ახალი სასწავლო წლიდან პირველკლასელები საჩუქრად განახლებულ „ნეთბუქებს“ მიიღებენ

21:56 08-10-2019

ახალი სასწავლო წლიდან საჯარო სკოლების ყველა პირველკლასელი საჩუქრად განახლებულ და გაძლიერებულ „ნეთბუქს“ მიიღებს, რაც მათ სწავლა-სწავლების პროცესში საინფორმაციო და ტექნიკური უნარ-ჩვევების განვითარებაში დაეხმარება. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, ზოგადი განათლების მიმართულებით ტექნოლოგიების განვითარება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.

„სწორედ ამიტომ, სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, გაეძლიერებინა ძველი „ბუქები“, რომლებიც რეფორმით დაანონსებული სწავლების სტანდარტებს ვეღარ პასუხობდა. ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეები როგორც ტექნიკური მახასიათებლებით, ასევე განახლებული პროგრამებით აღჭურვილი კომპიუტერებით ისწავლიან“- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომპიუტერები „მაიკროსოფტ 365-ის“ ლიცენზირებული პროგრამებითაა უზრუნველყოფილი. ასევე გაორმაგდა მყარი დისკისა და ოპერატიული მეხსიერების მოცულობა, რაც უფრო მეტი პროგრამის ინსტალაციისა და გაორმაგებული სიჩქარით მუშაობის საშუალებას მისცემს მოსწავლეებს.

განათლების სამინისტროს ცნობით, ამ დროისთვის, ყველა საჯარო სკოლა ჩართულია უსაფრთხო ინტერნეტის ერთიან საგანმანათლებლო ქსელში. წლის ბოლომდე კი, თბილისსა და რეგიონებში 400 სკოლა დამატებით უსადენო ინტერნეტით იქნება აღჭურვილი.