წერილები გალიდან - პუტინისეული „საქართველოს ისტორიის“ საპირისპიროდ

21:12 07-12-2019
1510

„პრაიმტაიმის“ არქივი ინახავს დოკუმენტურ მასალებს, რომელსაც ამ დრომდე დღის სინათლე არ უნახავს და პირველად ახლა გამოქვეყნდება. ვფიქრობთ, რომ მაშინ, როცა რუსეთის პრეზიდენტი საქართველოს ისტორიის ხელახლა გადაწერას ცდილობს, სწორედ ახლაა დრო, ამ ისტორიას ერთად გადავხედოთ.

 

გალელი მემატიანეს დოკუმენტური წერილები

ოკუპირებული აფხაზეთიდან დევნილი ქეთევან ადამია, ომის შემდეგ, გალში პირველად 2013 წელს ჩავიდა. მანამდე, აფხაზურ ამბებს, მაზლის გამოგზავნილი წერილებიდან იგებდა.

74 წლის ინდიკო ლოგუა, რომელიც  2013 წელს გარდაიცვალა,  21 წლის განმავლობაში, ძმისშვილებთან წერილებს ენგურის ხიდიდან ახლობლებს ატანდა... (წერილები ადამიების ოჯახში ინახებოდა). 

აფხაზური გზავნილები ერთგვარი დოკუმენტია, რადგან ყველა მათგანში აფხაზეთში მიმდინარე მოვლენები დეტალურად არის აღწერილი. ეს ინტერვიუც მაშინ ჩავწერეთ. 

ქეთევან ადამია:

-  აფხაზეთის დაცემიდან სამი წელი ზუგდიდში ვცხოვრობდით. 1996 წლიდან თბილისში გადმოვედი, ბავშვები უმაღლეს სასწავლებელში ჩაირიცხნენ და მას შემდეგ ქიმიის ინსტიტუტში ვცხოვრობ. გალში ჩემი მაზლი რამდენჯერმე სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს, მაგრამ მამა-პაპის სახლის მიტოვება ერთი წუთით არ უფიქრია. ომის პერიოდში, გალში ეროვნული გვარდიის მეთაური იყო. ზვიად გამსახურდიასთან ერთად ბუნკერშიც იჯდა. სოხუმის დაცემამდე რამდენიმე დღით ადრე, კოლხური კოშკიდან ზვიადის ნივთები გამოუტანია და გალში შეუნახავს. მოგვიანებით ეს ნივთები პირველ პრეზიდენტს თავად გადასცა...ომიდან ორი წლის შემდეგ, გაეროს წარმომადგენლებმა რომ დაიწყეს გალში შესვლა, მაშინ მივიღეთ მისგან პირველი წერილი. შარშან გარდაიცვალა. ხშირად გვიგზავნიდა შეტყობინებებს. ყველა წერილში ძმისშვილებს სამშობლოს სიყვარულს უნერგავდა და იმედს არასდროს კარგავდა, რომ ჩვენ იქ აუცილებლად დავბრუნდებოდით. აწარმოებდა ყოველდღიურად ჩანაწერებს, ყველა წვრილმანი, რაც აფხაზეთში ხდებოდა ფურცელზე გადაჰქონდა. გვწერდა, საკმაოდ ბევრი მასალა მაქვს დაგროვილიო, მაგრამ ის ჩანაწერები დაიკარგა... მხოლოდ მისი წერილები შემოგვრჩა.

- რამდენჯერმე გადაურჩა სიკვდილსო ამბობთ, რას გწერდათ?

- ბევრჯერ აწამეს, მაგრამ არაფერს  გვწერდა... ნაცნობებისგან ვგებულობდით  ამბებს. ერთხელ სამი აფხაზი ჯარისკაცი მისულა მასთან. საჭმელ-სასმელი მოუთხოვიათ და რაც ჰქონია სახლში, ინდიკოს ყველაფერი გამოუტანია. კარგად რომ შეზარხოშებულან ჯარისკაცებს ერთმანეთში აფხაზურად გადაულაპარაკიათ,  არ მოვიდა ამ ბიძა კაცის სიკვდილის დროო?! ჩემს მაზლს აფხაზური ესმოდა და გაქცეულა. ასე გადაურჩა ერთხელ სიკვდილს. მეორედ ფეხში უსვრიათ და დაჭრილი გაქცევიათ. ერთხელ კიდევ დაუჭერიათ და კბილები ამოუცლიათ. მაშინაც ძლივს გადარჩა...

