კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას ალტერნატივა არ აქვს - იზორია

11:45 08-14-2019
19

თავდაცვის მინისტრმა აფხაზეთში დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო. ლევან იზორიამ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.

თავდაცვის მინისტრმა ყურადღება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობაზე გაამახვილა და განაცხადა, რომ აფხაზეთის კონფლიქტი რუსეთის აგრესიით გამოწვეული ტრაგედიაა.

„27 წელი გავიდა აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან. ეს იყო რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შედეგად გამოწვეული კონფლიქტი, რომელსაც ათიათასობით ადამიანი ემსხვერპლა. ქედს ვიხრი მეომრების წინაშე, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის თავი გასწირეს. კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას ალტერნატივა არ აქვს. ეს არის ჩვენი პოლიტიკის ურყევი პრინციპი და მის განხორციელებას, საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევით, საბოლოო მიზნის მიღწევამდე გავაგრძელებთ, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად და ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად,“- განაცხადა ლევან იზორიამ.

გმირთა მემორიალთან საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია და სხვა სამხედრო პირები, ასევე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები და დაღუპულების ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.

დღეს, 14 აგვისტოს, აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 27 წელი გავიდა.

სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის14 აგვისტოს დაიწყო. ომი 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა