Exclusive „გამხდარი ლელა მომწონს, თუმცა მომატებული უფრო საყვარელია“ - მამულიჩა 50 წლის დივას ცხოვრების დეტალებს ამხელს

13:29 07-31-2019
2555

ლელა წურწუმიამ წონაში ისევ დაიკლო. ვარჯიშობს და სწორ კვებაზეაო, მომღერლის მეუღლე და პროდიუსერი, კახა მამულაშვილი (მამულიჩა) „პრაიმტაიმს“ ლელას ცხოვრების ახალ ეტაპზე უყვება. 50 წლის მომღერალი სოლო კონცერტისთვის ემზადება. ფორმაში ჩადგომის მთავარი მოტივაცია ეს გახლავთ. 4 ოქტომბერს, თბილისობის კვირეულის ფარგლებში, წურწუმია კონცერტს სპორტის სასახლეში გამართავს. ეს იქნება ამ ლოკაციაში მესამე კონცერტი და როგორც „მამულიჩა“ მსმენელს პირდება, სპორტის სასახლეს მესამედაც გადატენის. დავაკვირდი, ლელას მსმენელების ასაკი გაახალგაზრდავდა. შესაძლოა, სწორედ ამიტომაც მან, საკონცერტო პროგრამაში, მისი რეპერტუარის ნაწილის ელექტრონული ვერსიები შეიტანა. არ ჩერდება, მუდმივად ჩანს, ფორმას ინარჩუნებს, ასაკს არ ეპუება... 

კახა მამულაშვილი: - კარგად დაიკლო, საგრძნობლად, ინტენსიურად ვარჯიშობს, სწორ კვებაზეა, ოღონდ არა იმ მომაკვდინებელ დიეტაზე, ადრე რომ იყო. ღამით აღარ ჭამს. მაქსიმალურად ფორმაში უნდა იყოს საკონცერტოდ. 

- მოგწონს გამხდარი ლელა?

- მომწონს, თუმცა მომატებული წონით უფრო საყვარელია. მასაც ვეუბნები, ცოტა რომ იმატებ ძალიან საყვარელი ხდები-მეთქი, და ასე უფრო სხვანაირად მომწონს (იცინის). 

- რას ამზადებთ 4 ოქტომბრისთვის?

- რამდენიმე სიმღერის ელექტრონულ ვერსიაზე მუშაობს და დიჯეებთან ელექტრონულ დუო დუეტებს შემოგვთავაზებს. Holy Moly - ასე ჰქვია დიჯეების დუეტს, ვისთან ერთადაც ვიხილავთ ლელას სპორტის სასახლის კონცერტზე. ბევრი სიმღერა ბენდთან - „ნონსტოპთან“ ერთად შესრულდება. რამდენიმე მუსიკოსი დაემატება, დუდუკები გაიჟღერს... გვექნება ქორეოგრაფიული ნომრები - თეა დარჩიას ცეკვის სახელოსნო თედასთან ვთანამშრომლობთ. ცხადია იქნება კოსტიუმირებული შოუ. სცენოგრაფიაზე ვანო ჭელიძე იმუშავებს. დამდგმელი რეჟისორი ლელას მეჯვარე, დავით დოიაშვილია. იქნება კარგი ჟღერადობა, ას კილოვატიანი აპარატურით.  

ლელა ამ დღეებში ლილიკო ნემსაძის ახალ სიმღერას ჩაწერს, რომელზეც კლიპის გადაღებას გეგმავს. კლიპის რეჟისორი ნესტან სინჯიკაშვილი იქნება. ძველი გვარდია ისევ შეიკრიბება და საინტერესოა, რას შემოგვთავაზებს. „ნონსტოპთან“ ერთად კლავიშის პარტია პაპუნა შარიქაძემ ჩაწერა. სარეკლამო რგოლზე ნიკა ლომიძე იმუშავებს. 

როგორც „მამულიჩა“ ამბობს, ეს იქნება განსხვავებული შოუ. 

„ქარხანაში გვინდოდა, მაგრამ უფრო ელექტრონული კონცერტებისთვის არის განკუთვნილი. სხვადასხვა ვერსიას განვიხილავდით, მაგრამ ჩემი სტიქია მაინც სპორტის სასახლე და ფილარმონიაა. ლელას ძალებში დარწმუნებული ვარ, მისი არმია იზრდება და იზრდება. მადლობა მათ. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მაგარი შოუ დავდოთ. იქნება სიურპრიზები, დუეტები... მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ბილეთი ხელმისაწვდომი ფასის იყოს ყველა ადამიანისთვის. ვეცდებით ბილეთები 10-დან მაქსიმუმ 30 ლარამდე ღირდეს. გპირდებით, რომ სპორტის სასახლეს მესამედაც გადავტენით“ - ამბობს კახა. 

- კახა, რითი განსხვავდება 50 წლის ლელა წლების წინანდელი ლელასგან?

- დიდი განსხვავება არ არის, ეგაა დიდი გამოცდილება ემატება. ლელა ბევრისთვის სტიმულია, რადგანაც არ ჩერდება, მუდმივად ახლის ძიებაშია. მე მგონია, 50 წლის ლელა ახალგაზრდა მომღერლებისთვის სტიმული უნდა იყოს. ვცდილობთ, აქტუალურები ვიყოთ და მაყურებელს სიახლეები შევთავაზოთ.

- როგორ მოგწონს როგორც წამყვანი?

- ძალიან მომწონს. ვფიქრობ, პოზიტიური ადამიანია. მაყურებელს მოსწონს. წამყვანობა რთულია. შეიძლება პოპულარული იყო, მაგრამ გადაცემა ვერ წაიყვანო. ლელას გამოსდის, ყოველ შემთხვევაში, ჩემი აზრით. მე სიამოვნებით ვუსმენ. 

შენი ხედვით, ლელას ხიბლი რა არის? 

- მოტივაცია და მუდმივი განახლებისკენ სწრაფვა. პროფესიონალია, რაც ყველაზე მთავარია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მიზანდასახულია. 

- მოიხდინა 50 წელი?

- მოიხდინა (იცინის). ვფიქრობ, ყველას უნდა ჰქონდეს იმის სურვილი, რომ ასაკი დაამარცხოს. დღეს ამის ბევრი საშუალებაა. ლელა ბევრისთვის მოტივაციის ობიექტია. სხვისთვის რომ სტიმული და მოტივაცია ხარ, აი, ამიტომ არის ცხოვრება საინტერესო. 

- გატეხილი „ინსტაგრამი“ აღადგინა?

- ჯერ არა და ჯერჯერობით 140 ათასი ფოლოვერი გვყავს დაკარგული. ვმუშაობთ დაბრუნებაზე, ჩავრთეთ სპეციალური ორგანოები. იმედი მაქვს, რომ დავიბრუნებთ. „ინსტაგრამმა“ ლელას გვერდს ლურჯი ნიშანი მიანიჭა. შესაბამისად ამ გვერდის გაყიდვას ის, ვინც გატეხა, ვერ შეძლებს და ვიმედოვნებთ, რომ დავიბრუნებთ. 

 

ავტორი: თამარ გონგაძე