 

აფხაზური „წერილები“

 ყველა წერილს სათაურად „წერილი“ ეწერა - სხვა არაფერი: (სტილი დაცულია) „ამ ომობანას თამაშის დროს, 1993 წლიდან დღემდე, რუსეთის წამყვანი, სამხედრო და სახელმწიფო ოლიგარქები საკუთარ აგარაკებს ფლობენ აფხაზეთის ტერიტორიაზე: გაგრაში, ახალ ათონში, გუმისთის შესართავთან, ეშერაში, სოხუმში, აგუძერასა და გურლიფშის მიდამოებში. ოცდაათ გენერალს საუკეთესოდ მოწყობილი აგარაკი აქვთ. ხოლო აგარაკების მიწის ფართობი ხუთ ჰექტარზე ნაკლები არცერთს არა აქვს. ხოლო რაც შეეხება აგარაკების შემოღობვას, იგი ქალაქ გალის ტერიტორიიდან გაზიდული რკინის კონსტრუქციით აქვთ შემოღობილი. ლამაზად მოჩუქურთმებული ღობე მოაცილეს სამშობიარო სახლს, „გაზკანტორის“ ეზოს, წვენების ქარხნის ტერიტორიას.

ბრძოლის ველზე დაღუპულთა რიცხვი, შეიძლება ითქვას უმნიშვნელოა იმასთან შედარებით, რამდენიც ომის დამთავრების შემდეგ დახოცეს. სეპარატისტებმა რუსი დამპყობლების დახმარებით გალის ტერიტორიაზე ნამდვილი გენოციდი მოუწყვეს მშვიდობიან მოსახლეობას და ომში დაღუპულთა რიცხვს ათჯერ გადააჭარბა. გალის ტერიტორიაზე, როცა აფხაზები ღამით ატარებდნენ მოსახლეობის ჟლეტით ოპერაციებს, აუცილებლად რუსები მონაწილეობდნენ თავიანთი ტანკებით და „ბრონეტრანსპორტიორებით. განსაკუთრებით 1998 წლის მაისის თვეში „იყოჩაღეს“ რუსის სამშვიდობოდ მოვლენილმა სამხედროებმა და გალის რაიონის ქვედა ზონაში, ნაბაკევში, ოტობაიაში, ფიჩორში, ზემო და ქვემო ბარღეფში, ზუმუშქურში, რეფის ჩათვლით მიწასთან იქნა გასწორებული. როგორც კი ენგურის სანაპიროდან შემოუტიეს, დევნილად გადახვეწილმა პარტიზანებმა, გალის გამგებელმა რუსლან ქიშმარიამ თხოვნით მიმართა გალის N1 საშუალო სკოლაში დისლოცირებულ სატანკო ნაწილის უფროსს, რათა დახმარება გაეწია აფხაზი სეპარატისტებისთვის, თორემ დამარცხება გარდაუვალიაო.  რუსებსაც არ დაუყოვნებიათ და ხუმუშქურის მიმართულებით დაიძრა T-76 ტიპის 12 ტანკი და შვიდი „ბრონე“ ტრანსპორტიორი. შედეგად მსხვერპლთა რიცხვმა 380-ს გადააჭარბა და ადრე გადარჩენილი საცხოვრებელი სახლებიც ზედ მიაყოლეს.

