ტელევიზიების ვალები - ფინანსთა მინისტრი მაუწყებლებს მიმართავს

14:43 08-14-2019
30

„რუსთავი 2“-ს 28 მილიონამდე, „იმედს„ 19 მილიონამდე, “მაესტროს“ კი 8 მილიონზე მეტი დავალიანება აქვს- განცხადება ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა გააკეთა.

ივანე მაჭავარიანის თქმით,  დაგროვებული გადასახადის მანკიერი პრაქტიკა უნდა დასრულდეს:

„რამდენიმე ტელევიზიას აქვს საკმაოდ მსხვილი დავალიანება, ეს არის „იმედი“ „რუსთავი 2“ და „მაესტრო“. „რუსთავს“ აქვს დაახლოებით 28 მილიონამდე, „იმედს“ 19 მილიონის ფარგლებში და „მაესტროს“ 8 მილიონზე ცოტა მეტი. ეს არის ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დაგროვებული საგადასახადო დავალიანება. ზოგადად, საქართველოში ეს მანკიერი პრაქტიკა სამწუხაროდ, არსებობდა. ტელეკომპანიები იგროვებდნენ ვალს, მერე ხდებოდა ჩამოწერა. დადგა დრო, რომ ეს საკითხი გასწორდეს. არსებობენ სხვა ტელევიზიები, გაცილებით პატარები, მაგრამ იხდიან პატიოსნად. ერთ საკანონმდებლო სივრცეში ვართ და არ არის სამართლიანი. ვერავინ იტყვის, რა დააშავეს ამ ადამიანებმა, რომლებიც პატიოსნად იხდიან გადასახადებს„, - განაცხადა მაჭავარიანმა.

მინისტრმა ტელეკომპანიებს მოუწოდა, ვალების გადახდა დღეიდანვე დაიწყონ.

„ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის სახელით, მინდა მივმართო და მოვუწოდო ტელევიზიებს, რომ უახლოეს ვადაში - შემდეგ 1-2 კვირაში - მოვიდნენ თავიანთი შემოთავაზებით, როგორ ხედავენ ძველი ვალების რესტრუქტურიზაციას, შეთანხმებას, გრაფიკს, სხვადასხვა მოდელები არსებობს საგადასახადო ტვირთის ბიზნესზე გადანაწილების ან ნაწილობრივ შემსუბუქების კუთხით.

ამასთან, მიმდინარე ვალები უნდა გადაიხადოს ყველამ და აღარ მოახდინონ ვალების დაგროვება. მესმის, რომ ეს ძალიან სენსიტიური სექტორია, მაგრამ ამასთან ერთად, ეს არის ჩვეულებრივი ბიზნესსექტორი და არაფრით უპირატესი არ არის სხვა ბიზნესსექტორზე. შესაბამისად, უახლოეს პერიოდში უნდა დავინახოთ, რომ გადამხდელი იწყებს მიმდინარე დავალიანების გადახდას, ანუ აღარ აგროვებს ვალებს,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.