Ecxlusive ჩვენ დაკარგულები არ ვართ, 25 წლის შემდეგ საქართველოში ოჯახთან ვარ - რეზო ბაქრაძის ყოფილი სტუდენტი

19:51 08-06-2019
82

პრაიმტაიმმა“ რამდენიმე დღის წინ ექსკლუზიური ინტერვიუ გამოაქვეყნა რეზო ბაქრაძის ყოფილს სტუდენტთან. ახლა, იმავე სტატიაში დაანონსებულ გაგრძელებას გთავაზობთ.  

1994 წლის ზაფხულში ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორმა რეზო ბაქრაძემ ოჯახთან და 33 სტუდენტთან ერთად საქართველოს საზღვარი დატოვა.

მას შემდეგ 25 წელი გავიდა და საქართველოში რეზო ბაქრაძის იგივე თეოფილე მალაქიას ერთდერთი სტუდენტი გოჩა ჩაჩანიძე იგივე ჯონი ბაკურაძე დაბრუნდა. ის ერთადერთია, ვინც მზად არის საზოგადოებას პასუხი ყველა კითხვაზე გასცეს.

„პრაიმტაიმი“ მკითხველს ამ ექსკლუზიური ინტერვიუს მეორე ნაწილს სთავაზობს.

ალბათ, თითოეულ მოქალაქეს, რომელსაც ეს ბურუსით მოცული ისტორია აინტერესებს და თვალყურს ადევნებს ამ დრომდე მედიაში გავრცელებულ სხვადასხვა ინფორმაციებს შენიშნავდა, რომ  ბაქრაძის ყოფილი სტუდენტები სოციალურ ქსელში შეცვლილი გვარ-სახელებით რეგისტრირდებიან... ასეა გოჩა ჩაჩანიძეც, მან ფსევდონიმად ჯონი ბაკურაძე შეარჩია.

width=600

გოჩა ჩაჩანიძე:

- როცა ჩავთვალე, რომ ჩემში სხვა პიროვნებამ გაიღვიძა, როცა ჩემში დავამარცხე ის მანკიერებები, რომლებიც არ მომწონდა და ქრისტეს სიყვარულმა მოიცვა ჩემი გონება, მაშინ დავირქვი ჯონი ბაკურაძე.

- რატომ მაინცდამაინც ბაკურაძე?

- კანადაში ყველა ერთად ვისხედით და ვარჩევდი, რა ამეღო ფსევდონიმად. რეზო ბაქრაძემ იგივე თეოფილე მალაქიამ თავისი ბებიის გვარი - ბაკურაძე მირჩია. მეც მომეწონა და ასე გავხდი ჯონი ბაკურაძე.

- როგორ ცხოვრობთ კანადაში?

- ჩვენ ხშირად ვიკრიბებით, ძირითადად დაბადების დღეებზე. აღდგომასა და შობას აღვნიშნავთ. ვცდილობთ ასეთ დღეები ერთად გავატაროთ. იქ ძალიან დატვირთულები ვართ, ყველა ვინც ვართ ჩვენი ჯგუფიდან, შემდგარი და წარმატებულია. უმეტესობას სამთავრობო სამსახურებში დასაქმებულები არიან. მალაქია კი, ერთ-ერთ საუკეთესო და მოთხოვნად ხელოვნებათმცოდნედ ითვლება, ის როგორც ექსპერტი ისე მუშაობს, აქვს კანადური პენსიაც. ამდენი წლის შემდეგაც კი, რაც საქართველო დატოვა რეზო ბაქრაძეს უცხოური კერძი არ მიურთმევია, დღემდე ქართულ კერძებს მიირთმევს, უყვარს კარგი ღვინოც. ვცდილობთ, ჩვენს კანადაში დაბადებულ შვილებს ქართული ენა კარგად ვასწავლოთ, რადგან მიგვაჩნია, რომ ყველა ენა უფლის შექმნილია და ამას განსაკუთრებით ახლა დიდ ყურადღებას ვუთმობთ რადგან ფილოსოფიიდან ბიბლიაზე გადავედით და სრულიად შეცვლილია ჩვენი მსოფლმხედველობა.

- სტუდენტებმა რატომ გაწყვიტეს მშობლებთან კონტაქტი და რატომ გაავრცელეს ვიდეო მიმართვა, სადაც შეურაცხყოფას აყენებდნენ დედ-მამას?

- ვერ დაგეთანხმებით, რომ შეურაცხყოფას აყენებენ, მაგრამ ცალკეულ შემთხვევები იყო, როცა მშობლები ცდილობდნენ შვილების ფინანსები აქეთ გადმოექაჩათ. ის კი არ იციან, რაოდენ რთული და ძვირია იქ თავის დამკვიდრება. პარალელურად, ვინც კანადაში ოჯახი შექმნა, შვილები ჰყავთ გასაზრდელი, იქ საკმაოდ სოლიდური თანხა სჭირდებათ.  მშობლებთან და ახლობლებთან კონტაქტი იმიტომ გაწყვიტეს, რომ სენტიმენტებისგან და ნოსტალგიისგან გათავისუფლებულიყვნენ. ამას არავინ აძალებდა არავის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რეზო ბაქრაძე სასტიკი წინააღმდეგი იყო მშობლებთან კონტაქტის გაწყვეტის. პირადად მე, ძმებიც მყავდა ჩაყვანილი კანადაში და მშობლებიც, არც არასოდეს გამიწყვეტია მათთან კონტაქტი თუ არ ჩავთვლით ერთ-ერთ შემთხვევას...

width=600

მედია და ბაქრაძის ჯგუფი

ჯონი ბაკურაძე ამ დრომდე გამოქვეყნებულ სტატიებსა და სიუჟეტებს ეხმაურება. 

