აუდიტის სამსახური:თავდაცვის სამინისტროს ბინების გადაცემის ვალდებულება შეუსრულებელი აქვს

16:23 08-16-2019
26

თავდაცვის სამინისტროს 700-ზე მეტი ყოფილი ან მოქმედი სამხედრო მოსამსახურისთვის ბინების საკუთრებაში გადაცემის ვალდებულება აქვს,რომელიც ამ ეტაპზე შეუსრულებელია. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უძრავი ქონების მართვის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული.

უწყება ამის მიზეზად ასახელებს იმას, რომ სამინისტროს არასრული ინფორმაცია აქვს მის ბალანსზე არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით და ქონების მართვის სტრატეგია განსაზღვრული არ აქვს. აქედან გამომდინარე ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი გამოუყენებელია.

ანგარიშის მიხედვით, სამინისტროში, ბალანსზე არსებული უძრავი ქონების ინვენტარიზაციები არასრულყოფილად ტარდება და მათ შედეგებზე არ ხორციელდება შესაბამისი რეაგირება. 

„ამასთან, ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი წლების განმავლობაში წერილების საფუძველზე გადაეცა ეკონომიკის სამინისტროს, თუმცა შესაბამისი მიღება-­ჩაბარების აქტები არ გაფორმებულა. აღნიშნული ქონების პრივატიზებას ეკონომიკის სამინისტრო ახორცილებდა, თუმცა ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრო ინფორმირებული არ იყო. შესაბამისად, ასეთი ქონება მაინც ირიცხება სამინისტროს ბალანსზე”,- ნათქვამია ანგარიშში. 

აუდიტის სამსახური მიუთითებს, რომ ქონების გარკვეული ნაწილი (ძირითადად წლების წინ რუსეთის ჯარიდან გადმოცემული) არ არის დარეგისტრირებული სამინისტროს სარგებლობის უფლებით. 

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მნიშვნელოვანი რაოდენობის და ღირებულების უძრავ ქონებას ფლობს. 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მის ბალანსზე ირიცხებოდა 4,7 მილიარდი ლარის ღირებულების აქტივები. აქედან, უძრავი ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებულება 1,7 მილიარდ ლარს აღემატება. 

„ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული გარკვეული ოდენობის უძრავი ქონება აღრიცხულია მხოლოდ რაოდენობრივად, ანუ არ არის შეფასებული, რის გამო მათი ღირებულება ფინანსურ ანგარიშგებაში არ აისახება. 

შესაბამისად, სამინისტროს ერიცხება გაცილებით უფრო მეტი ღირებულების სახელმწიფო ქონება, ვიდრე ეს ბალანსით არის წარმოდგენილი. თავდაცვის სამინისტროს სპეციფიკიდან, ასევე აღნიშული ქონების ღირებულებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია არსებობდეს ქონების მართვის სტრატეგია და აქტივების გამოყენება ხდებოდეს სახელმწიფოებრივი და ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ მინიმუმამდე იქნას დაყვანილი სამინისტროს მფლობელობაში არსებული გამოუყენებელი ქონება, ხოლო საჭირო ქონების განკარგვა მოხდეს ეკონომიურობისა და ეფექტიანობის პრინციპების გათვალისწინებით”,- ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.