9 ქალი პლასიდო დომინგოს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

15:24 08-13-2019
73

8 მომღერალი ქალი და ერთი მოცეკვავე, ესპანელ საოპერო მომღერალს და დირიჟორს პლასიდო დომინგოს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. მათი თქმით, ეს ინციდენტები 1980-იანი წლებიდან მოყოლებული ხდებოდა. 

ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს. მედიის ცნობით, ქალების ბრალდებას ადასტურებს დაახლოებით 30 კოლეგა, რომელიც დომინგოს უხამსი ქცევის მოწმეები იყვნენ.

ერთ-ერთი ქალი ჰყვება, რომ დომინგომ მას კაბის ქვეშ ხელი შეუცურა, კიდევ სამი ამბობს, რომ ოპერის მომღერალი ცდილობდა მათთვის ძალით ეკოცნა ტუჩებში. ორი ქალი აღიარებს, რომ დომინგოს დაუთმეს, რათა კარიერა არ დანგრეოდათ. ერთ-ერთი ჰყვება, რომ დომინგოსთან სექსი ორჯერ ჰქონდა და ერთხელ დომინგომ მას 10 დოლარი მისცა, რათა მას პარკინგის ფული გადაეხადა. 

ქალების თქმით, დომინგო მათ წლების განმავლობაში ავიწროებდა: ხშირად რეკავდა, სთავაზობდა შეხვედრებს, სადაც ისინი განმარტოვდებოდნენ. 9-დან 7 ქალი ამბობს, რომ დომინგოსთვის უარის თქმით გამო, მათ კარიერული პრობლემები დაეწყოთ. 

ერთადერთი ქალი, რომელმაც თავისი ვინაობა დაასახელა მომღერალი პატრიცია ვულფია, რომელიც დომინგოსთან ერთად ვაშინგტონის ნაციონალურ ოპერაში მუშაობდა. დანარჩენმა რვამ ანონიმურობა ითხოვა. 

პატრიცია ვულფი ჰყვება, რომ 1998 წელს დომინგო ყოველ საღამოს ეკითხებოდა, სურს თუ არა სახლში წასვლა. მისი თქმით, დომინგო არასდროს შეხებია, თუმცა მუდმივად ითხოვდა მის ყურადღებას და მის ქცევაზე ოპერის კულუარებში მუდმივად მიდიოდა საუბარი. 

თავად პლასიდო დომინგო, რომელიც ამჟამად 78 წლისაა, ყველა ბრალდებას უარყოფს. 

შეგახსენებთ, რომ ესპანელი ტენორი ქართველი მსმენელისთვის კარგად ცნობილია. ის საქართველოში 2010 წელს იყო ჩამოსული.

ავტორი: ანეტი მიქელაძე