თუ ივანიშვილი არ გადაიხდის საკუთარი ტელევიზიების დავალიანებას, სკანდალს წამოვიწყებ ქვეყანაში - ნინო ჯანგირაშვილი

18:25 08-14-2019

ტელეკომპანია „კავკასიას“ დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი ფინანსთა მინისტრის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმიანება და ამბობს, რომ ეს არ არის ჯანსაღი კონკურენცია. ამის შესახებ მან „რუსთავი 2“- თან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, დღეს სამივე ტელევიზია ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის და ვალდებულია, რომ ეს ვალები გადაიხადოს.

„ამას გავასაჩივრებ ყველგან, ყირაზე დავდგები. რა გამოდის, ჩვენ იდიოტები ვართ, რომ ვიხდით გადასახადებს? ეს რა კონკურენციაა.

ლიდერი არხები არ უნდა იხდიდნენ გადასახადს? ივანიშვილის არის დღეს „მაესტროც“, „იმედიც“ და “რუსთავი2“. ადგეს ბიძინა ივანიშვილი და სასწრაფოდ შეიტანოს ფული ბიუჯეტში. ხომ უნდოდა “რუსთავი2“? გადაიხადოს თავისი ტელევიზიების მიერ დაგროვილი 56 მილიონი ლარი, წინააღდეგ შემთხვევაში მე წამოვიწყებ უდიდეს სკანდალს ამ ქვეყანაში“,- განაცხადა ნინო ჯანგირაშვილმა.

„რუსთავი2“-ს 28 მილიონამდე, „იმედს“ 19 მილიონამდე, „მაესტროს“ კი 8 მილიონზე მეტი დავალიანება აქვს. 

ამის შესახებ დღეს ფინანსთა მინისტრმა განცხადება გააკეთა.

ივანე მაჭავარიანის თქმით,  დაგროვებული გადასახადის მანკიერი პრაქტიკა უნდა დასრულდეს. მინისტრმა ტელეკომპანიებს მოუწოდა, ვალების გადახდა დღეიდანვე დაიწყონ.