„მამუკას ბგერა კი იყო ღვთიური“ – „შინის“ სოლისტი მძიმე სენმა შეიწირა

11:59 08-12-2019
2270

11 აგვისტოს გერმანიაში ჯგუფ „შინის“ სოლისტი, ვოკალისტი და პერკუსიონისტი მამუკა ღაღანიძე (მუკი) გარდაიცვალა. როგორც გავიგეთ, მუსიკოსი ცხოვრების ბოლო წლებში მძიმე სენს ებრძოდა. მამუკას უნიკალური ხმის ტემბრის დავიწყება ნამდვილად შეუძლებელი. თუ ერთხელ მაინც დასწრებიხართ „შინის“ კონცერტს, მამუკას ტემბრითა და საშემსრულებლო მანერით არ აღფრთოვანება წარმოუდგენელი იყო. ნამდვილად, ცოტა გვყავს მსგავსად თვითმყოფადი, იდენტობის მქონე მუსიკოს-შემსრულებელი. 

2010 წელს, როდესაც აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ცხოვრებაზე „პრაიმტაიმმა“ წიგნი „გმირი“ გამოუშვა და მისი პრეზენტაცია მოაწყო, მამუკა სპეციალურად ჩამოვიდა გერმანიიდან. ის გია ყანჩელის ნაწარმოებს „პატარა იმბერს“ (საქართველოში იმ დღეს შედგა ამ ნაწარმოების პრემიერა) ვოკალურად აფორმებდა. სადირიჟორო პულტთან ნიკოლოზ რაჭველი იდგა. ის მამუკას ასე იხსნებს. 

ნიკოლოზ რაჭველი: - 2002-2003 წლებში ჩავწერეთ ჩემთვის და ნატოს მეტონიძისთვის ნამდვილად ისტორიული ალბომი გია ყანჩელის კინოსა და თეატრისთვის შექმნილი მუსიკის ჩემეული ვერსიებით. საპრემიერო კონცერტებიც შედგა ოპერის თეატრში და მე და ნატოს დღემდე მოგვყვება ამ ნამუშევრით გამოწვეული პატივისცემა და აღიარება მუსიკისმოყვარულთა მხრიდან. ჰოდა, ამ დისკში ბოლო სიმღერაა ჰერიო ბიჭებო, რომელშიც ჯერ ისმის საარქივო ჩანაწერი ჯანსუღ კახიძის გენიალური შესრულებით, მერე კი მღერის ნატო და მასთან ერთად ულამაზესი, ნატიფი და სულში ჩამწვდომი ხმით მამუკა ღაღანიძე, რომლის მონაწილეობაც ჩვენს ჩანაწერში თავად კომპოზიტორმა მოისურვა და შემოგვთავაზა. მე მაშინ გავიცანი მამუკა და ძალიან შემიყვარდა. მერე გია ყანჩელმა დაწერა კლასიკური ნაწარმოები პატარა იმბერი, რომლის პრემიერა ინგლისში გაიმართა ჩემი დირიჟორობით, მამუკას სოლო ვოკალითა და ბრიტანული ორკესტრით. მალევე დაინტერესდა ნაწარმოებით  ECM, ინგლისშივე ჩაიწერა და გამოიცა. მამუკასთან ერთად მოგვიანებითაც შევასრულეთ ეს ნაწარმოები, რომელიც აგვისტოს ომში დაღუპული გმირების მშობლებს მიეძღვნა. ეს გულმოკლული ადამიანები თავად ესწრებოდნენ საღამოს და ასეთი ემოციური კონცერტი არც კი მახსოვს ოდესმე თუ მქონოდეს კიდევ... 

დღეს გავიგე, რომ მამუკა ღაღანიძე, რომელიც ადრეულ ასაკში გერმანიაში გადასახლდა (ანსამბლ შინ-ის სოლისტი გახლდათ) გარდაიცვალა. ძალიან ახალგაზრდა... ვერ მოერია მომაკვდინებელ სენს, იბრძოლა, იბრძოლა და მაინც ნაადრევად დატოვა ეს სამყარო. 

ნათელში იყოს მისი სული, რომელიც ყველაზე კარგად იკითხება მის ბგერაში, რადგან დარწმუნებული ვარ, ადამიანის ხმის ჟღერადობა ყველაზე ზუსტად ასახავს მის შინაგან ბუნებას და სულიერ სამყაროს. მამუკას ბგერა კი იყო ღვთიური და ძალიან, ძალიან კეთილი. მიყვარდა, მიყვარს და მეყვარება ჩემი სიცოცხლის ბოლო წუთამდე... 

„პრაიმტაიმთან“ მამუკას იხსენებს გიორგი სუხიტაშვილი. მათ რამდენიმე თვის წინ ახალი პროექტი დაუგეგმავთ... 

გიორგი სუხიტაშვილი: - რამდენიმე წლის წინ გავიგე, რომ პრობლემა ჰქონდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, მოხდა ის, რაც მოხდა. ბოლოს მუკისთან აქტიური მიმოწერა თვეების წინ მქონდა. დუეტის გაკეთება გვინდოდა, იდეები გავცვალეთ... ძალიან მაგარი ადამიანი დავკარგეთ. მაღალი რანგის პროფესიონალი. მსოფლიო დონის პერკუსიონისტი. ჩვენს თანამედროვეობაში მან პირველმა შემოიტანა ის ინსტრუმენტები, რომელიც მერე დამკვიდრდა. ქართულ მუსიკაში მამუკას შემოტანილია მაგალითად - გახონი და ბევრი სხვა ინსტრუმენტი. 

ჩვენ სცენაზე გვითანამშრომლომია. ძალიან კომფორტული ადამიანი წავიდა, უნიკალური ხმის პატრონი, მანერული შესრულების, იუმორით - ყველაფრით. მოკი ბრენდი იყო, როგორც ურთიერთობაში, ისე მუსიკაში. შესრულების საოცარი იდენტობა ჰქონდა, მილიონ კაცში რომ გამოარჩევ, აი, ისეთი. ეს ყველას არ შეუძლია. რთული იქნება მამუკას შეცვლა. მძიმეა ეს ბიჭებისთვის. დათუნიკა სხირტლაძის გარდაცვალებაც ძალიან განვიცადეთ. ასე დაემართა „შინს“ და ქართულ სცენას. ჩვენ არ გვყავს ბევრი ასეთი არტისტი. 

სამწუხაროა, რომ მუკი დღეს ჩვენთან აღარ არის. ბოლომდე ერთგული იყო მუსიკის, ქვეყნის და იმ იდენტობის, რომელიც ჩვენ გვაქვს. „შინს“ და ოჯახს ვუთანაგრძნობ. ეს დიდი დანაკარგია ბევრი მიმართულებით.

The Shin (შინი) — ქართული ჯაზ და ფიუჟენ ჯგუფი. ჩამოყალიბდა გერმანიაში, 1998 წელს. მასში შედიან: ზაზა მიმინოშვილი (გიტარები, ფანდური), ზურაბ გაგნიძე (ბას-გიტარა, ვოკალი) და მამუკა ღაღანიძე (ვოკალი, პერკუსია). ჯგუფის მუსიკა ითავსებს ქართული ხალხური მუსიკის ელემენტებს, ჯაზს, პოლიფონიურ ვოკალებს, ფლამენკოსა და ფიუჟენს.

 

ავტორი: თამარ გონგაძე