- მედია ყოველთვის ცდილობდა მონსტრი შეექმნა ბაქრაძისგან და ჩვენ გვეძახდნენ ზომბებს. ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ რეზო სექტის ჩამოსაყალიბებლად წავიდა სტუდენტებთან ერთად, აბრალებდნენ ათას სისაძაგლეს. მომზადდა სიუჟეტები „დაკარგულების“, „გაუჩინარებულების“ და ათასი სხვა სახელით. ჩვენ დაკარგულები არ ვართ, ვარსებობთ და აქ ვართ. ამ დღეებში შევხვდები თითოეულ მშობელს. ჩვენგან გაყიდვად სკანდალს ქმნიან და არავინ საუბრობს სიმართლეს. არც კანადაში შეგვხმიანებია ვინმე ინფორმაციის გადასამოწმებლად და არც მშობლები მოუკითხავთ საქართველოში - აღარ წერენ, რომ უკვე ყველას კონტაქტი აქვს თავის მშობელთან.

გარკვეული პერიოდი მეც არ მქონდა დედ-მამასთან ურთიერთობა დეზინფორმაციის წყალობით.  ჩემი მშობლებიც ჟურნალისტის დაგებულ მახეს წამოეგნენ. ისე მოხდა, რომ ჟურნალისტმა მათ მოატყუა, რომ თუ დედ-მამა იტყოდა კამერების წინ, რომ მე მათთან არ ვკონტაქტობ და არ იციან როგორ და სად ვარ, მაშინ დანარჩენები იძულებულები გახდებიან დაურეკონ თავიანთ მშობლებსო. სოლიდარობა გამოხატეს ჩემმა დედ-მამამ და ასე თქვეს. იმდენად მეწყინა, რომ დავურეკე და ვუთხარი, თუ მე თქვენ დაგკარგეთ, ასე იყოს-მეთქი და დაახლოებით ერთი წელი აღარ შევხმიანებივარ...

width=600

ბევრმა რეიტინგისთვის გამოგვიყენა, ბევრმა სკანდალისთვის. საჯარო პასუხებისგან ყოველთვის თავს იკავებს რეზო ბაქრაძე. ახლა, აქ რომ ვზივარ და ინტერვიუს გაძლევთ, ამის წინააღმდეგიცაა. მას მიაჩნია, რომ არაფერი უნდა დაამტკიცოს, რადგან ჭეშმარიტება სიცხადეშია... 

- თქვენ ამბობთ, რომ რეზო ბაქრაძე არაფერს გიკრძალავთ. თუმცა, მედიაში გამოჩნდა მისი ყოფილი სტუდენტი დალი ყარაულაშვილი, რომელმაც თქვა, რომ ქალაქ სტამბულში პირველმა ბაქრაძე მან შეიფარა და დახმარების ხელი გაუწოდა. ერთხელაც ნახა, რომ საწოლზე წამოწოლილ რეზოს აქეთ-იქიდან ახალგაზრდა სტუდენტი გოგოები ესხდნენ, თავი ჰარამხანაში მეგონაო, ამბობდა...

- მის სიტყვებში ერთი მარცვალიც კი არაა სიმართლე. დალი უბრალოდ გაბრაზებულია, ბატონმა თეოფილემ არ წაიყვანა კანადაში და რადგანაც ის დატოვა, ბრაზს ვერ ერევა და იგონებს მსგავს დაუჯერებელ ისტორიებს. კიდევ ვიმეორებ მის სიტყვებში არაფერია სიმართლე. გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება კი სირცხვილია, რასაც ქართული მედია ავრცელებს.

- რატომ წახვედით, რა იყო ამის მიზანი?

- მე ჩემს საქმეებზე წავედი. აქ დავხიე პარტიის ბილეთი, რადგან რაიკომის მდივნები და ის ჩინოვნიკები, რომლებიც გვასწავლიდნენ როგორ უნდა გვეცხოვრა, თავად არღვევდნენ ადამიანურ წესებს. მაშინ სტუდენტი ვიყავი. პარტიაში კი იმიტომ მივედი, რომ გარკვეული თანამდებობის დაკავება მინდოდა. როცა გავაცნობიერე ეს სიბინძურეები, უარი ვთქვი პარტიულობაზე. ეს დაპატიმრებას ნიშნავდა. ამასობაში თურქეთში წავედი კალათბურთის სათამაშოდ. 4 წლის შემდეგ დიდი ხვეწნით ბაქრაძე ჩამოვიდა სტუდენტებთან ერთად. ჩვენ საბჭოთა საქართველოს გავექეცით. ძმათა ომს გავერიდეთ. თურქეთიდან პოლიტიკური დევნილის სტატუსის მოსაპოვებლად ვიბრძოლეთ. ჯერ იყო ავსტრალია, მერე - კანადა. ამ ქვეყნებმა შეგვიფარეს, ჩვენ ბაქრაძეს განათლების მისაღებად გავყევით. ის ნამდვილი ინტელექტუალია. ასე, რომ ჩვენ დაკარგულები არ ვართ, მე აქ ვარ, ჩემი პაპის სახლში, დედასთან და ოჯახთან ერთად, საქართველოში...   

ავტორი: თამარ ბუჩუკური

ავტორი: თამარ ბუჩუკური