გირაოს გადახდას არ ვაპირებ - ნიკა გვარამია

19:57 08-14-2019

ნიკა გვარამია გირაოს გადახდაზე კვლავ უარს აცხადებს და თუ პროკურატურა პასუხისმგებლობას დაუმძიმებს, პატიმრობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.

„რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, გირაოს გადახდისთვის საჭირო უნიკალური კოდის გადასაცემად, დღეს პროკურატურაში დაიბარეს. საგამოძიებო უწყების დატოვების შემდეგ, მან განაცხადა, რომ დოკუმენტი არც უნახავს და ის არ ჩაიბარა.

„მე ამ დოკუმენტში არც ჩამიხედავს. იმთავითვე ვამბობდი, რომ ნებაყოფლობით გირაოს არ გადავიხდი, რადგან თავი მიმაჩნია უდანაშაულოდ. გამაფრთხილეს, რომ ჩემი პასუხისმგებლობა შესაძლოა დამძიმდეს.. კი ბატონო, მე ამისთვის მზად ვარ და თუ აღმიკვეთავენ თავისუფლებას, აღმიკვეთონ“,- განაცხადა ნიკა გვარამიამ. ამასთან მან აღნიშნა, რომ გამოძახების შემთხვევაში ნებისმიერ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობაზე თანახმაა.

ბრალდება ნიკა გვარამიას ტელეკომპანია რუსთავი 2-ისთვის თანამდებობის გამოყენებით ფინანსური ზარალის მიყენებას ედავება. სასამართლომ მას 40 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა და ქვეყნის ტერიტორიის დატოვება აუკრძალა. ამ გადაწყვეტილებას გვარამიას ადვოკატი სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებდა, თუმცა სასამართლომ სარჩელი დაუშვებლად ცნო. ტელეკომპანიის ყოფილი გენერალური დირექტორი გირაოს შეფარდების შემდეგ, მის გადახდაზე უარს აცხადებს. მისი პოზიცია შემდეგია - პატიმრობა ან თავისუფლება.

 

ავტორი: ბექა პატურაშვილი