„ჩემი ღირსების დასაცავად გავაგრძელებ ბრძოლას“ - გიორგი გორაშვილი

07:45 08-13-2019
94

„ჩემი პირადი ღირსების დასაცავად გავაგრძელებ ბრძოლას“ - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორმა გიორგი გორაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. 

გიორგი გორაშვილის თქმით, სტუდენტმა ბუბა ნაჭყებიამ მას შეურაცხყოფა მიაყენა და ის ღირსების დაცვისთვის სამართლებრივ გზას ირჩევს.

„სასამართლოში წასვლის გადაწყვეტილება მივიღე დამოუკიდებლად, როგორც ფიზიკურმა პირმა და არა როგორც უნივერსიტეტის თანამშრომელმა. მე არ მიმიმართავს უნივერსიტეტის შესაბამისი ორგანოებისთვის, რადგან ვთვლი, რომ ქმედების სიმძიმე, რომელიც ჩემი მისამართით განხორციელდა საჭიროებს სამართლებრივ შეფასებას. ჩემი პირადი ღირსების დასაცავად გავაგრძელებ ბრძოლას, იმის მიუხედავად, ხვალ ვიქნები თუ არა უნივერსიტეტის თანამშრომელი.

განცხადება, რომ ლექტორმა სტუდენტს სასამართლოში უჩივლა არ არის მთლად სწორი, რადგანაც ბუბა ნაჭყებიას მე არცერთ საგანს არ ვასწავლიდი. მასთან შეხება მხოლოდ სამსახურიდან გამომდინარე მქონდა, როდესაც თხოვნით მომმართა მიმეღო სამსახურში და მე მას ეს თხოვნა თავის დროზე დავუკმაყოფილე.

როგორ უნდა მოვქცეულიყავი აღნიშნულ შემთხვევაში? რა გამეკეთებინა? უმოქმედოდ ვყოფილიყავი თითქოს არაფერი მომხდარა? არა ვარ საჯარო მოხელე და შეურაცხყოფის თმენის ვალდებულება არ გამაჩნია.შევარჩიე სამართლებრივი ბრძოლის გზა, ვცდილობ სამართლებრივად აგოს პასუხი შეურაცხყოფისათვის.

სიუჟეტში მითითებული „დახურული ჯგუფი“ არ ასახავს რეალობას. 3000 კაციან ჯგუფში სადაც სტუდენტებთან ერთად გაწევრიანებულნი არიან იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებულების დიდი ნაწილი, უკვე მოქმედი იურისტები, ვერ და არ უნდა ჩაითვალოს დახურულად.

სამართალდარღვევის დადგენის შემთხვევაში მე არ ვითხოვ ქმედებისთვის პირს დაეკისროს რაიმე სანქცია. აქედან გამომდინარე სამოაქალაქო სამართალდამრღვევად გამოცხადდება ბუბა ნაჭყებია, თუ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად შედეგობრივი თვალსაზრისით მისთვის არაფერს ცვლის. ვფიქრობ უკეთესიც არის მისთვის, რადგან სამოქალაქო სამართალდარღვევის დადგენის შემთხვევაში მას დაეკისრებოდა ბოდიშის მოხდა და გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა.

ჩვენმა საზოგადოებრივმა ცნობიერებამ თავის დროზე გადალახა ე.წ. კრიმინალური სუბკულტურა, როდესაც ახალგაზრდების უმრავლესობას კანონიერი ქურდობა და ძველი ბიჭობა სურდა. ეხლა ჩვენი საზოგადოება ახალი გამოწვევის წინაშე დადგა: როგორ გავიგოთ ის უფლებები და თავისუფლებები, რომლებისთვისაც ვიბრძვით? სად გადის ამ უფლებებს შორის ზღვარი? სიტყვის თავისუფლებაზე აპელირებით შესაძლებელია თუ არა ადამიანის ღირსება შეილახოს?

ეს კონკრეტული შემთხვევა გასცდა ორ ადამიანს შორის დავას და მოექცა იმ ძალების ინტერესებში, რომლებიც ცდილობენ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების ეგიდით ადამიანის ლანძღვა - გინება, პატივის და ღირსების შეურაცხყოფა ჩვეულებრივ ამბად შემოიტანონ ჩვენი საზოგადოების ცნობიერებაში. ლანძღვა - გინება თუ კომუნიკაციის დასაშვებ ფორმად, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებად იქნება მიჩნეული ეს მოვლენა ჩვეულებად იქცევა ჩვენს უნივერსიტეტებში, სკოლებში, ჩვენს ყოველდღიურობაში და ამას შემდგომ ვეღარაფერს დავუპირისპირებთ.

ძალები, რომლებიც ორგანიზებულ შეტევას ახორციელებენ ჩემი მისამართით ცდილობენ მოახდინონ პიროვნული დისკრედიტაცია, რათა ამით გაამართლონ საკუთარი ამორალური ქმედება და დამიკარგონ მხარდაჭერა სტუდენტებსა და საზოგადოებაში. ამავე მიზნით ქმნიან მითს, თითქოს მიმდინარეობს ბრძოლა სტუდენტებსა და უნივერსიტეტს შორის, რომ თითქოს სტუდენტების უფლებების შეზღუდვას ცდილობს ვინმე.

აქ კონკრეტულად უნივერსიტეტი არაფერ შუაშია. მიმაჩნია, რომ საზოგადოებაში კომუნიკაციის ენა არ უნდა იყოს შეურაცხმყოფელი და სიძულვილით სავსე. ზოგადად არ უნდა იყოს მისასალმებელი ადამიანის ლანძღვა და პირადი ღირსების შეურაცხყოფა“ - დაწერა გიორგი გორაშვილმა

შეგახსენებთ, რომ ლექტორმა გიორგი გორაშვილმა სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას სასამართლოში შეურაცხყოფის გამო უჩივლა. 

 

ავტორი: მიხეილ ჯანგიშერაშვილი