ვინ გახსნა თემირლან მაჩალიკაშვილის სახელობის წყარო ბანგლადეშში – ორგანიზაციის ხელმძღვანელს ინტერპოლი ეძებს

20:59 08-06-2019
2402

რამდენიმე დღის წინ მალხაზ მაჩალიკაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბანგლადეშის დასახლება ბალუხალიში თემირლან მაჩალიკაშვილის სახელობის წყარო გაიხსნა. იქვე გამოაქვეყნა ფოტო, რომლითაც ცნობილი ხდება, რომ ეს სახელობითი წყარო ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ „The living heart association for relief and education” გახსნა.

„ბანგლადეშს და სხვა წყლით მოწყურებულ ქვეყნებში თემირლანის სახელზე წყაროები იხსნება რამოდენიმე ასეული მეტრის სიღრმიდან. ამასობაში საქართველოს ხელისუფლება უმოწყალოდ, სასტიკად, ღალატით, მუხანათურად, შეცდომით მოკლულ და მერე რაღაც უბედურებაში დადანაშაულებულ, თავიანთი შვილების გადასარჩენად  თემირლანის სახელით და დღემდე პასუხგაუცემელ დანაშაულის მიუხედავად თემირლანის ოჯახს და მის გარემოცვას ყველა სისხლის და წყლის წვეთს აშრობენ. იმედს ვიტოვებ ალაჰის ძალით ეს ასე არ ჩაივლის. დაი, ალაჰის საჩუქარი იყოს ის წყარო ყოველი წყლით მოწყურებულთათვის“, – დაწერა მალხაზ მაჩალიკაშვილმა სოციალურ ქსელში. 

„პრაიმტაიმი“ დაინტერესდა, თუ რა საქმიანობას ეწევა ორგანიზაცია, რომელმაც ბანგლადეშში თემირლანის სახელზე წყარო გახსნა. ბუნებრივად გაჩნდა კითხვა – რა საერთო აქვს ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე მყოფ დასახლება ბალუხალის და ზემოხსენებულ ჰუმანიტარულ ორგანიზაციას თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალებასთან? 

მოკლედ, ორგანიზაცია „The living heart association for relief and education”–ის შესახებ ცნობები არსებობს, როგორც ქართულ, ისე დასავლურ და რუსულ წყაროებში.  ამ ინფორმაციების დიდი ნაწილი ღია და საჯაროა, მიუხედავად იმისა, რომ თავად ორგანიზაციის სახელი გარკვეულწილად კონსპირაცულ საქმიანობასთან ასოცირდება და გავრცელებული ცნობებით, ქველმოქედების საფარქვეშ რეალურად ტერორიზმის დაფინანსებას ეწევა. 

ოფიციალურად, ჰუმანიტარული ორგანიზაცია „The living heart association for relief and education” მსოფლიოს მასშტაბით, განსაკუთრებით კონფლიქტურ რეგიონებში (ერაყი, სირია, აზიისა და აფრიკის ქვეყნები) მცხოვრები და იქიდან დევნილი მუსულმანების საყოფაცხოვრებო, სოციალური და საგანმანათლებლო საკითხების მოგვარებითაა დაკავებული. ორგანიზაციის ანგარიშებზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ირიცხება თანხები, რომელიც კონკრეტულ ღონისძიებებს ხმარდება. ამ ფონდების ერთ–ერთ მიმართულებას სწორედ ჭების გახსნა და მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგება წარმოადგენს, თუმცა ორგანიზაცია და მისი ხელმძღვანელი არაერთხელ მოექცა მედიის ყურადღების ცენტრში ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირის გამო.

2013 წელს გავლენიანმა ამერიკულმა ორგანიზაცია „ჯეიმსთაუნის კვლევისა და ანალიზის ფონდმა“ გამოაქვეყნა რეპორტი, სადაც აღწერილი იყო, თუ რას შეიძლებოდა მოეხდინა გარდამტეხი გავლენა ბოსტონის ცნობილი ტერაქტის შემოქმედის, ტამერლან ცარნაევის რადიკალიზაციაში. „ჯეიმსთაუნის ფონდის“ ინფორმაციით, ტერაქტამდე ცოტა ხნით ადრე, კერძოდ 2012 წელს ცარნაევი იმყოფებოდა მახაჩკალაში, სადაც კოტროვის სალიფატურ მეჩეთში ესწრებოდა აბუ უმარ სასიტლინსკის ლექციას.