გალში დატრიალებული უბედურების მცირე მონაკვეთია, რაც ამ ფურცელზე დავაფიქსირე. ეს იმიტომ დამჭირდა, რომ აფხაზი სეპარატისტები გალის რაიონში სამუდამოდ დამკვიდრებას არ აპირებენ. არძინბას ვარაუდი ასეთი იყო -  „არც მოსახლეობა და არც საწარმოო დაწესებულებები ჩვენ არ გვჭირდება, მხოლოდ ცარიელი ტერიტორია გვჭირდება ბუფერულ ზონად“ და ახლო ხანებში ყუბანის კაზაკობას მოუხმობდა აქ საცხოვრებლად. ეს იმას ნიშნავდა, რომ მთელს სამუზარყანოს კრასნოდარელებს გადაულოცებდა.  მე არ ვიცი სამომავლოდ თუ რა გეგმებზე ფიქრობენ, მაგრამ... ჩემის აზრით, აფხაზები და მათი მხარდამჭერი რუსი იმპერიალისტები აფხაზეთის აღმოსავლეთ კარიბჭეს, კერძოდ გალის რაიონის ტერიტორიას, ვერა და ვერ ელევიან. ვერ ელევიან იმიტომ, რომ გალის რაიონიდან გააქვთ სიმინდი, ლობიო, თხილი მანდარინი, ფორთოხალი, ლიმონი, ფეიხოა. დღესასწაულების სუფრასაც ამშვენებს გალის რაიონიდან ნაყიდი საქონლის ხორცი, ისიც ვირის ფასად. აფხაზეთის სხვა რაიონები ამ სიმდიდრეს მოკლებულები არიან, ვინაიდან ყველა აფხაზი  მამაკაცი შეიარაღებულია ავტომატებით, მაკაროვის სისტემის რევოლვერებით და გალის რაიონის დაყაჩაღებით და მათი ოჯახებიდან გატანილი პროდუქტებით არჩენენ თავიანთ დაუსაქმებელ ოჯახებს.  გალის ბაზარია გამსაღებელი რუსეთის ტერიტორიიდან შემოტანილი ფქვილისა, შაქრისა, ზეთისა, საპონისა და ამავე დროს თავისუფლად ვაჭრობენ ნარკოტიკული ნივთიერებებითაც. შინაური ფრინველების, ინდაურის, ბატის  ქათამისა და იხვის ფასს თვითონ არეგულირებენ და გლეხი ვალდებულია იმ ფასად მიჰყიდოს აფხაზეთს, რასაც თვითონ დაუწესებენ. ვზივარ სახლში და ვთხზავ ამ წერილს. ხვალ  თბილისში ვაპირებ წასვლას და მამაზეციერს ვეხვეწები, რამენაირად საარჩევნოდ დაკეტილი ენგურის ხიდი ურპობლემოდ გადამალახვინოს.“

2005 წლის 12 იანვარი /ინდიკო ლოგუა/

იმ დღეს ინდიკო ლოგუამ ენგურის ხიდი ვერ გადმოლახა...

     

„დიდხანს ემზადებოდა თემურ ბაბლუანის ფილმში გადასაღებად“

ინდიკო ლოგუას საშუალო განათლება ჰქონდა მიღებული, თუმცა, მისი წიგნიერება აფხაზეთში ლეგენდარული იყო.

„ძალიან უყვარდა კითხვა. სახლში უამრავი წიგნი ჰქონდა. კაცი, რომელსაც საშუალო განათლება ჰქონდა მიღებული, პიესებს წერდა და გალის თეატრში დგამდნენ. შემოქმედი ადამიანი იყო და თვითონაც ხშირად თამაშობდა სპექტაკლებში. როდესაც თემურ ბაბლუანი ფილმ „ძმის“ გადაღებას იწყებდა, სხვადსხვა რეგიონებიდან არაპროფესიონალი მსახიობების შერჩევა დაუწყია. მოგეხსენებათ, ბაბლუანს ფილმში არაპროფესიონალ მსახიობებს ხშირად იღებდა. გალიდან ინდიკო და კიდევ ერთი ადამიანი შეარჩიეს. ერთ-ერთი ეპიზოდური როლი განასახიერა. ინდიკო კარგა ხანს ემზადებოდა ამ როლისთვის. წვერი მოუშვია და რამდენიმე თვით კახეთში წასულა გადაღებებზე. სწორედ იქ გაუცნია ოთარ მეღვინეთუხუცესი, რომელთანაც დამეგობრებულა.  ამის შემდეგ რამდენიმე ფილმში კიდევ გადაიღეს.“

21 წლის შემდეგ...  გალი, სტალინის ქუჩა N87

ადამიების ბინა გალში სტალინის ქუჩაზე იყო. დღეს იქ რამდენიმე ახალმოსახლე ცხოვრობს. ქეთევან ადამია ორ შვილთან ერთად ომის დაწყებისთანავე 1993 წლის 26 სექტემბერს მშობლების სახლში, თაგილონში წამოვიდა.  მისი მეუღლე მებრძოლთა რიგებში ჩაეწერა. რამდენიმე დღის შემდეგ მივიდა ხმა, რომ მეუღლე აფხაზებმა წამებით მოკლეს... ძმა ინდიკომ მიაბარა მიწას... მარადიორობა როცა დაიწყო, ქეთევანმა გალში უკან დაბრუნება გადაწყვიტა ღირებული ნივთების გადასამალად. ფიქრობდა, უკან როცა დაბრუნდები გამომადგებაო. მაშინ სოხუმი დაეცა და ჩვენი მებრძოლები უკან ბრუნდებოდნენ...

