საკონტრაქტო სამხედროებისთვის ბინების მშენებლობა წელს დასრულდება -პრემიერი

14:28 08-17-2019
16

საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეებისთვის ბინების მშენებლობა, რომლის ვალდებულება სახელმწიფომ 2007 წელს აიღო, წელს დასრულდება - ეს განცხადება  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წეროვანში მდებარე სარეაბილიტაციო ცენტრში, სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრისას გააკეთა

მთავრობის მეთაურმა წეროვანში ახალი სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა დაათვალიერა, რომლის დასრულება წლის ბოლომდე იგეგმება და ამერიკელ პარტნიორებს პროექტის განხორციელებაში გაწეული დახმარებისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

„წეროვანში შენდება ახალი სარეაბილიტაციო ცენტრი ჩვენი გმირი ჯარისკაცებისთვის, რომლებიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში და საერთაშორისო მისიებში დაიჭრნენ. ეს იქნება მსგავსი სტანდარტით და ტექნოლოგიებით აღჭურვილი ერთადერთი ცენტრი ჩვენს რეგიონში და მსურს, ამ პროექტის მხარდაჭერისთვის ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. ჩვენ ამ ცენტრის მშენებლობა შარშან ზაფხულში დავაანონსეთ და ის წლის ბოლომდე დასრულდება”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ასევე გაგრძელდება ყველა იმ პროექტზე მუშაობა, რომელიც თავდაცვის სამინისტროსთან ერთად დაიგეგმა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომავალ წელს უკვე დასრულდება ბინათმშენებლობის პროცესი საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეებისთვის, რომელიც სახელმწიფომ თავის თავზე ჯერ კიდევ 2007 წელს აიღო”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

მისი თქმით, სამხედროებისთვის სოციალური პირობების გაუმჯობესება ნომერ პირველი ამოცანაა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სწორედ ამ მიზანს ემსახურება სამხედროებისთვის ბინების მშენებლობის პროექტი, რომელიც თბილისში, მახათას მთაზე ხორციელდება და სადაც პირველ ეტაპზე ბინას 635 ოფიცერი მიიღებს. მშენებლობის დასრულებისთანავე, პრემიერ-მინისტრის დავალებით, 2021 წლიდან, ახალგაზრდა სამხედროებისთვის, პროექტის მეორე ფაზა დაიწყება.

„ორ წელიწადში დასრულდება ახალი უბნის მშენებლობა ჩვენი ოფიცრებისთვის თბილისში. მე მივეცი შესაბამისი დავალებადა 2021 წლიდან, დაიწყება ბინათმშენებლობის მეორე ფაზა ჩვენი ახალგაზრდა სამხედროებისთვის“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.