დავით კეზერაშვილის ახალი ტელევიზიის ბორდს დავით ტყეშელაშვილი უხელმძღვანელებს

00:20 08-02-2019
148

მას შემდეგ, რაც თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა ტელევიზიის გახსნა დააანონსა, ბევრი ვერსია გაჩნდა იმის შესახებ, ვის ვიხილავთ არხზე. კეზერაშვილი ამბობს, რომ ტელევიზიას ბორდი, იგივე სამეურვეო საბჭო ეყოლება.

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ბორდს დავით ტყეშელაშვილი უხელმძღვანელებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს, ტყეშელაშვილი დეპუტატი, შემდეგ კი 4 სამინისტროს ხელმძღვანელი პირი იყო. უფრო კონკრეტულად:

2006 წელს დაინიშნა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრად;

2007 წლის აგვისტოდან იყო საქართველოს ჯანმრთელობის მინისტრი;

2008 წლის იანვრიდან იყო სახელმწიფო მინისტრი რეგიონული მართვის საკითხებში;

2009 წელს სათავეში ჩაუდგა ახლად შექმნილ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს;

2010 წლის ივნისიდან ხელმძღვანელობდა საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციას.

დავით ტყეშელაშვილი ამჟამად აშშ-ში ცხოვრობს.

რაც შეეხება ახალი ტელევიზიის სხვა  კადრებს: ტელევიზიის დირექტორად „ტაბულას“ რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი მოიაზრება.

უკვე ცნობილია, რომ „რუსთავი 2“ დატოვა არხის პოლიტიკური და დღის გადაცემების პროდიუსერმა გიორგი ლაფერაშვილმა, რომელიც „ფორმულა კრეატივის“ ახალი ტელევიზიის გუნდში მოიაზრება.

დადასტურებულია ინფორმაცია, რომ სწორედ „ფორმულა კრეატივთან“ ერთად ქმნის ახალ ტელევიზიას ყოფილი თავდაცვის მინისტრი,  დავით კეზერაშვილი.

სავარაუდოდ, ახალ არხზე ვიხილავთ სერიალ „ჩცდ“-ს, რომელიც „ფორმულა კრეატივის“ პროდუქტია.

გავრცელებული ინფორმაციით, ამავე არხზე გადადის ჟურნალისტი ელისო ჯარიაშვილი, რომელიც ამჟამად ტელეკომპანია „მესამეზე“ მუშაობს.

„პრაიმტაიმმა“ ნანუკა ჟორჟოლიანსაც მიმართა კითხვით, შესაძლოა თუ არა, ისიც ვიხილოთ კეზერაშვილის ტელევიზიაში? როგორც ჟორჟოლიანმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ის ჯერჯერობით „რუსთავი 2“-ზე რჩება და იმ შემთხვევაში, თუ ამ არხიდან წასვლა მოუწევს, ყველა ვარიანტს განიხილავს:

„მე ჯერ ვრჩები რუსთავი 2-ში, ვმუშაობ აქ და ვამბობ, სანამ „რუსთავი 2“-დან არ გამაგდებენ, მანამდე ვარ „რუსთავი 2“-ში. თუ „რუსთავი2“- დან გამაგდებენ, მერე უკვე, რა თქმა უნდა, ჩემს თავს განვიხილავ ყველგან“- ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი „პრაიმტაიმთან“.