გარდაცვლილი ცოლისგან ნაჩუქარი ნივთის გადასარჩენად მამაკაცი ზღვაში გადახტა

12:53 08-16-2019
1179

41 წლის მამაკაცი ხიდზე იჯდა, როდესაც გარდაცვლილი ცოლის ნაჩუქარი მეტრიანი საზომი ზღვაში ჩაუვარდა.

ქვრივმა დაუყოვნებლივ გაიხადა ფეხსაცმელები და ზღვაში, კერძოდ კი ტალახით გასქელებულ წყალში გადაეშვა. მისთვის სენტიმენტალური ღირებულების მქონე ნივთს, მამაკაცი დიდხანს ეძებდა და მიაგნო კიდეც, თუმცა ძიების პროცესში, სქელ ტალახში გაიჭედა.

ინციდენტი ტაილანდში მოხდა.

41 წლის მამაკაცს ნოპორნ პუნგრასკა ჰქვია. მას შემდეგ რაც იგი ტალახში ჩარჩა, შველას ითხოვდა. მისი ყვირილი გამვლელებმა გაიგეს და მაშველებს დაუძახეს. თავდაპირველად, ყველას ეგონა რომ იგი თავს იკლავდა.

მაშველებმა და მოხალისეებმა ქვრივს თოკი გადაუგდეს და უვნებლად ამოიყვანეს.

როგორც ნოპორნ პუნგრასკამ აღნიშნა, მეტრიანი საზომი ცოლმა სამსახურში ყოველდღიური მოხმარებისთვის აჩუქა.

„ეს უბრალო ნივთია, მაგრამ ჩემთვის ბევრს ნიშნავს. რამდენჯერაც ჯიბიდან ამოვიღებ, სულ ჩემს გარდაცვლილ ცოლზე ვფიქრობ. არ ვნანობ ჩემს საქციელს. ბედნიერი ვარ რომ ჩემი მეტრიანი დავიბრუნე. გავასუფთავებ და ისევ გამოვიყენებ. შემდეგში მეტი სიფრთხილით მოვეპყრობი“,- განაცხადა პუნგრასკამ.

ავტორი: მარიამ გიგანი