სწორედ აღნიშნული პიროვნება ხელმძღვანელობს ორგანიზაციას – „The living heart association for relief and education”, რომელმაც ბანგლადეშში მაჩალიკაშვილის სახელობის წყარო გახსნა.

„პრაიმტაიმმა“ ჩეჩნურ დიასპორაში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით გაარკვია, რომ ისრაილ ახმედნაბიევს, იგივე აბუ უმარ სასიტლინსკის  ახლო ურთიერთობა ჰქონდა „ისლამური სახელმწიფოს“ გავლენიან ლიდერ თარხან ბათირაშვილთან და უშუალოდ აფინანსებდა მის დაჯგუფებას „ჯეიშ ალ მუჰაჯირონ ვალ ანსარის“, სადაც პანკისის ხეობიდან წასული რამდენიმე ახალგაზრდაც იბრძოდა. ამავე წყაროს ცნობით, 2011 წელს ახმედნაბიევი ზუსტად იმ დროს ჩამოვიდა საქართველოში, როდესაც აქ აჰმედ ჩატაევი იმყოფებოდა. მან ქვეყანა იმავე წლის 1–ელ მაისს, სწორედ აჰმედ ჩატაევთან ერთად დატოვა. ტელეკომპანია „იმედის“ ცნობით, ჩატაევს მაჩალიკაშვილების ოჯახთან ნათესაური კავშირი ჰქონდა, შესაბამისად, მათ იმთავითვე უნდა სცოდნოდათ ინფორმაცია ზემოხსენებული ჰუმანიტარული ორგანიზაციის შესახებ. 

ჩეჩნურ დიასპორაში ასევე იხსენებენ ისრაილ ახმედნაბიევის (აბუ უმარ სასიტლინსკი) შეხვედრას სოფელ ჯოყოლოს ყოფილ იმამთან, აიუფ ბორჩაშვილთან, რომელსაც 2016 წელს ტერორიზმის ბრალდებით თბილისის საქალაქო სასამართლომ 14 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.  გამოძიების ვერსიით, ბორჩაშვილი ფულის შეთავაზებითა და სხვადასხვა ხერხებით პანკისში ახალგაზრდების გადაბირებას ახდენდა და აგზავნიდა  სირიაში, „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში საბრძოლველად.

ისრაილ ახმედნაბიევი, იგივე აბუ უმარ სასიტლინსკი 1980 წლის 13 სექტემბერს დაღესტანში დაიბადა. ჰყავს ოთხი ცოლი და 18 შვილი. 2000 წელს სასწავლებლად გაემგზავრა სირიაში. დამასკოში დაამთავრა ასპირანტურა, შარიათის მოსამართლის სპეციალობით. დაღესტანში დაბრუნების შემდეგ სასიტლინსკიმ ჰუმანიტარული და საქველმოქმედო საქმიანობა დაიწყო და ამასთან ეწეოდა, აქტიურ რელიგიურ ქადაგებებს.

2013 წლიდან ექსტრემისტულ და ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირის გამო რუსეთის სპეცსამსახურების ყურადღების ცენტრში მოექცა, რის გამოც რუსეთის ტერიტორია დატოვა და თავი თურქეთს შეაფარა. ბოლო სამი წლის განმავლობაში კი ის აფრიკის რესპუბლიკა ნიგერიაში ცხოვრობს. ყველასთვის ცნობილია, რომ ამ ქვეყანაში მოქმედებს თავისი სისასტიკით გამორჩეული ტერორისტული ორგანიზაცია „ბოკო ჰარამი“, რომელსაც ერთგულების ფიცი აქვს მიცემული „ისლამური სახელმწიფოსთვის“.

სასიტლინსკის წინააღმდეგ რუსეთის უშიშროებამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ტერორიზმის დაფინანსებისა და ტერორისულ ორგანიზაციებთან კავშირის ბრალდებით. გამოძიების მტკიცებით, სასიტლინსკი საკუთარ ფონდებში რუსეთის მთელს ტერიტორიაზე დიდი თანხების აკუმულირებას ახდენდა, რომელსაც შემდგომ „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებს უგზავნიდა. ბრალდების წარდგენის შემდეგ რუსეთმა მასზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.

