რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი განმარტავს, რატომ მიმართა პროკურატურას

17:36 08-02-2019
68

„პროკურატურას მივმართე პირველ რიგში იმიტომ, რომ არიდებული იქნეს ახალი დირექტორის პასუხისმგებლობა. მეორე, დადგინდეს რეალური მიზეზი, რატომ არის ასეთი მდგომარეობა კომპანიაში“ , - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ განაცხადა. 

„გახსოვთ ჩემი ზეპირი განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ კომპანიაში დაგვხვდა ძალიან მძიმე ვითარება, რაც არალოგიკური იყო და ეს, ბრალდებოდა ხშირ შემთხვევაში ყადაღებს, რომელიც ჩვენ გამოვიყენეთ. 

იმისთვის, რომ მე, როგორც ახალ მოსულ დირექტორს მქონოდა შესაძლებლობა გავრკვეულიყავი ყველაფერში და უფრო სწორად, დავიწყე გარკვევა დეტალებში, გამოჩნდა ისეთი საკითხები, რამაც შეიძლება მიგვიყვანოს დანაშაულამდე, დანაშაულის ნიშნებამდე.

ამიტომ, ჩავთვალე ვალდებულად თავი, რომ ზოგადი განცხადება ამასთან დაკავშირებით,  შესაძლოა არსებობდეს. იმიტომ,  რომ სხვაგვარად დანაშაულის დაფარავა შეიძლება დაკვალიფიცირდეს. ასეთ შემთხვევაში, როგორც წესი ხდება ახალი დირექტორის მიერ განცხადებით მიმართვა სამართალდამცავი ორგანოებისთვის. პირველ რიგში იმიტომ, რომ არიდებული იქნეს ახალი დირექტორის პასუხისმგებლობა. მეორე, დადგინდეს რეალური მიზეზი, რატომ არის ასეთი მდგომარეობა კომპანიაში“, - განაცხადა პაატა სალიამ.

რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, პაატა სალია აღნიშნავს, რომ ის ტელევიზიიდან არავის გაშვებას არ გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2“-ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა, ტელეკომპანიის ფინანსური მდგომარეობის შესწავლის თხოვნით განცხადება პროკურატურაში შეიტანა. პაატა სალია აცხადებს, რომ რუსთავი 2-ში მას მძიმე ფინანსური მდგომარეობა დახვდა. სალია არ გამორიცხავს, რომ გამოიკვეთოს ხელმძღვანელი პირების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.