ყინწვისის მესაკუთრე არც ადგილობრივი ეპისკოპოსია და არც წინამძღვარი - დეკანოზი ილია ჭიღლაძე

07:44 08-13-2019
99

ყინწვისის მესაკუთრე არც ადგილობრივი ეპისკოპოსია და არც წინამძღვარი - ამის შესახებ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ სოციალურ ქსელში ყინწვისის ეკლესიაში ფილების დაგების შესახებ დაწერა. მისი თქმით, ყინწვისის ეკლესიაში იატაკი გამოსაცვლელი იყო, თუმცა ამაზე პროფესიონალებს უნდა ემსჯელათ.

„1.ძვირფასი ქვის დაგება, თუნდაც მარმარილოსი, არ ნიშნავს რომ შესაფერისია კონკრეტული ნაგებობისთვის მხატვრული, ესთეტიკური და არქიტექტურული ასპექტებით; ყველაფერი რაც ბრჭყვიალებს ან ძვირი ფასისისაა, არ ნიშნავს იმას, რომ მხატვრული და ხელოვნების კუთხითაც ღირებულია. მით უფრო იმ მოცემულობაში, როდესაც ეს ეწინააღმდეგება ქართული ხურთმოძღვრების ტრადიციას და ხასიათს, დისონანსში მოდის უნიკალური ფრესკების ლაჟვარდოვან (ხასხასა ლურჯ) ფერთან.

2. ყინწვისის აქამდე არსებული იატაკი ნამდვილად გამოსაცველი იყო, მაგრამ ეს უნდა მომხდარიყო პროფესიონალთა (ხელოვნებათმცოდნეები, არქიტექტორები, არქეოლოგები, გეოლოგები, ...) საერთო დასკვნების საფუძველზე და არა თვითნებურად. საშინელებაა, თუ რომელიმე სასულიერო პირს თავი ჰგონია ამ ყვლაფრის მომცველი თავის თავში და ერთპიროვნულად წყვეტს რა და როგორ შეცვალოს ისტორიულ ტაძარში. წინამძღვარი დღეს ხარ, ხვალ კი სხვა იქნება, რატომ იღებ გადაწყვეტილებას საერთო ეროვნული მემკვიდრეობის შეცვლა-გადაკეთებაზე?!

3. ყინწვისის მესაკუთრე არც ადგილობრივი ეპისკოპოსია და არც წინამძღვარი, ისინი მხოლოდ დროებითი მომვლელ-მზრუნველები არიან, მესაკუთრე საქართველოს საპატრიარქო და მთელი ქართველი ერია. ამიტომ ყოველგვარი თვითნებური მოქმედებები ისტორიულ-საეკლესიო ძეგლთა მიმართ და მათზე ცვლილებები საგანგებო სარესტავრაციო წესების დაცვის გარეშე უმკაცრესად აღსაკვეთია“ - დაწერა დეკანოზმა

შეგახსენებთ, რომ სასულიერო პირებმა ყინწვისის მონასტერში მარმარილოს მეტლახი დააგეს. მონასტერში სასულიერო პირების მიერ მეტლახის დაგებას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო უკანონოდ და თვითნებობად აფასებს.

 

ავტორი: მიხეილ ჯანგიშერაშვილი