისურვა, ფოტოებიც გამეფანტა და მეც დავბერდი“- ამბობს ფოტოგრაფი.

ხელუხლებელი მხოლოდ ფოტოაპარატების უნიკალური კოლექცია დარჩა- ოცდაათიანი წლებიდან ოთხმოციან წლებამდე გამოშვებულიდან, რომელსაც გარი ზურაბიშვილი ვერაფრით შეელია. დროდადრო გადმოაწყობს, მოუვლის და ისევ ძველ ადგილას ინახავს.

დღეს მოხუცი ფოტოგრაფი 83 წლის გახდა, თუმცა „პრაიმტაიმი ერთადერთი აღმოჩნდა, რომელმაც ფოტო თავად ფოტოგრაფს გადაუღო.

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი