დაცდის მიზეზი აღარ მაქვს, უკან არ დავიხევ - ზაზა სარალიძე სკოლის დირექტორის პასუხისმგებლობაზე

11:48 08-12-2019
24448

სკოლის ადმინისტრაციამ დამალა ის დოკუმენტები, რომლებშიც მშობლები სკოლიდან სუბელიანის შვილის გადაყვანას ითხოვდნენ - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამამ, ზაზა სარალიძემ „ალიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„მაშინ როცა ჩემს შვილს ლანძღავდნენ, ბულინგში ადანაშაულებდნენ, სკოლა ჩუმად იყო. სკოლა ჩუმად იყო მაშინაც, როცა ბავშვებმა პირველი ჩვენებები დახიეს, როცა საქმე გაყალბდა, მეტიც ბავშვებიც ყველანი ჩუმად არიან, სიმართლე ის არის, რომ გაწირეს ჩემი მოკლული შვილი და ცოცხლად დარჩენილი მკვლელები არჩიეს, გაწირეს ჩემი სოფლელი, ჩემი უბრალო ბიჭი და მდიდარი ქალაქელების მკვლელი შვილები არჩიეს. მე დავაცადე სკოლის დირექტორს, ჩემი შვილის კლასის გამოსაშვები წელიც ჩაეტარებინა, დავაცადე, მიეყვანა ეს ბავშვები ბოლომდე, გაესტუმრებინა - ახლა მიზეზი აღარ მაქვს დაცდის. საპარლამენტო კომისიამ ხომ დაინახა სკოლის დირექტორის პასუხისმგებლობა? მანდატურის პასუხისმგებლობა? მაშინ, როცა ჩემი შვილის მკვლელების დასაჭერად ვიბრძვი, მე არ უნდა მჭირდებოდეს სკოლის დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება. აგერაა განათლების სამინისტრო, შსს და პროკურატურა. თუმცა, თუ მაინც მე უნდა მომიწიოს ამ საკითხზე ბრძოლა - არც მე დავიხევ უკან“, - აცხადებს სარალიძე.

ზაზა სარალიძის შვილი და კიდევ ერთი მოზარდი 2017 წლის დეკემბერში ხორავს ქუჩაზე სასიკვდილოდ დაჭრეს. ჭრილობების შედეგად, ორივე მოზარდი დაიღუპა.