ახალციხეში ორ ოჯახს მიწა, შესაძლოა, იძულებით ჩამოართვან

14:15 08-13-2019

ახალციხის სოფელ ფერსაში მაღალი ძაბვის 220კვ. ელექტროგადამცემმა ხაზმა გაიარა.

კომპანიას ანძების დადგმა ადგილობრივების მიწის ნაკვეთებსა და საცხოვრებელ სახლებთან მოუწია. სანაცვლოდ მშენებელმა მეპატრონეებს ერთ კვ.მ. მიწის ფართობზე 38 თეთრი გადაუხადა, ორ ოჯახთან კი შეთანხმებას ამ დრომდე ვერ მიაღწიეს. 

ერთ-ერთი, ვის ყანაშიც ანძა დაამონტაჟეს, თენგიზ ჯეირანაშვილია. იგი ამბობს, რომ კომპანიის წარმომადგენელმა მასთან მოლაპარაკება მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეს. 

„ამხელა ბოძებმა ჩემს ყანაზე გადაიარა. მოსალაპარაკებლად ახლა მოვიდნენ, მაგრამ თანხმობას არ ვეუბნები. ვუთხარი რატომ და რა უფლებით მართმევთ ყანას-თქო. ცივილიზებულ ქვეყანაში ჯერ ხალხს მოელაპარაკებიან და სამუშაოებს მერე იწყებენ, აქ ჯერ ბოძები ჩაარჭეთ და ახლა მოხვედით ჩემთან თქო “. 

შუახნის მამაკაცი მიწის დათმობას მანამდე არ აპირებს, სანამ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ მის მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს. ამბობს, რომ ეს მისი მამა-პაპისეული მიწაა და კომპანიის მიერ შემოთავაზებული, 1კვ.მ.-ზე 38 თეთრი ძალიან ცოტაა. 
„შვიდჯერ მოვიდნენ ჩემთან, სხვამ მოგვცა და შენც მოგვეციო. ვუთხარი არ გაძლევთთქო. ჯიბრზე კი არ ვიქცევი, მაგრამ თუ აკეთებენ, ადამიანურად გააკეთონ“. 
ადგილობრივების ნაწილმა მიწის ნაკვეთი მოლაპარაკების გზით დათმო. კომპენსაცია ყველას ეცოტავება, თუმცა ამბობენ, რომ ამის გამო დავა აღარ დაიწყეს. 

„გაგვიჩნდა კითხვა რატომ იხდიან ასე ცოტას მიწებში, კომპანიამ კი ასეთი პასუხი გაგვცა, მიწის ღირებულება აუდიტის სამსახურმა დაადგინაო“,- გვითხრეს ფერსაში. 

მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემმა ხაზმა ჯიმშერ გოგოლაურის ყანაზეც გაიარა. შეთავაზებული ფასით ისიც უკმაყოფილოა, ამიტომ კომპანიას მისი ნაკვეთის სანაცვლოდ, საცხოვრებელ სახლს სთხოვს. 

„ფერსაში არ ვცხოვრობ, თუმცა სამომავლო გეგმებში მაქვს იქ გადაცხოვრება. მრავალშვილიანი მამა ვარ და ბავშვები როგორ ვაცხოვრო გამოსხივების ქვეშ. მომცენ სხვა მიწა, სადაც შევძლებ სახლის აშენებას. წინასწარ არ უკითხავთ ხალხისთვის აზრი, იყვნენ თუ არა თანახმა. თუ დადგინდებოდა, რომ წინააღმდეგი არავინ იქნებოდა, ამის მერე ფასზე უნდა დაგვეწყო მოლაპარაკება, მაგრამ მოსალაპარაკებლად არავინ მოსულა“.  

მერის წარმომადგენელი ფერსის ადმინისტრაციულ ერთეულში მიიჩნევს, რომ ადგილობრივებმა კომპენსაცია შესაფერისად მიიიღეს. „საქართველოს გაერთიანებულმა ელექტროსისტემამ“ მიწის ნაკვეთების გამოსყიდვის გარდა, სოფელ ფერსაში ორი სახლი მეპატრონისთვის ხელსაყრელ ფასად შეიძინა. 

„ეს ხალხის ბუნებაა, ყოველთვის ყველა კმაყოფილი ვერ იქნება, მაგრამ უმეტესი დადებითადაა განწყობილი. კომპანიამ სოფლის მაცხოვრებლებს უფასოდ აუზომა მიწები. გარდა ამისა, ვინც ჩაწერა რომ მე ამ მიწაზე ვთესავდი სიმინდს და ლობიოს, უფრო მეტი გადაუხადეს, თივაზე ცოტა ნაკლები მისცეს“, - ამბობს გიორგი ბლიაძე. 

მაღალი ძაბვის 220 კვ. ელექტროგადამცემი ხაზი ქვესადგურ „ახალციხეს“ და ქვესადგურ „ბათუმს“ აკავშირებს. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ ამბობენ, რომ განსახლების სამოქმედო გეგმა, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდა, მსოფლიო ბანკთან შეთანხმებით მომზადდა, საკომპენსაციო თანხა კი დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ განისაზღვრა. 

„ჯეირანაშვილმა, თანხის სიმცირის გამო უარი განაცხადა შეთავაზებულ კომპენსაციაზე. დღეის მდგომარეობით, მიმდინარეობს კანონმდებლობით გათვალისწინებული ექსპროპრიაციის პროცედურები (ექსპროპრიაცია - საკუთრების ძალადობრივი ჩამორთმევა სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებით ან მის გარეშე. ავტ.შენ.) 
შეთავაზებულ წინადადებაზე უარს აცხადებს ჯიმშერ გოგოლაურიც, როგორც თავად განმარტავს, ისიც საკომპენსაციო თანხების სიმცირის გამო. მოქალაქე ასევე უარს აცხადებს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე. ამ შემთხვევაშიც, გამოყენებული იქნება კანონით განსაზღვრული სამართლებრივი პროცედურა“, - განმარტავენ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“. 

„ახალციხე-ბათუმის“ პროექტი მსოფლიო ბანკის სესხის ფარგლებში ფინანსდება. მშენებლობა 2015 წლის ივლისში დაიწყო და წელს უნდა დასრულდეს. მასზე დაახლოებით, 37 მლნ. დოლარი იხარჯება. 

ავტორი: რუსკა გვარამაძე