აფხაზეთში ე.წ არჩევნები დემოკრატიულად მიმდინარეობს - დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ საგარეო უწყება

18:34 08-25-2019
25

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების თქმით აფხაზეთის „საპრეზიდენტო არჩევნები“ დემოკრატიულად მიმდინარეობს. გარდა ამისა აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი, საქართველოს საგარეო უწყების განცხადებას გამოეხმაურა. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება.

გამოცემის ინფორმაციით დე ფაქტო აფხაზეთში ე.წ არჩევნებს ესწრებიან დიდი რაოდენობით საერთაშორისო დამკვირვებლები, მათ შორის, გერმანიიდან და ავსტრიიდან. მისივე განცხადებით, პროცესები, რომლებიც ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარეობს, ადასტურებს, რომ „სახელმწიფო სამართლებრივ კალაპოტში ვითარდება.“

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალი არაფერი უთქვამს. ეს ისევ ის პროპაგანდისტული შტამპია, რაც მთელი ამ დროის განმავლობაში გააჩნია საქართველოს და მის მუდმივ ტირაჟირებას ახდენს. ერთადერთი, რაც ამ კონტექსტში შემიძლია ვთქვა, არჩევნები ყოველგვარ სამართლებრივ და დემოკრტაიულ ნორმებსა და სტანდარტებს შეესაბამება და მიმდინარეობს კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში“, - განაცხადა აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა განაცხადა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. არჩევნები მიმართულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ და წარმოადგენს ეთნიკური წმენდის დაკანონების მორიგ უშედეგო მცდელობას.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები დღეს იმართება. როგორც საოკუპაციო რეჟიმი იუწყება, „პრეზიდენტობისთვის ცხრა კანდიდატი იბრძვის და მათ შორისაა მოქმედი პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა. რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონში მოწყობილია 35 საარჩევნო ოლქი და 152 უბანი.