როგორ ხვდებიან ანაკლიელები ტურისტულ სეზონს

17:03 08-14-2019

როგორია წლევანდელი სეზონი ანაკლია-განმუხურში, რამდენად კმაყოფილები არიან ადგილობრივები და თავად ტურისტები, ამის გარკვევას „პრაიმტაიმი“ შეეცადა.

საზაფხულო სეზონს „ჩავარდნილს“ უწოდებენ ანაკლიელების ნაწილი და აღნიშნავენ, რომ ასეთი ცუდი მდგომარეობა ამ დრომდე არ ქონიათ, რასაც სხვადასხვა მიზეზით ხსნიან.“ წელს გვიან დაიწყო სამუშაოები,დაახლოებით ერთი კვირაა რაც დაიწყეს.ფაქტიურად ჩავარდა სეზონი,ახლა მხოლოდ ფესტივალის იმედზე ვართ და ისიც ოთხდღიანია.ასეთი სეზონი ჯერ არ გვქონია,“-ამბობს ანაკლიელი ჟანა გვილია.

ასევე ადგილობრივები მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურაზე ამახვილებენ ყურადღებას და განმარტავენ, რომ სამუშაოები ამ დროს არ უნდა მიმდინარეობდეს, რაც ისედაც მცირე რაოდენობის ტურისტების მხრიდან უკმაყოფილების მიზეზი ხდება.“პირადად ჩვენ არ გვყავს სასტუმროში ტურისტები,თუ ჩამოდიან ავტობუსებით მოდის ადგილობრივი მოსახლეობა,ტურისტები კანტიკუნტადაა...ფესტივალი და ისიც რამდენიმედღიანი გვიშველის?! ხიდზეც სამუშაოები გრძელდება,მგონი ნოემბრამდე,არ ვიცი რა ვთქვა,გასულ წელს უკეთესი მდგომარეობა იყო“,-დასძენს ეკა გვილია.

ადგილობრივების მსგავსად ტურისტებიც იგივე აზრს აფიქსირებენ და ამბობენ, რომ ადგილი შესანიშნავია, თუმცა ბევრად უფრო მეტია საჭირო იმისთვის, რომ მოწესრიგებულ გარემოში ადამიანმა თავი კარგად იგრძნოს.

ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელ ხიდზე, სადაც მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები და დასრულების თარიღად იქვე ტრაფარეტზე 6 ნოემბერია მითითებული, ჩამოხსნილია დამცავი მინები და ტერიტორია თოკით არის შემოსაზღვრული.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში კი აცხადებენ,რომ სანაპირო ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ექვსი მილიონი ლარია გამოყოფილი. ადგილობრივების ნაწილი კი დაწყებულ სამუშაოებს დაგვიანებულს უწოდებს და აცხადებენ, რომ ზაფხულის სეზონზე გადათხრილი ქუჩები და მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა ტურისტებს დისკომფორტს უქმნის. რაც შეეხება ფესტივალს, ანაკლიაში წელს ამ ღონისძიებაში კამპანია #SPENDYOURSUMMERINGEORGIA-ში ჩაერთო, რადგან, როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ECHOWAVES-ის ერთ-ერთი პრიორიტეტი, საქართველოსთვის ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ტერიტორიაზე, სწორედ ტურისტების მოზიდვაა. შარშან ფესტივალს 70-ზე მეტი ქვეყნიდან, 10 000-ზე მეტი ადამიანი სტუმრობდა. ორგანიზატორები წელსაც არანაკლებ რაოდენობას ელოდებიან. ფესტივალის ჩასატარებლად წელს 2 მილიონ 559 600 ლარი გამოიყო.

 

ავტორი: თეა შონია