2018 წელს მოსკოვში, ჩეჩნეთში, დაღესტანსა და ინგუშეთში მასშტაბური ანტიტერორისტული სპეცოპერაცია ჩატარდა, სადაც ასევე სასიტლინსკის სახელმა გაიჟღერა. სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში მყოფი შვიდი პირი, რომლებმაც, გამოძიების ინფორმაციით, ტერორისტული ორგანიზაციის მებრძოლებს 38 მილიონი რუბლი შეუგროვეს. ამ საქმის შესახებ „რია ნოვოსტის“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ:

„საზღვარგარეთ მიმალვაში მყოფმა, რადიკალური ისლამის მიმდევარმა ახმედნაბიევმა (აბუ უმარ სასიტლინსკი, რომელიც საერთაშორისო ძებნაში იმყოფება ტერორიზმისა და ტერორიზმის დაფინანსების ბრალდებით) ორგანიზება გაუწია ქველმოქმედების საფარქვეშ მომუშავე, მასშტაბური კონსპირაციული ქსელის შექმნას, რომლის მიზანი ტერორისტების დაფინანსება იყო. წყარომ დაღესტანის სამართალდამცავი ორგანოებიდან „რია ნოვოსტის“ განუცხადა, რომ თანხები ირიცხებოდა აფრიკაში ჭების (წყაროების) მშენებლობისთვის. დამნაშავეები ათავსებდნენ საბანკო ბარათების და საგადასახადო სისტემების რეკვიზიტებს სოციალურ ქსელებში და ინტერნეტ-მესენჯერების ჩატებში, სადაც მომხმარებლები მიზანმიმართულ იდეოლოგიურ დამუშავებას გადიოდნენ. ასევე, მეჩეთების მშენებლობის და ღარიბი მუსლიმებისთვის დახმარების საბაბით, ე.წ. საქველმოქმედო ფონდები იღებდნენ, ანაღდებდნენ და შეგროვებულ თანხებს ტერორისტებს გადასცემდნენ“.

რამდენიმე თვის წინ „ეფესბემ“ ასევე დააკავა ჩრდილოეთ ოსეთის მკვიდრი გეორგი გუევი, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებს დიდი ოდენობით თანხებს უგზავნიდა. ამ გზავნილების მიმღებთა შორის ასევე აღმოჩნდა ისრაილ ახმედნაბიევი, იგივე აბუ უმარ სასიტლინსკი. 

სოციალურ ქსელში მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ გამოქვეყნებული ზემოხსენებული პოსტი კიდევ ერთხელ გახდა აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი. გაჩნდა კითხვა - როგორ გავიდა მალხაზ მაჩალიკაშვილი იმ ორგანიზაციის კვალზე, რომლის ხელმძღვანელის მიმართ ტერორიზმის დაფინანსებისა და გავლენიან ტერორისტებთან კავშირის ბრალდებით საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული? მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ ორგანიზაციის წარმომადგენლები მის ოჯახს თავად დაუკავშირდნენ და ბანგლადეშში თემირლანის წყაროს გახსნისთვის ნებართვა ითხოვეს. ამ ლოგიკით, გამოდის, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე ჰუმანიტარული საქმიანობის ეგიდით მოქმედი ორგანიზაციისთვის სულ ერთი არ არის, რადგან სახელობით წყაროებს, როგორც წესი, შემთხვევით ადამიანებს არ უხსნიან. და რაში მდგომარეობს ამ ორგანიზაციისთვის თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის მნიშვნელობა?

ცნობილია, რომ 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მძიმედ დაიჭრა და რამდენიმე დღეში საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამ სპეცოპერაციის დროს სამართალდამცავებმა ტერორიზმთან კავშირის ბრალდებით კიდევ რამდენიმე ადგილობრივი აიყვანეს. მათ კვალზე გამოძიება 2017 წლის 21 ნოემბერს, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული მასშტაბური ანტიტერორისტული ოპერაციის შემდეგ გავიდა. ოფიციალური ინფორაციით, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სამართალდამცავებმა ტერორისტული დაჯგუფება გაანეტრიალეს, მათ შორის საერთაშორისო ტერორიზმის შავ სიაში მყოფი აჰმედ ჩატაევი, რომელმაც შტურმის დროს თავი აიფეთქა. საგამოძიებო ორგანოების ცნობით, სწორედ ჩატაევის კუთვნილი ელექტრონულ მოწყობილობებში აღმოჩნდა მტკიცებულებები, რომელიც  ტერორიზმში მხილებული პირებისა და 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის კავშირზე მიუთითებდა, მათ შორის ცნობილი გახდა, რომ ჩატაევის დაჯგუფების წარმომადგენლები თბილისში, კალაუბნის ქუჩაზე ნაქირავებ ბინაში სამი თვის განმავლობაში თემირლანთან ერთად ცხოვრობდნენ.