100 000 თუ 60 000? - ბოლოს და ბოლოს რამდენი მეომარი იბრძოდა დიდგორის ბრძოლაში

16:59 08-12-2019
16

1121 წლის 12 აგვისტო - ქართველებისთვის ეს ალბათ ყველაზე დასამახსოვრებელი თარიღია, რომელსაც ბავშვობიდან გვასწავლიან. ამ დღეს ქართველთა ბრძოლა დავით IV აღმაშენებლის მეთაურობით თურქ-სელჩუკთა კოალიციური ლაშქრის წინააღმდეგ დიდგორის ველზე გაიმართა და მას „ძლევაი საკვირველი“ დაერქვა. 

დღეს დიდგორის ველზე დიდგორობის სახალხო დღესასწაული აღინიშნება. ქართველები განსაკუთრებული ღირსებით და სიამაყით იხსენებენ ამ ბრძოლას, რადგან ეს იყო საქართველოს აღზევების ხანის დასაწყისი, რომელიც თამარ მეფის ოქროს ხანით დაგვირგვინდა. 

მიუხედავად იმისა, რომ დღეს დაწერილია უამრავი ნაშრომი და ჩატარებულია ასობით კვლევა, თუ როგორ ჩატარდა ბრძოლა, რამდენი რამდენის წინააღმდეგ იბრძოდა, რამდენი ხანი გაგრძელდა - ზუსტი ციფრები ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება ზოგისთვის. 

ეს იყო კლასიკური მუსლიმური კოალიცია და ერთი კონკრეტული სახელმწიფოს ერის შვილი არ შედიოდა მასში. იქ იყვნენ სელჩუკებიც, არაბებიც და ა.შ. მათი რაოდენობა სხვადასხვა ავტორს სხვადასხვა აქვს.

ამოსავალი აქედან არის ერთი, რა რაოდენობის ლაშქრის შეკრება შეეძლო იმ დროინდელ აღმოსავლეთში, მაგალითად ილ-ღაზის არმიას. 400-ათასიანი არმიის გამოყვანა შეეძლო?

„პრაიმტაიმი“ქართველ ისტორიკოსს და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრულ პროფესორ ჯაბა სამუშიას გაესაუბრა.

„ძალიან ბევრი მეცნიერი  ფიქრობს, რომ 400 ათასი გადაჭარბებული ციფრია და მათ შორის ივანე ჯავახიშვილიც ასე ფიქრობდა. ამოსავალი უნდა იყოს ძალთა ბალანსის თემა - როდესაც შენ შეგიძლია განსაზღვრო დაახლოებით, რამდენი კაცის გამოყვანა შეეძლოთ ქართველებს. ბუნებრივია მოწინააღმდეგე არავითარ შემთხვევაში არ შეეცდებოდა ქართველ ლაშქარზე ნაკლები ლაშქრით მოსვლას.

ამოსავალი არის პოტენციალი რაც საქართველოს ჰქონდა, ეს პოტენციალი კი არის დაახლოებით 50 ათასიდან 60 ათასს მეომრამდე. სომეხი მემატიანე წერს, რომ ქართველები 56 ათასი იყვნენ ბრძოლის ველზე, შესაბამისად 56-ზე ცოტა მეტი უნდა იყოს მოწინააღმდეგე. 

მოწინააღმდეგეები წყაროების თანახმად იყვნენ 100 ათასნი, აქედან 60 ათასი პროფესიონალი მეომარი“, - განმარტავს ჯაბა სამუშია.

100 ათასი თუ 60 ათასი?

ისტორიკოსი განმარტავს, რომ თითო მეომარს თითო დამხმარე მაინც ჰყავს ბრძოლაში, რომელიც მას თან ახლავს, შესაბამისად 100 ათასი ეს არამხოლოდ მეომრები, არამედ ის მთლიანი სამხედრო კამპანიაა, რაც ასეთი დონის ჯარს ყოველთვის დაჰყვებოდა.

„წარმოიდგინეთ 50 ათასი კაცი. ეს დღევანდელი ნომენკლატურით ერთი საშუალო დონის ქალაქია. ამ ადამიანებს უნდა კვება, ჩაცმა, გზაში რამე შეიძლება გაუფუჭდეთ. მომსახურება უნდა. ამ დეტალების გათვალისწინებით ჯარს ჰყავს თავისი დამხმარე პერსონალის მთელი არმია. სწორედ ეს დამხმარე, პერსონალიანად და ყველა იმ ნიუანსით რაც ჯარს ახლავს გადაადგილებისას, ყველა ამ ელემენტის გათვალისწინებით უნდა ყოფილიყო დაახლოებით 100 ათასი“, - ამბობს ისტორიკოსი.

წყაროების თანახმად, ის არმია, რომელიც სელჩუკების მხედართმთავარს ილ-ღაზს ახლდა მთლიანად დიდგორის ველზე არ იყვნენ გაშლილნი. ეს არმია იყო გაბნეული - ჯარი იდგა თრიალეთში, მანგლისსა და დიდგროში.

„აი ამ სიტუაციაში ყველაფერი გააკეთა დავითმა, რომ ჯარი შესულიყო დიდგორში იმიტომ რომ მთავარი ჩასაფრება იქ იყო გაკეთებული. აი ამ მომენტშია საგულისხმო ფაქტი, რომელსაც წერს უცხოელი მემატიანე, რომ დიდგორამდე, ქართველებს ომი მოვუგეთო და მერე შევყევით ხეობაშიო და ამ ხეობაში დავმარცხდითო. დიდგორის ბრძოლამდე ქართველებს ჰქონდათ შეტაკება. რეალურად ეს იყო გათამაშება, რომ რამენაირად დიდგროში შეეტყუებინა მოწინააღმდეგე და მან ეს შეძლო. 

როდესაც მანგლისიდან და თრიალეთიდან ჩავიდა დანარჩენი ჯარი, დიდგორში დახვდნენ ქართველები და ილ-ღაზი იძულებული გახდა, რომ ბრძოლა მიეღო“, - განმარტავს ისტორიკოსი ჯაბა სამუშია.

კითხვის ნიშნები ამ საკითხთან დაკავშირებით წლებთან ერთად უფრო და უფრო ჩნდებოდა, რადგან არასრულია ქართული მატიანე. ამ ბრძოლას ჰყვებოდნენ სხვასხვა ავტორები და ყველა თავის ინტერპრეტაციას აძლევდა, თუმცა ნათელია ერთი, რომ უკიდურეს არათანაბარ ბრძოლაში, ქართველებმა დიდგორის ბრძოლაში გამარჯვება მოიპოვეს.

ავტორი: ანეტი მიქელაძე