გამვლელმა ქალმა შვილს უთხრა: თუ არ ისწავლი შენც ასე მოგიწევსო - 24 წლის ფილოლოგი, რომელიც ქუთაისში მეეზოვედ მუშაობს

14:03 08-14-2019
19

ირინე გიგაშვილი 24 წლისაა. ის პროფესიით პედაგოგია, თუმცა იმის გამო, რომ ამ ეტაპზე სამსახური ვერ იპოვა, უკვე 2 წელია ქუთაისის სისუფთავეზე ზრუნავს.

პროფესიის პედაგოგი ახალგაზრდა ქალი ამბობს, რომ შეუფერებელი და სამარცხვინო სამსახურები არ არსებობს. დილით და საღამოს ქალაქს ასუფთავებს, შუალედში კი, დამატებით სხვა სამსახურში მიიჩქარის.

„დილის 6-ის ნახევრიდან 9-ის ნახევრამდე ვასუფთავებ ქუჩებს. ამის შემდეგ მივდივარ სხვა სამსახურში, შემდეგ უკვე იქედან მოვდივარ და საღამოს 6 საათზე ისევ ვიწყებ ქუჩების დაგვას და და ვასრულებ 9 საათზე. თუ კი ვერ შევძელი დროულად ქუჩის დასუფთავება, რადგან ძალიან არის დანაგვიანებული პერიმეტრი, მაშინ დრო უფრო ხანგრძლივდება, ყოფილა შემთხვევები, რომ ღამის 11 საათამდე დამიგვია ქუჩები.“, - თქვა „პრაიმტაიმთან“ ირინე გიგაშვილმა.

ახალგაზრდა ქალი ამბობს, რომ საქმე შრომატევადია, თუმცა შეუძლებელი არაფერია.

„ძალიან შრომატევადია საქმეა, ქარიან ამინდში განსაკუთებით გვიჭირს სისუფთავის შენარჩუნება, რადგან ურნებიდან ბევრი ნაგავი ცვივა და ქუჩებშია მიმოფანტული. განსაკუთრებით ტრანსპორტით მოსარგებლეები აბინძურებენ ქალაქს. წვიმაში და ქარშიც ვმუშაობთ, მაგრამ განსაკუთრებით რთული სიცხეში მუშაობაა. წვიმა იმდენად არ არის შემაწუხებელი, როგორც მზე. ჩემი საქმე რთულია, მაგრამ შეუძლებელია არაფერია.“,- ამბობს ირინე.

მეეზოვის თქმით, ოჯახი თავდაპირველად მისი გადაწყვეტილების წინააღმდეგი იყო. თუმცა საბოლოოდ მოუწიათ ფაქტს შეგუებოდნენ.

„როდესაც დავოჯახდი, ჩვენი ოჯახის ხარჯები ძალიან გაიზარდა და აქედან გამომდინარე საჭირო იყო, რომ მეუღლესთან ერთად მემუშავა. შვილიც შემეძინა. ჩემი მეუღლის ბებო, მეეზოვედ მუშაობდა და ვიცოდი რა გრაფიკი ჰქონდა. როცა დროის ფასი იცი, მშვენიერი სამსახურია, დილით ადრე ვასრულებ ჩემს საქმეს და მერე გვიან საღამოს. შუალედში კი სხვა სამსახურში გავრბივარ. სილამაზის და ესთეტიკის ცენტრში სანიტრის პოზიციაზე ვმუშაობ.“ 

ოჯახისგან განსხვავებით, ახალგაზრდა ქალი ამბობს, რომ საზოგადოებას არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვს.

„ძირითადი შემთხვევები არის, რომ ეცოდები. თუმცა საბედნიეროდ ნათესავების და ოჯახის წევრების მხრიდან ეს ასე არ ყოფილა. ჩემთან მიმართებაში დადებითი დამოკიდებულებები იყო. არის უსიამოვნო ფაქტებიც, ერთხელ ქუჩას ვგვიდი, ამ დროს ქალმა და ბავშვმა ჩაიარა და ქალმა უთხრა მის შვილს, თუ არ ისწავლი შენც ასე მოგიწევსო.“

24 წლის ქალმა, უნივერსიტეტი ორი წლის წინ დაასრულა. ის პროფესიით ფილოლოგია.

დაწყებითების პედაგოგი ვარ განათლებით, ამ ეტაპზე პროფესიით ვერ ვმუშაობ. გადამზადებები მაქვს გასავლელი, გარკვეული გამოცდა კიდევ უნდა ჩავაბარო, თუმცა ვოცნებობ პედაგოგობაზე.“

პედაგოგის თქმით, თუ მას სკოლაში მუშაობის საშუალება ექნება, ის ბავშვებს ქუჩაში ქცევის წესებსაც ასწავლის.

„პირველ რიგში იმას, რომ ქუჩაში ნაგავი არ უნდა დაყარონ. ასევე იმას, რომ შრომა არასოდეს არის სირცხვილი. არ არსებობს შეუფერებელი და სამარცხვინო სამსახურები. როდესაც თანხა გჭირდება, ყველა ღირსეულ სამსახურს უნდა დათანხმდე. შეიძლება ჩვენს ცხოვრებაში იყოს ისეთი დღეები, როცა რთული პერიოდი გვიდგას, მაგრამ გამორიცხულია რომ შრომით უკეთესობა არ მოიპოვო. დღეში მე მეეზოვეობით 11 ლარს ვიღებ.“ - ამბობს ირინე გიგაშვილი.

ავტორი: ირაკლი ვაჩიბერაძე