დღეს ღამის თორმეტი საათის შემდეგ საქართველოს ცაზე მეტეორის წვიმა გამოჩნდება

14:01 08-13-2019
1148

ღამით, 12-13 აგვისტოს, ამ ზაფხულის ყველაზე დასამახსოვრებელი მეტეორების წვიმა წამოვა. ე.წ. ვარსკვლავთცვენა კარგად გამოჩნდება საქართველოში ყველგან, სადაც კარგად მოწმენდილი ცა იქნება. 

აბასთუმნის ობსერვატორიის ასტრონომის გიორგი ჯავახიშვილის თქმით, დღეს ღამის 12 საათის შემდეგ, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში შესაძლებელი იქნება ე.წ. ვარსკვლავთცვენაზე დაკვირვება. 

ერთადერთი ხელშემშლელი რამ შეიძლება იყოს მთვარე, მაგრამ თუ საკმარისად ბნელ ადგილას აღმოჩნდებით მეტეორებზე დაკვირვებას უპრობლემოდ შეძლებთ.

ვარსკვლავთცვენა ყოველ წელს ივლისიდან აგვისტოს შუალედში ხდება, პიკს კი 12-13 აგვისტოს აღწევს. ამ პერიოდში დედამიწა ჩაუვლის ნამსხვრევებს, რომლებიც კომეტა Swift-Tuttle-თან არიან დაკავშირებული.

თავად კომეტა 133 წელიწადში ერთხელ უახლოვდება დედამიწას, ხოლო მისი ნამსხვრევები და მტვერი პლანეტას ყოველ წელს ხვდება.

ავტორი: ანეტი მიქელაძე