ქეთევანი გალში ჩავიდა, უბანი დაცარიელებული დახვდა. იხსენებს: „მეზობლად სახლში ახალგაზრდა ქალი დამხვდა. რისი გატანაც შეიძლებოდა სახლიდან, ყველაფერი ეზოში, ორმოში დავმალეთ“.

მერე შუაღამისას სროლა დაიწყო, ტანკების გუგუნის ხმა სულ უფრო ახლოდან ესმოდათ. „ეზოში ვიდექით, როდესაც გზაზე რამდენიმე კაცი შევნიშნეთ, ნაცნობები აღმოჩნდნენ და მათ გავყევითო“ - იხსენებს ქეთევან ადამია.  

დილით გზად ერთმა ოჯახმა შეიფარა. ხუთი დღე იქ გაჩერდა, მერე ზუგდიდში გადმოვიდა.

„ცენტრალურ მოედანზე აფხაზეთიდან გადმოსული დაბნეული მოსახლეობა იყო შეკრებილი. ერთმანეთს ეძებდნენ ოჯახის წევრები. ჩემი შვილები, ძმა და მისი ოჯახიც იქ ვნახე. ცოცხალი აღარავის ვეგონე. მერე  წვალებით გავზარდე შვილები“.

მერე ბევრი წელი გავიდა, ბევრი მოგონება გაცოცხლდა, ქეთევანს ნოსტალგია სულ უფრო და უფრო უმძაფრდებოდა აფხაზური ცხოვრება თავისას არ იშლიდა, ქეთევანმა 21 წლის შემდეგ მშობლიურ ოკუპირებულ მხარეში დაბრუნება გადაწყვიტა.

გადამაპარეს. მივდიოდი გზაზე და ვეღარ ვცნობდი ვერაფერს. ენგურს გადაღმა რუსული სიო ქროდა. ყველაფერი შეუცვლიათ. არაფერი აღარ მეცნო. ნაბაკევის ცენტრში რომ შევედი, ძლივს ვიცანი, რამდენიმესართულიანი სახლები აუშენებიათ, სკოლის ადგილას კი სამხედრო ბაზა დამხვდა. ცრემლები ღაპაღუპით  ჩამომდიოდა, ღრიალი მინდოდა, მაგრამ ხმას ვერ ვიღებდი. ისედაც ჩუმად ვიყავი შეპარული და ვინმეს უცნაურად რომ მოჩვენობოდა ჩემი საქციელი, მაშინვე იეჭვებდნენ და პრობლემებს შევიქმნიდი... ჩემი მაზლი უკვე გარდაცვლილი იყო. მისი წერილებით ვიცოდი, რომ ჩვენი სახლი, რომელსაც მე და ჩემი მეუღლე მთელი ცხოვრება ვაწყობდით, გადამწვარი იყო. ჩემი მაზლის სახლში მივედი. ერთი კვირა დავრჩი. ამ ხნის განმავლობაში ჩემს სახლთან ერთხელ, რამდენიმე წუთით მოვახერხე მისვლა. ჩვენს სახლებს შორის საგუშაგო დაუდგამთ, გადასვლა სარისკო იყო... საგუშაგოს რომ გავცდი, ხმამაღლა, მოთქმით ვტიროდი. აღარ მესმოდა არაფერი, ვეღარ ვამჩნევდი ვერაფერს. უზარმაზარი სახლიდან მხოლოდ კელდებიღა იყო შემორჩენილი.

უზარმაზარი ეზო, სადაც ათ ტონა ციტრუსს ვკრეფდით, უღრან ტყედ იყო გადაქცეული. რომ არა ინდიკო, კედლებიც აღარ იქნებოდა დარჩენილი. თურმე, ხშირად მიდიოდა ამ ადგილას და მაინც პატრონობდა. მისი დაპატრონების უფლებას არავის აძლევდა. ძმისშვილებს სახლს უნახავდა...“, - უამბობს ქეთევან ადამია.​

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი