ზვიად კუპრავა დააკავეს იმიტომ, რომ მას ყურებიანი ქუდი არ ეხურა- ზაალ უდუმაშვილი

12:07 08-01-2019
101

დღეს მოსამართლემ დაუშვა უმძიმესი და ქვეყნისთვის ძალიან მძიმე პრეცედენტი,- ასე გამოეხმაურა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ზაალ უდუმაშვილი სასამართლოს მიერ ზვიად კუპრავასთვის გამოტანილ განაჩენს.

,,დღეს ჩვენ ვნახეთ, ზვიად კუპრავა დააკავეს იმიტომ, რომ მას ყურებიანი ქუდი არ ეხურა. პრაქტიკულად ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი ადამიანი, სადაც არ უნდა იყოს, ქუჩაში, ავტობუსში, სახლში, რაიმენაირად აუგად რომ მოიხსენიოს მოსამართლე და მერე ამის შესახებ რომ ხმა მიუტანონ სამართალდამცველებს, ყველა ჩვენგანი ციხეში უნდა აღმოჩნდეს. დამისახელეთ ადამიანი, ვისაც ჰქონია შეხება სამართალდამცველ სისტემასთან და არ მოუხსენებია ცოტა აგდებულად, დავუშვათ, ან სამართალდამცველი ან მოსამართლე, - განაცხადა უდუმაშვილი.

შეგახსენებთ, გამოძიების ინფორმაციით, 2018 წლის 11 ივნისს ზვიად კუპრავამ სასამართლოს შენობაში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოსამართლეს, რისთვისაც მას ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით (სასამართლოს უპატივცემულობა). ამისთვის ზვიად კუპრავას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო, იმ მიზნით, რომ თავიდან ყოფილიყო აცილებული ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენა და უზრუნველყოფილიყო სამართალდამცავ ორგანოში/სასამართლოში მისი გამოცხადება.

სასამართლოს უპატივცემულობის შემდეგ, გირაოს ქვეშ მყოფმა ზვიად კუპრავამ, ასევე სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ადვოკატს. აღნიშნული ქმედებისთვის ზვიად კუპრავას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, ვინაიდან მან თავი აარიდა სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას.

გირაოს პირობების დარღვევის - ახალი დანაშაულის შესაძლო ჩადენის, სამართალდამცავ ორგანოში არგამოცხადების, მართლმსაჯულებისთვის თავის არიდების - გამო, სასამართლოს გადაწყვეტილებით მიმდინარე წლის 21 თებერვალს ზვიად კუპრავას გირაო შეეცვალა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით - პატიმრობით. აღსანიშნავია, რომ სასამართლო სხდომა ჩატარდა ზვიად კუპრავას გარეშე, ვინაიდან ბრალდებულმა თავი აარიდა მართლმსაჯულებასაც.