სახელმწიფო ბიუჯეტი 100 მილიონიან ზარალს გადაურჩა - სხვადასხვა კომპანიების ხელმძღვანელები დააკავეს

15:46 08-13-2019
112

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 100 მილიონ ლარამდე ყალბი აქტივის გამოყენების შესაძლებლობა გამოავლინა.

როგორც სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სახელმწიფო ბიუჯეტი დიდი ოდენობის ზარალს გადაურჩა:

გამოძიება დაწყებულია 9 სისხლის სამართლის საქმეზე 53 პირის მიმართ, მათგან 38 პირი პატიმრობაში იმყოფება. პასუხისგებაში მიცემულ პირთა უმრავლესობა სხვადასხვა კომპანიის დირექტორი და დამფუძნებელია, ხოლო ნაწილი - კომპანიების ფაქტობრივი მმართველი.

„გამოძიებით დადგენილია, რომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის მიღებისა და არაკანონიერი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ბრალდებულებს საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონში, რეგისტრირებული ჰქონდათ კომპანიები, რომელთა სახელითაც ახორციელებდნენ უსაქონლო ოპერაციებს, რა დროსაც ისინი აყალბებდნენ დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურებს. ასევე, საგადასახადო დეკლარაციებში ყალბი მონაცემების შეტანის გზით, იქმნიდნენ ყალბ აქტივს დამატებული ღირებულების გადასახადში.

დღგ-ს დაბრუნების სისტემაში სახელმწიფოს აქვს კონტროლის ქმედითი მექანიზმი. სწორედ ამ მექანიზმისთვის თავის არიდების მიზნით, შემუშავდა დანაშაულებრივი სქემა, რომლის მეშვეობითაც კომპანიები შექმნილ ყალბ აქტივებს იყენებდნენ მათ მიერ საქართველოში იმპორტირებული საქონლის, ძირითადად ნავთობპროდუქტების განბაჟებისათვის განკუთვნილი გადასახადების და მიმდინარე საბიუჯეტო ვალდებულებების დასაფარად.

სასამართლოს განჩინებების საფუძველზე, დაყადაღდა ბრალდებულების და მათთან დაკავშირებული პირების უძრავ-მოძრავ ქონება და საბანკო ანგარიშები. ამოღებული იქნა მილიონ ლარზე მეტი ნაღდი ფული და დიდი ოდენობით ძვირფასი ლითონის ნაკეთობები.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3, 210-ე მუხლის მე-2, 218-ე მუხლის მე-2 და 194-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით,” - განაცხადა მიხეილ ონიანმა.

ამასთან, როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, გამოძიება, ასევე მიმდინარეობს, აღნიშნულ სქემაში შესაძლო მონაწილე საჯარო მოხელეთა გამოვლენის მიზნითაც.

„გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ დღგ-ს აქტივის საბაჟოში ჩათვლისთვის გადასახადის გადამხდელს არ სჭირდება შემოსავლების სამსახურის თანამდებობის პირთან ფიზიკური კონტაქტი, ჩათვლა ხორციელდება ელექტრონული სისტემის მეშვეობით. ანტიკორუფციული სამსახური ასევე სწავლობს საჯარო მოხელეები უშუალოდ იყვნენ ჩართულნი ამ დანაშაულებრივ სქემაში, თუ მათი დანაშაულებრივი გულგრილობის შედეგად გახდა შესაძლებელი მისი ჩადენა.

ამასთანავე, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში დანიშნულია საინფორმაციო-ტექნოლოგიური და კომპიუტერული ექსპერტიზები, რომელთა შედეგების მიხედვით შესაძლებელი იქნება მსჯელობა კონკრეტულ საჯარო მოხელეთა პასუხისმგებლობის შესახებ„ - განაცხადა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ მიხეილ ონიანმა.